გვართობენ რა
არჩევნებამდე
* * *
http://daijesti.pia.ge/mobile/show_daijest_news.php?id=37109ბოლო დროს გავრცელებულ კოშმარულ კადრებზე, ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი პოლიტიკური ისლამის საკითხებში, შოთა აფხაიძე, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.
ის საჯაროდ ასახელებს იმ პირის ვინაობას, რომელიც კადრებში მაგიდაზე „დასკოჩილ“ მამაკაცს აუპატიურებს და საკუთარ პოსტს აღნიშნული ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოსაც ურთავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ელვის სისწრაფით გავრცელდა და არაერთმა ადამიანმა გაიზიარა, „ალია“ თავს იკავებს აღნიშნულ ინფორმაციაში ნახსენები პირის დასახელებისგან, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ამ საკითხის გამოძიებას აპირებს.
ვისგან აქვს ინფორმაცია და შეძლებს თუ არა გამოძიებასთან ინფორმაციის დამტკიცებას?
„ალიას“ შოთა აფხაიძე ესაუბრა:
-შენ პირდაპირ ასახელებ, ბოლოს გავრცელებულ მამაკაცის გაუპატიურების კადრებში ასახულ ნიღბიანი პიროვნების ვინაობას. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?
-დავიწყოთ იმით, ეს კადრები აქვს ნანახი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს კადრები გააცნო საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს. იმ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც მსგავსი კადრების გადაღებაში მონაწილეობდა, იყო ამ ყველაფრის ინიციატორი თუ გამაუპატიურებელი და დაკითხვებში მონაწილეობდა – დღემდე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში; საგარეო დაზვერვაში; ანტიტერორისტულ ცენტრში. ახლა რომ დავიწყო სუს-ში კუდ-იდან გადმობარგებული ოფიცრების სახელების და გვარების ჩამოთვლა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.
-კონკრეტულ საკითხზე გადავიდეთ, საიდან გაქვს პოსტში გამოქვეყნებული ინფორმაცია?
-ეს ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა მეგობარმა, რომელიც მუშაობდა საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში. ეს არამარტო ამ პიროვნებამ იცის, ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ ჩხოროწყუში და წალენჯიხაში ჰკითხონ ყველას, ეს ცნობილი ამბავია, რომ „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი ლიდერის ბიძა მუშაობდა კუდ-ში, იყო მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი და ეს გარეწარი, ნაძირალა პიროვნება უშუალოდ კოორდინირებდა ამ პროცესებს...
-ენდობი შენი მეგობრის ნათქვამს? იქნებ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს?
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ პრიოვნების შესახებ იცის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის ჩვეულებრივად აგრძელებდა სუს-ში მუშაობას. უბრალოდ, ამ ადამიანების სამსახურებიდან გაშვება იმიტომ არ მოხდა, რომ მათ, ალბათ, რაღაც მიზნებისთვის იყენებდნენ. მე უბრალოდ არ მესმის, ასეთი ადამიანები როგორ უნდა დადიოდნენ დაუსჯელად? რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის სრული ქაოსი. სააკაშვილის დროს ჩვენ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, დღეს უკვე საქმე გვაქვს გლობალურ დანაშაულთან, რაც დამნაშავე ადამიანების დაუსჯელობაში გამოიხატება. ამაზე მეტი ფაქტები არ ვიცი, რა უნდა იყოს...
-რა ინფორმაცია გაქვს, სად არის დღეს ის პიროვნება, ვისზეც შენ გაქვს საუბარი?
-რამდენადაც მე ვიცი, ეს პიროვნება ბოლოს უკრაინაში იყო გადასული და მეგის ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა, სააკაშვილმა ხომ ოდესის ოლქში თავისი ჯოგი შეკრიბა, ყოფილი „ზონდერები“ და მწამებლები. სავარაუდოდ, ამ პიროვნებამ 6 თვის წინ დატოვა საქართველო და უკრაინაში გადაბარგდა.
კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ვიცი. ქუთაისში, 2011 წლის ივნისში მოხდა ასეთი შემზარავი რამ: სამხარეოს შენობაში მამაკაცის (შეგნებულად არ დავასახელებ მის სახელსა და გვარს) თვალწინ, პოლიციის უფროსის კაბინეტში გააუპატიურეს მისი შვილი და აყურებინეს, რათა მისგან მათთვის სასურველი ჩვენება მიეღოთ. ეს მოხდა უშუალოდ ადეიშვილის დავალებით და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის, რაზეა აქ საუბარი.
საუბარი არის კიდევ შემდეგზე: მეგის ქარდავა მიდიოდა პატრიოტთა ბანაკში, ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელს, გიორგი ავალიანს ავალებდა, დღის განმავლობაში შეერჩია რამდენიმე გოგო ბანაკიდან (არასრულწოვან ბავშვებზე მაქვს საუბარი), თავის სოფელში მთელი ღამის განმავლობაში 3-4 გოგოს იტოვებდნენ და მეგის ქარდავა და ლამის, მთელი კუდ-ის რეგიონის თანამშრომლები ძალადობის გზით ამყარებდნენ მათთან სექსუალურ კავშირებს! რამდენი ასეთი ბავშვი ჰყავთ პატრიოტთა ბანაკში გაუბედურებული, ესეც ბევრმა იცის! ჰკითხონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბიჭებს, რომლებიც იქ, იმ ბანაკებში მუშაობდნენ და ძალიან ბევრი მისცემს ამ ჩვენებას.
-შოთა, ეს არის უმძიმესი ბრალდებები...
-მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ეს ინფორმაცია. როდესაც სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს, როდესაც ვერ აღადგენს კანონიერებას, მაშინ ხალხმა უნდა ავიმაღლოთ ხმა და პასუხი გავცეთ ამ ყველაფერზე! კიდევ ციხეებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: მე-17 საპყრობილე, ლაშა ბრეგვაძე, რომელიც პატიმრების ცოლებთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს, 2013 წელს საბურთალოელმა ბიჭებმა წაიყვანეს და სიკვდილამდე სცემეს იმის გამო, რომ მან თქვა, ერთ-ერთი საბურთალოელის მეუღლესთან დაამყარა სექსუალური კავშირი, მე ამის და ამის ცოლთან დავდიოდი და ეგ რისი კაი ბიჭიაო, იძახდა. შემდეგში ეს ბიჭები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ქსნის კოლონიის უფროსი და მისი ორი რეჟიმის უფროსი ასევე ამყარებდნენ ძალადობის გზით სექსუალურ კავშირს პატიმრების მეუღლეებთან. ასეთი რაღაცები ხდებოდა ასევე მე-6 საპყრობილეშიც და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი.
-უმძიმესი ბრალდებებია... მე ისევ შენს „ფეისბუკის“ პოსტს დავუბრუნდები: თუ შენ წყაროს არ დაასახელებ, ნიღბიანთან დაკავშირებით, სასამართლოსა თუ პროკურატურაში შენი განცხადება მტკიცებულებად არ ჩაითვლება. აქედან გამოდის, რომ ეს იქნება დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაცია. ამაზე რას იტყვი? პროკურატურას დაუსახელებ შენი მეგობრის ვინაობას?
-თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, იმ ადამიანმა რამხელა რისკის ფასად თქვა ეს, ამიტომ მე მის ვინაობას არ დავასახელებ. დღეს ის აღარ მუშაობს სამართალდამცავ სტრუქტურებში, ბელორუსში იმყოფება. მესმის შენი კითხვის პათოსი და ვიტყვი ასეთ რამეს: რა თქმა უნდა, ჩემს კომპეტენციებში არ შედის იმ ვიდეოებზე ექსპერტიზების ჩატარება, მე, როგორც მოქალაქემ, ჩემი ინფორმაციის საფუძველზე მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე, ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო. თუ საჭირო იქნება, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და რაც ვიცი, იმას მოვყვები. რაც შეეხება დანარჩენს – შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მათ იციან და ჩემამდეც იცოდნენ, ვინ არის ნიღბიანი მამაკაცი ვიდეოში, ვინ არის „კასტილებიანი“ და ზეპირად იციან, ვინ იყო მთელი ეს ხროვა. მათ ეს ყველაფერი ნანახი აქვთ, შესწავლილი აქვთ. თუკი მე რაიმეში საჭირო ვიქნები, რა თქმა უნდა, მზად ვარ.
-იმ შემთხვევაში, თუ მოგიწევს შენს მიერ დღეს გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით პროკურატურაში მისვლა და გამოძიება დაინტერესდება ამ საკითხით, თუ შენ ვერ დაამტკიცებ შენს ნათქვამს, ამას ცრუ დასმენა ჰქვია. მამაკაცს ვიდეოში ნიღაბი უკეთია, მისი სახე არ ჩანს, მხოლოდ ორი „ტატუ“ ჩანს მკლავზე...
-დასმენასთან კი არ გვაქვს საქმე, მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის გავაცანი მოქალაქეებს. „ტატუ“ კი არა, სანამ ნიღაბს ჩამოცვამდა ეს პიროვნება, მანამდე მას ერთი 20 კაცი მაინც უყურებდა, ვინც იმ სამალავებთან იყო კავშირში. მათ კარგად იციან ამ პიროვნების ვინაობა. ეს მთელი სამეგრელოსთვის არის ცნობილი. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში გავატარე ჩემი საუკეთესო წლები და ამაყი ვარ, რომ ვებრძოდი ამ ნაძირალას, არაკაცს. მე რასაც ვამბობ, აბსოლუტურად ყველა ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი! დანარჩენს მიხედოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც იცის ყველა პიროვნების სახელი და გვარი. კეთილი ინებონ და ყველა ეს პიროვნება ჩააყუდონ ციხეში. 7 და ცხრა წელი კი არ უნდა მიეცათ მათთვის, ვინც დაიჭირეს, სამუდამოდ უნდა ჩაესვათ ციხეში. ეს იქნებოდა კანონიერება და სამართლიანობის აღდგენა.
-„თავისუფალი ზონა“, ალბათ, დაინტერესდება შენი ამ ინტერვიუთი და შეიძლება სასამართლოს გზით მოგთხოვონ პასუხი.
-რაც უნდათ ის ქნან! ეგ არის ნაძირლების ორგანიზაცია. 2007 წელს „თავისუფალი ზონის“ ის ერთ-ერთი ლიდერი, ვისზეც მე ჩემს პოსტში ვისაუბრე, დათა ახალაიამ და ერეკლე კოდუამ გააგზავნა ევროპაში, ეს ნაძირალა იყო სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც იქ ქართველ ემიგრანტებში დადიოდა და არჩევნების დროს პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა მათზე. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დაემხო, ეს პიროვნება გამოიწვიეს ევროპიდან და აქ ჩამოვიდა. ასეთ ადამიანებს მოქალაქეებმა უნდა გამოუტანონ განაჩენი. პირდაპირ ვაცხადებ: ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
კომენტარისთვის „ალია“ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს დაკავშირდა:
-იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა მეგობარმა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რომელსაც შემდგომში გაასაჯაროებს, მან გამოძიებას, პროკურატურას, სასამართლოს უნდა დაუსახელოს ინფორმაციის წყარო. თუ პიროვნება ასე არ მოიქცევა, ინფორმაცია მტკიცებულებად არ ითვლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება არ დაამტკიცებს მის მიერ მეორე პირის მძიმე დანაშაულში ბრალის დადებას, იმ მეორე პირს შეუძლია მას უჩივლოს და მოითხოვოს პირველი პირის მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ დასმენის მუხლით (ცრუ დასმენა დანაშაულის ჩადენის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის შესაბამისად, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე – ნ.ლ.)
ავტორი: ნინო ლაბარტყავა
წყარო: ალია
This post has been edited by Green Card on 23 Oct 2015, 20:09