მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:
- რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს და ჩვენ არარა გვეკითხვის?
შეკრეს პირი. მოვიდა განთიად ერთი მეფესთანა და მოახსენა: წუხელის მეზმანა მე დიდი მეფე, ინდოთა მპყრობელი, მამათქვენი, მიბრძანა მოხსენება თქვენი. დიდი ვაზირი იხმო: ცოტა საქმე მიც, დავასრულო და მალე გარემცავაქცევო.
მოვიდა მეორე და მოახსენა მანცა იგივე ზმანება და უცხოსა და შვენიერსა ადგილსა ნახვა მამისა მისისა, დათხოვა ვაზირისა და ეგრეთეე გამოშვება.
მესამემან და მეოთხემან იგივე ზმანება თქვეს, ვითა დაედვათ პირი. გაუკვირდა მეფესა და სიქიშპე მათი ვერ აგრძნა. თქვა: «თუცა ერთსა ეთქვა, ტყუვილიმცა იყო. აწ ყოველთა ერთი ჩვენება უნახავთ, მართალ არს უცილოდ».
უხმო ბერი ვაზირი და ყოველივე უთხრა. შეიგნა ვაზირმან, ყოველივე ამხანაგთა ხრიკი იყო, მაგრამ რას იტყოდა? თქმა უარესი იყო. ესე მოახსენა:
- მეფობასა თქვენსა ამას ვევედრები, ჩემსა დასაწვავად სხვათა ხარი, ანუ მუშა არ დაშვრეს. ბედნიერს მეფესა ცოდვილი არ შევეყარო. ორმოცი დღე მაცადე, შეშა და ნივთები მოვამზადო, ფასი ჩემი მივსცე და სიხარულით დიდს მეფესთან წავიდე!
აცადეს ორმოცი დღე. გაანდო ოთხს გულითადს მონათა. მოასხნეს ორნი მთხრელნი მიწისანი. ვაზირის სახლიდამ გარეთ ასპარეზამდინ გახვრიტეს ქალაქი. და ასპარეზში ხვრელი რომ გაიღეს, ზედ შეშა დადგეს მრავალი, მსგავსი ბორცვისა. ბანი ზეჩასაძრომელი უქმნეს.
რა გასრულდა ორმოცი დღე, მოვიდა ვაზირი მეფესთან, მოახსენა:
- მობრძანდეს მეფე, იხილოს დაწვა მონისა თვისისა, რომელი მამასა შენსა თანა მივა!
გავიდა მეფე და ყოველი ერი ჭვრეტად მისა. აღვიდა ვაზირი ზედა შეშასა. შემოაყარეს ნაძენძი, დაასხეს ნავთი და აღუდვეს ცეცხლი.
რა კვამლი ამაღლდა, ვაზირი ხვრელსა ჩაძვრა, ნახვრეტი გაიარა ქვეშე ქალაქისა და მივიდა სახლსა თვისსა. შეშა იგი დაიწვა. ნაცარი დაანიავეს და ვეღარც ძვალი პოვეს. ხვრელი ნაცარმან ამოავსო.
ვაზირმან ოცი დღე შინ დაყო მალვით და მერმე შეიმოსა თეთრი სამოსელი, არგანი ხელში აიღო და განთიად მეფისა კარსა მივიდა. აცნობეს მეფესა მოსლვა მის ვაზირისა. ზე აიჭრა მეფე, გარ გამოვიდა. ყელს მოეჭდო, აკოცებდა და მუნით მოსლვასა გონებდა.
კითხა ამბავი მამისა მისისა, მისვლა და მოსლვა მისი. ვაზირმან სამოთხის ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუვილი შემოშჭევრა, მართლ მართალსა ამჯობინა და მერმე ეს მოახსენა:
- რაც ჩემთან ესაქმებოდა, ყველა აღვასრულე. აწ ეს ოთხნი ვაზირნი იხმო და მაგათაც უფრო მალე გაახლებს, ცოტა საქმე აქვს.
სიზმარს დაუჯერეს, ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მოასხეს ვაზირნი. უბრძანა წასვლა მეფემან. იგი ხრიკი მათ კი არ იცოდეს. ჩაყარეს ცეცხლში და დაიწვნენ. თავიანთ ნაქმარი მათვე გარდახდა.
- ესე არაკი მისთვის მოგახსენე, მამაო სედრაქ, ყოველი კაცი ხარბია, უკანის არამც გამიმტერდენ და მიხრიკონ რამე.
იამა მეფესა ესრეთ სიტყვატკბილობა მისი და უხაროდა. უბრძანა: თუცა დამემორჩილო და წამომყვე, მეფობისა ჩემისა კიდე, რომელიცა მთხოვო, მოგცეო!
თქვა რუქამ არაკი:
ჯოჯოხეთში დაუტევნელი
კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრე უთხრა:
- თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერვინ დაეტიოს!
ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისრევ სამოთხე მისცა მას კაცსა.
ეგე ესეთის გრძნებისა მოქმედია, ესრეთს რასმეს გვითხრობს, მისი ქმნა არ ეგებოდეს და მეფობავე შენი მიიღოს.
Вот так!!!
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------