თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება
08:28 15-10-2015
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის - ვიცე პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე: "აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად";
"ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება";
"ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა";
"ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით ვაჭრობა საზღვრების გარეშე";
"საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება";
ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები - თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B).
....................................
მინისტრები "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას აფასებენ
10:14 15-10-2015
მინისტრები "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას აფასებენ საქართველოს მთვარობის წევრები თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას აფასებენ. როგორც ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ხსნის შესაძლებობებს ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და, რა თქმა უნდა, ჩინელი პარტნიორებისთვის.
"ზოგადად, აბრეშუმის გზა და სტაბილურობა ამ გზაზე, სტაბილურობა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტში ჩართული ყველა მხარისთვის",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზის ინიციატივა, რომელზეც წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი, ფაქტია, უკვე რეალობად იქცევა და საქართველო ხდება საკვანძო წერტილი.
"ეს აჩენს ძალიან დიდ შესაძლებობებს ვაჭრობის, ეკონომიკის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ფორუმზე წარმოდგენილია მრავალი ქვეყნის მნიშვნელოვანი დელეგაცია.
"მე ვფიქრობ, რომ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკაში, ისევე როგორც შრომის მიმართულებით, ჩვენ გვექნება საშუალება, ახალი პროექტები დავიწყოთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ფორუსთაველის თეატრში ფოურმი უკვე დაიწყო. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.
ბრიუს ენდრიუსი - ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს
14:10 15-10-2015
ბრიუს ენდრიუსი - ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ბრიუს ენდრიუსმა აბრეშუმის გზის მნიშვნლეობაზე ისაუბრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
"უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ არამარტო ყველა იმ სასიკეთო სიახლეებზე, რაც საქართველოში ხდება, არამედ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ვისაუბროთ როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად აქ, საქართველოში და რეალური შესაძლებელია მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს. რეგიონის ყველა ქვეყანას ერთობლივად ეძლევათ შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს", - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა.
...........................................
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში
10:21 15-10-2015
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი გაიხსნა. ფორუმი რუსთაველის თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
"აბრეშუმის გზის ფორუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მასში მონაწილეობთ. საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ეს იყო უნიკალური გზა, რომელიც იქცა კეთილდღეობისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების წყაროდ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ხელს უწყობდა სხვადასხვა ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.დღეს, საყოველთაო კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებით, ჩვენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯს",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ორი კვირის წინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, აღწერა ქართული ოცნება და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
"ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველო არის აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.
"როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.
საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის.
ბოლო დროს თბილისი აქტიურად მონაწილეობს ხსენებული როლის შესრულებაში. დღეისთვის საქართველომ უკვე უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ სხდომას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს ფორუმიც არანაკლებ წარმატებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები.
..........................................
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას
10:43 15-10-2015
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, როგორც აღნიშნა, მისი მიზანია, ყველამ ერთად შეიმუშაონ ამ გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა.
"ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე: ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს დღეს შედეგი მოაქვს, ხოლო ცივილიზაციის ჩვენი ისტორიული გზაჯვარედინი მზად არის, დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი როგორც გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ...
ეს არის ჩვენი პირველი ფორუმი. ჩემი მიზანია, ყველამ შევიმუშაოთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა, რათა მომავალ წელს წარვადგინოთ ანგარიშები ამ გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლის შესახებ.
ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. წინ დიდი სამუშაო გველის. იმედით შევყურებ შემდგომ ფორუმებს, რომლებზეც ხაზგასმული იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლა ნათელი მომავლისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ისინი აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
"არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები.
ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თუმცა მინდა გამოვყო ერთი საკითხი.
დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა ხორციელდება ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და აგრეთვე ჩვენი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. მოვუწოდებ ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ და ჩვენი პოტენციალის ხორცშესასხმელად ახალი გზების მოძიებისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში ველი თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს აბრეშუმის გზის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით", - მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, "აბრეშუმის გზის" ფორუმში ასობით ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს სწორედ ამ გზის დიდ პოტენციალს.
"განსაკუთრებით მინდა მივესალმო აქ მყოფ ყველა ბიზნესლიდერს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ზოგი თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ დისკუსიებში და, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნის მიზანია საინვესტიციო შესაძლებლობების მოსინჯვა. სულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1 000 ადამიანი, რაც ძალიან შთამბეჭდავია ამ ტიპის პირველი ღონისძიებისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის.
ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას.
თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას.
გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
...................................
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა
11:50 15-10-2015
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ხორციელდება, ცხადყოფს პირადად მისი და, ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლის აღიარებას აბრეშუმის გზის აღდგენის ხელშეწყობას.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში. ასევე, მადლობას მოვახსენებ ჩვენს მოწვეულ მომხსენებლებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
.........................................
დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
12:35 15-10-2015
დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს თბილისი მასპინძლობს "აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით.
"მისასალმებელ სიტყვებში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს, მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომელიც განხორციელდება ფორუმის ფარგლებში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ინვესტიციებს ელოდებიან ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
"თქვენ იცით, რომ ვართ საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების და შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ინვესტიციების განხორციელება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება.
"ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსირებისთვის. მათ შორის ეს არის აბრეშუმის გზის ფონდი, ეს არის აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანაორგანიზებისთვის ჩინეთის მთავრობას და ასევე აზიის განვითარების გზას, რომელიც მისი თქმით, ძირითადი სპონსორი იყო.
თემა: "აბრეშუმის გზის" ფორუმი თბილისში
.........................................
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი ღონისძიებაა
13:58 15-10-2015
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარებას, - ასე შეაფასა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ვალერი დილიმ თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნა.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ფორუმში მონაწილეობს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ვალერი დილიც, რომელმაც აბრეშუმის გზის განვითარების საქმეში თბილისის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენ შესანიშნავ ქალაქში, თბილისში ვიმყოფებით აბრეშუმის გზის ფორუმზე. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარებას, რომლის კონცეფცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააჟღერა. აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს ამ კონცეფციის ხორცშესხმისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას შესაბამისი კონკრეტული პროგრამების შემუშავების გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ფორუმი თბილისში ამ პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით ფუნდამენტური იქნება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკების ინტეგრირებას. ეს იქნება ევროპისა, აზიისა და ჩინეთის ეკონომიკების ინტეგრირება და მოდით, ასე ვიტყვი, ეს ინტეგრირება განხორციელდება ლისაბონიდან პეკინამდე ბიშკეკის გავლით. ჩვენს ამჟამად ყირგიზეთში ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და კონკრეტული ქმედებების ეტაპობრივ პროგრამას ვადგენთ, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ზეგავლენას იქონიებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ კონცეფციით გათვალისწინებული საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში ჩვენ უმოკლეს ვადებში შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოსთვისაც ასევე მნიშვნელოვანია - ესაა დროის ფაქტორი. აუცილებელია, ყველაფერი დროულად გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ უკვე დღეს შეიგრძნონ ამ დიდი და დიადი პროექტის, "აბრეშუმის გზის" განხორციელებით მიღებული სარგებელი", - განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა.
...........................................
ლასლო ბარანიაი - ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები იზრდება
13:59 15-10-2015
ლასლო ბარანიაი - ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები იზრდება ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი აცხადებს, რომ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" არის შესაძლებლობა, სადაც სამომავლო გეგმების და პერსპექტივების განხილვა ხდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
"ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან ამჟამად იზრდება ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები და თავად ეკონომიკური პოტენციალი. ფორუმი, ზოგადად, არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ არის ამ ფორუმში და დისკუსიებში მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ ქვეყნებს ესაჭიროებათ ინვესტიციები და ვინაიდან ფორუმზე წარმოდგენილია სახელმწიფო და კერძო ინვესტორები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც, მაგალითად არის ჩვენი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა განვიხილოთ პერსპექტივები, შედეგები და სამომავლო გეგმები", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ.
.................................................................................
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი - ახალი აბრეშუმის გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს
14:03 15-10-2015
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი - ახალი აბრეშუმის გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს, –ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ– ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, ნაჰაიან მუბარაქ ალ –ნაჰაიანი საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
მათივე ინფორმაციით, საპატიო სტუმარს საქართველოს მთავრობის მეთურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალზე იმსჯელეს. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გაგრძელდა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას და საქართველოს წინაშე მდგარ ახალ შესაძლებლობებს.
"ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კოცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი,"–აღნიშნა შეიხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მანვე ნაყოფიერი უწოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ–ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.
http://www.interpressnews.geკიდო დავდევ ხოლმე ახალ ინფორმაციებს....
მაგარია....