
ცნობილი ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი გრემ გრინი (1904-1991) დაიბადა ჰარდპორდშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბერკჰემსტედში, სადაც დაამთავრა კიდეც საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯ ბეილიოლში მიიღო. სწორედ აქ გამოსცა მან ლექსების კრებული. 1926-30 წლებში იყო გაზეთ ''ტაიმის'' რედაქტორის მოადგილე. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-43 წლებში გ. გრინი დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ, სიერა-ლეონეში მუშაობდა, ხოლო 1954 წელს კი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ინდო-ჩინეთსი. დიდი ინგლისელი ჰუმანისტის კალამს მიეკუთვნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი რომანები, როგორებიცაა: ,,წყნარი ამერიკელი'', ,,შიშის უწყება'', ,,ჩვენი კაცი ჰავანაში'', ,,საპატიო კონსული'', ,,ძალაუფლება და დიდება'', ,,მე ინგლისმა შემქმნა'', ,,მოგზაურობა დეიდაჩემთან ერთად'', ,,კაპიტანი და მტერი'', ,,მონსენიორ კიხოტი'', ,,კომედიანტები'' და სხვ.
1966 წელს გრემ გრინი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულ იქნა ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით.
1967 წელს გამოიცა გრინის ნოველების კრებული სახელწოდებით: ,,შეიძლება ცოტა ხნით წაგართვათ ქმარი?''
სამწერლო ასპარეზზე გრინს აღიარება მოუპოვა რომანმა ,,სტამბოლში მიმავალი მატარებელი''. სულ მწერალს ოცდაატი რომანი აქვს დაწერილი. გარდა ამისა, იგი მთელი რიგი ნოველების, პიესების, საბავშვო წიგნებისა და ესეისტური ცანაწერების ავტორიცაა. მისი რომანების უდიდესი ნაწილი ეკრანიზებულია.
http://en.wikipedia.org/wiki/Graham_Greene