თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში განახლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც რუსთაველის თეატრში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტში გარკვეული კორექტირება შევიდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი მალე განახლდება.
"თბილისის შემოვლითი რკინიგზა ფინანსდებოდა ევრობონდებისგან მოზიდული რესურსით და სავარაუდოდ ამავე რესურსით გაგრძელდება ამ პროექტის დაფინანსება. ეს იქნება სუვერენული რესურსით დაფინანსებული პროექტი. შემდგომში, უკვე მომდევნო ეტაპზე, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროექტებზე განხილული იქნას კერძო სექტორთან ერთად კონცესიური მოდელები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ვართ იმ პროცესში, რომ გავზარდოთ ინტერესი საქართველოს შესახებ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მმართველობის ინდექსში, მსოფლიო ბანკის ინდექსში, რომელიც 30 ძალიან მაღალი რეპუტაციის კომპანიის ინდექსების ერთობლიობა გახლავთ, საქართველომ ექვსივე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვნად წაიწია წინ, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის რეალობა და ამის შესახებ ჩვენ ყველას ვაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"შემოვლითი რკინიგზის’’ გახსნა 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებში იგეგმებოდა. მაშინ ,,რკინიგზაში’’ განაცხადეს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტორ კომპანიასთან მთელი რიგი შენიშვნები ჰქონდათ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
პროექტის თანახმად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს. პროექტი შეიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას.
პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 73 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული იქნება ქალაქის განვითარებისთვის.
http://commersant.ge/?m=5&news_id=27971&cat_id=11