axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#45977532 · 18 Oct 2015, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა: - ასწიე თავი. კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა: - გერასიმე, სდექ! შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი – აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა… - სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, – განრისხებული მიმზერდა, – ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე. გიჟია, მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე – სერზე ვიდექ. - ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს? მე სერზე ვიდექი. - რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი… ვიდექი მე სერზე. - ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე? სერზე ვიდექი მე. - აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავთი არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, იმართა იმას ჩვენი რაიმე? მე ვიდექი სერზე. - და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი! ვიდექი მე სერზე. - წვიმისას, გერასიმე, – ავალწუნებით ამომცქეროდა, – ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ. სერზე ვიდექი მე. - ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… – და დარცხვენილმა დაამატა, – საშობლოსათვის. – მთლად აირია, – რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა… მაგრამ, მაიძულე… ჰოიი, ავტობუსი – ჭიათურაში ქიმწმენდელი კაცი მელოდება, კოსტუმი უნდა გამომეტანა ჩემი და ის, ლიეპაში, ვინ იცის, როგორ ღელავდნენ, ეგენ ოჯახშიც ედეპეშნათ, ძალიან მაფასებს და გაგიჟდება ცოლი, ამ შალვას, მოცლილს, ხომ ვერ ავყვებოდი, თვალი ავარიდე და, ფრთხილად, კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა, ავი მოლოდინით მხრებაწურულმა ავიარე სერი, ავტობუსს ხელი დავუქნიე, გამიჩერდა და სკამზეც არ ვიყავი ჯერ დამჯდარი, შალვამ თავი შემოჰყო ფანჯარაში და, ასე მეგონა, ბრიყვი, უზრდელი, ერთს გემრიელად შემომაგინებდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სულ სხვა რამ შემძახა: - ნახვამდის, სიმიკოო! ქიმწმენდაში ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი კოსტუმი კოხტად მოვირგე, ტყრუშული შარვალ-ხალათი იქვე ჩავაგდე, მდინარეში, და ზესტაფონამდე ტაქსით მივედი, უკანა სავარძელზე ცოტათი წავუძინე კიდეც. ზესტაფონში მატარებელი დაბარებულივით დამხვდა, და საბოლოოდ მაშინ გამომიკეთდა გუნება, თვითმფრინავში რომ შევედი; თავიდან, ადრე, გამოუცდელს, თვითმფრინავის ძალიან მეშინოდა, მერე ნაკლებად მეშინოდა, მერე შევეჩვიე და სულ აღარ მეშინოდა, მერე კი, პირიქით, მიხაროდა, რადგან თვითმფირნავი – გზაა, ხოლო გზას, გამოზომილ-დაგეგმილს, შედეგი მოაქვს, და ახლა, ამჟამად, საბოლოოდ მაშინ მოვედი ხასიათზე, სიმაღლე რომ ავიღეთ, როცა შესანიშნავ კავკასიონს ზემოდან დავცქერი.
ბოლოთქმის მაგიერ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ. ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…
1978 წელი
|