ვფიქრობ ტექსტის წარმომავლობა თქვენი უმრავლეობისთვის უცნობი არ უნდა იყოს,ფრაგმენტებია და ვისაც შეგიძლიათ გონების დაძაბვა,მარტივად გაავლებთ პარალელებს
ეს
ქოცებისთვის:„მკაცრი თანასწორობის დაცვა საკვების განაწილებაში ეწინააღმდეგებოდა ენიმალიზმის პრინციპებს“ - განაცხადა სქუილერმა. ყოველ შემთხვევაში, იგი საკმაოდ ადვილად უმტკიცებდა ცხოველებს, რომ სინამდვილეში ისინი არ განიცდიან საკვების ნაკლებობას, უბრალოდ ამჟამად აუცილებელი შეიქმნა ულუფათა გადანაწილება (სქუილერი ბოლო ხანებში გადანაწილებას იძახდა, არასოდეს დასცდებოდა „შემცირება“). „მაგრამ, - ამტკიცებდა იგი, - ჯოუნსის დროსთან შედარებით უზარმაზარ წინსვლას აქვს ადგილი“. მკივანა ხმით ჩაიკითხავდა ხოლმე ციფრებს და დეტალურად უსაბუთებდა ცხოველებს, რომ მათ მოეპოვებათ მეტი ქერი, მეტი თივა, მეტი ბოსტნეული, ვიდრე ჯოუნსის დროს ჰქონდათ, რომ ისინი ახლა ნაკლებს მუშაობენ, რომ სასმელი წყალი გაცილებით მაღალი ხარისხისა აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, რომ ჩვილთა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო, თავლებში თივის რაოდენობა გაზრდილია და რომ რწყილები ნაკლებს იკბინებიან. ცხოველები ცდილობდნენ ყველაფერი დაეჯერებინათ. კაცმა რომ თქვას აღარც ჯოუნსი ახსოვდათ და აღარც მაშინდელი ყოფა. ის კი, დანამდვილებით იცოდნენ, რომ ამჟამად გასაჭირში იყვნენ, რომ გამუდმებით შიოდათ და სციოდათ და, რომ თუ არ ეძინათ სულ მუშაობდნენ, თუმცა არც იმაში ეპარებოდათ ეჭვი, რომ უწინ უარესად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მაშინ მონები იყვნენ, ახლა კი თავისუფლები არიან, ეს კი ის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლის აღნიშვნაც არასოდეს ავიწყდებოდა სქუილერს.
ეს
ნაცებისთვის:ასეა თუ ისე, „ცხოველების ფერმა“ მდიდრედებოდა, თუმცაღა ეს გამდიდრება არანაირად არ შეხებია მის წევრებს, თუ, რა თქმა უნდა, ღორებსა და ძაღლებს არ მივიღებთ მხედველობაში. შესაძლოა, ამის წყალობითაც იყოს, რომ ეს უკანასკნელნი ასე მომრავლდნენ. თუმცა, ვერც იმას იტყვოდი, რომ ისინი არაფერს აკეთებდნენ.დანარჩენი ცხოველები ძველებურად ცხოვრობდნენ, კვლავაც მშივრები იყვნენ, ჩალის საგებზე ეძინათ, ისევ წყაროს წყალს სვამდნენ, დღედაღამ შრომობდნენ, ზამთარში სიცივე აწუხებდათ, ზაფხულში - რწყილები. ზოგჯერ მოხუცები გონებას ძაბავდნენ, რათა გაეხსენებინათ რევოლუციის პირველი წლები, ჯოუნსი რომ გააძევეს, და შეედარებინათ, მაინც როდის იყო ცხოვრება უკეთესი, მაშინ თუ ახლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ვერაფერს იხსენებდნენ და ამდენად ახლანდელ ცხოვრებასაც ვერაფერს ადარებდნენ, გარდა ციფრებით გავსებული სქუილერის დავთრებისა, რომელთა მიხედვითაც მათი ცხოვრება სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. ასე რომ, ეს პრობლემა გადაუწყვეტელი რჩებოდათ; მით უმეტეს, რომ ასეთ რამეებზე საფიქრელად დროც არ ჰქონდათ. მხოლოდ ბენჯამენი ამტკიცებდა, რომ ახსოვდა თავისი ცხოვრების ყოველი წვრილმანი და რომ არაფერი არასდროს არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს ან ბევრად უკეთ, ან ბევრად უარასად. „შიმშილი, გაჭირვება და გულგატეხილობა ცხოვრების უცვლელ კანონებს წარმოადგენდნენ“, - ამბობდა იგი.
პრინციპში უკვე ორივეს ეხება ესენი
და ბონუსიც:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზაფხულის შუა რიცხვებში „ცხოველების დასახლებაში“ მოულოდნელად კვლავ გამოჩნდა მოსე ყორანი, რომელიც რამდენიმე წელი არავის ენახა. თითქმის არ შეცვლილიყო, კვლავაც არ მუშაობდა და ადრინდელივით „შაქრის მთაზე“ ლაპარაკობდა. ჩამოჯდებოდა ხოლმე კუნძზე, გაატყლაშუნებდა ფრთებს და საათობით ემუსაიფებოდა ყველას, ვინც კი ყურს უგდებდა. „იქ, მეგობრებო, - პირქუშად დაიწყებდა ხოლმე და თავის დიდ შავ ნისკარტს ცისკენ გაიშვერდა, - აი, იქ, იმ შავი ღრუბლების მიღმა, მდებარეობს „შაქრის მთა“. ესაა ბედნიერი ქვეყანა, სადაც ჩვენნაირი ბეჩავნი საუკუნო სასუფეველს ჰპოვებენ!“ მოსე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მისი ყველაზე მაღალი აფრენის დროს მან მიაღწია იმ ქვეყანას და საკუთარი თვალით ნახა სამყურების უკიდეგანო მდელოები და ნამცხვრებითა და შაქარით დახუნძლული ბუჩქები. ბევრს სჯეროდა მისი ნათქვამი. ისინი თვლიდნენ, რომ რადგან ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათი ხვედრი შიმშილი და ჭაპანწყევტაა, განა სამართლიანი იქნებოდა, რომ სადღაც არსებულიყო უკეთესი ქვეყანა?