ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ამოსაღებადაც კი საქართველოში გარბის
პოლიტიკა
"ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ამოსაღებადაც კი საქართველოში გარბის" - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ
"ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ამოსაღებადაც კი საქართველოში გარბის" - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ
28-10-2015
"ჩვენ დავამხეთ კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ თქვენ უარესად მოგექცევიან"
ოკუპირებულ აფხაზეთში, ეწ. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიცია და ანქვაბის მხარდამჭერი კავშირი "ამცახარა" რაულ ხაჯიმბას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს. პარტიის მხარდამჭერები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სახლთან შეიკრიბნენ. აფხაზურმა ოპოზიციამ მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას უნდობლობა გამოუცხადა და 21 ოქტომბრის ყრილობაზე მისი გადადგომა მოითხოვა. "ამცახარა" დე ფაქტო ხელისუფლებას ღალატსა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხაჯიმბას პოლიტიკა აფხაზების თვითმყოფადობას ლახავს. ოპოზიცია, ახალ, ე.წ. არჩევნებს ითხოვს და ოპოზიციურ ძალებს უახლოეს დღეებში საერთო სახალხო შეკრებისკენ მოუწოდებს.
თავად ხაჯიმბა კი ე.წ. პოსტის დატოვებას 2019 წლამდე არ აპირებს. მისი თქმით, ის ხალხმა აირჩია და რამდენიმე პარტიის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს.
ხაჯიმბას განცხადებით, ოპოზიციის ულტიმატუმი შედეგს არ გამოიღებს.-
"ახლა ყველამ ერთად უნდა იფიქროს ქვეყნის შენარჩუნებაზე. "ამცახარას" შეკრებაზე ყრილობის მონაწილეებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც არ ჯდება აფხაზური მორალისა და პოლიტიკური კულტურის ნორმებში. ამას არავითარი საერთო არ გააჩნია სახელმწიფოს მშენებლობასთან. უფრო მეტიც, გვაშორებს ჩვენს მიერ დასახულ მიზანს", - ამბობს ხაჯიმბა.
ხაჯიმბას წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს ოპოზიცია, რომელიც ხალხმრავალი აქციებით იმუქრება. ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკით ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაცია "ქალი პოლიტიკაში" ხელმძღვანელი ირინა აგრბა ხაჯიმბას მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს:
- რაულ ხაჯიმბამ მოიგო არჩევნები და ხალხმა მიიღო ის, რათა თავიდან აგვეცილებინა სამოქალაქო დაპისპირება. ეს ძალიან კარგი იყო, რადგან მას მივეცით საკუთარი ოცნებების რეალიზების საშუალება, მაგრამ ახლა ჩვენც ვიცთ, რა შეუძლია და რა - არა, ასევე ისიც, თუ როგორი "მესია" ყოფილა...
მას არ მოსწონდა "ანქვაბის ორშაბათები" და ისიც, როდესაც პრეზიდენტთან მიდიოდა ხალხი მატერიალური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ფულისა და მკურნალობის ხარჯების მოსაგვარებლად. ხაჯიმბას სოციალური გადატრალების მოხდენა უნდოდა ახლა კი, პრეზიდენტის კაბინეტის კარებთან დაცვა დგას.
ჩვენ დავამხეთ კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ
თქვენ უარესად მოგექცევიან. ვინ უშლის ხაჯიმბას ხელს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს?! სოციალურ ქსელებს ანგრევს სახელისუფლო ფსევდოგუნდის ტრაგიკულად დაბალი რეიტინგი. ამათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აფხაზეთს ჰყავს არაკომპეტენტური, უპასუხსმგებლო, უცოდინარი კადრები, რომლებიც ჩემზე უკეთ იცით როგორ მოხვდნენ ამ სავარძლებში... ჩვენთან ნიჰილიზმია გამეფებული, აფხაზეთს დღეს კრიმინალი მართავს. ხაჯიმბამ ვერ შესძლო პრეზიდენტობა, ის მხოლოდ თავისი მომხრეების ხელმძღვანელად დარჩა.
მერაბ ჯოპუა, "ამცახარას" წარმომადგენელი:
- ყოველდღიურად უარესობისკენ მივდივართ. ქვეყანას კრიმინალები მართავენ; ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი; ნარკომანია ლამის აქაური ახალგაზრდების ცხოვრების წესად იქცა. განათლების მოთხოვნა დაიკარგა; კანონი, როგორც ასეთი, არ არსებობს და ამ ყველაფრის შემდეგ, რა საჭიროა ასეთი ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს აკეთებს... ამიტომ უნდა წავიდეს,- დასაკარგი არაფერია, ხაჯიმბას ბრტყელ-ბრტყელი განცხადები, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვუშლით ქვეყნის განვითარებას, არის თვითგადარჩენისთვის ნათქვამი სიტყვები.
პ.ს. არავინ იცის აფხაზეთში მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა, ერთი რამ ფაქტია,- ადგილობრივი პოლიტიკური ექსპერტები ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაპარაკობდნენ, რომ შემოდგომისთვის ვითასრება ისე დამძიმდებოდა, შესაძლოა, ვითარება ხელმძღვანელობის შეცვლამდეც კი მისულიყო...
ლალი პაპასკირი(სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/politic/26956-...-ithkhoven.html