http://primetimenews.ge/%E1%83%9C%E1%83%90...83%9A%E1%83%98/გაზეთი “პრაიმტაიმი” მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისა და მომღერალ სოსო პავლიაშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ წერს. როგორ და რის სანაცვლოდ ჩაიფარცხა ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობა, რის შეკვეთაშიც გარდაცვლილის ოჯახი პავლიაშვილს ადანაშაულებს?
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადუაშვილის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით სასჯელს სოსო პავლიაშვილის სიძე (დის ქმარი) ვახტანგ ჩხაპელია იხდის. მან წინასწარი გამოძიების დროს ჩვენება სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ მისცა, თუმცა მოულოდნელად სასამართლოში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ პავლიაშვილის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად ალაპარაკეს.
სინამდვილეში კი, როგორც ჩვენი წყარო ყვება, გამოძიების პროცესში ლაშა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ ქვეყანაში პირადად შეხვდა სოსო პავლიაშვილს და მის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეჩერების სანაცვლოდ საკმაოდ დიდი ფული მოსთხოვა. საუბარია 2 მილიონზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, პავლიაშვილი ნაცვლიშვილის შეთავაზებას დასთანხმდა. გარიგებისამებრ, ნაცვლიშვილმა 2 მილიონიც მიიღო და სწორედ ამის შემდეგ შეაცვლევინეს ჩვენება ვახტანგ ჩხაპელიას. გარიგების მიხედვით, ჩხაპელიას უნდა ეთქვა, რომ პროკურატურაში პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ამასთანავე, ნაცვლიშვილმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ე.წ. ზეწოლის ფაქტს არავინ გამოიძიებდა და რეალურად ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ უშუალოდ გაარკვევდა, მართლა განხორციელდა თუ არა ზეწოლა ვახტანგ ჩხაპელიაზე, დღემდე უცნობია, რატომ შეცვალა ჩვენება პავლიაშვილის სიძემ.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის უკან რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი, სოსო პავლიაშვილი დგას. ანტონ ადუაშვილის დედა, ნანა ეფრემიძე ამბობს, რომ პავლიაშვილი და მისი შვილი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და საერთო ბიზნესიც აკავშირებდათ, ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადუაშვილმა მისი კუთვნილი წილის გამოყოფა მოითხოვა. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმეში სწორედ 2 მილიონი ფიგურირებს, ანუ იგივე თანხა, რომელიც, როგორც ჩვენი წყარო გვარწმუნებს, პავლიაშვილმა ლაშა ნაცვლიშვილს ქრთამის სახით გადაუხადა.
„პავლიაშვილმა დიდი ფული ჩაყარა, რომ როგორმე თვითონ გამომძვრალიყო ამ საქმიდან. ჩემი შვილის საქმეს მინიჭებული აქვს შეკვეთილი მკვლელობის სტატუსი. 4 პირი სასჯელს იხდის ფულის სანაცვლოდ დაკვეთილი მკვლელობის განხორციელებაში, მაგრამ დღემდე ოფიციალურად არ არის გამოვლენილი დამკვეთის ვინაობა. ეს ხომ ნონსენსია. თუ დაკვეთა არ ყოფილა, მაშინ ეს ხალხი რისთვის იხდის სასჯელს? მინდა პროკურატურის გენინსპექციამ გაარკვიოს ერთხელ და სამუდამოდ, რა ზეწოლა განხორციელდა ასეთი, რომ „უდანაშაულო“ ხალხმა საკუთარ თავზე აიღო ეს დანაშაული“, – აცხადებს ნანა ეფრემიძე.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციითვე, ცოტა ხნის წინ ლაშა ნაცვლიშვილმა პრაღაში საკმაოდ ძვირად ღირებული სახლი შეიძინა.
“ფაქტია, რომ „ოცნებამ“ ეს ოდიოზური ფიგურა ხელისუფლებიდან ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაუშვა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მასთან დაკავშირებული არაერთი ბურუსით მოცული საქმის გამოძიება პროკურატურაში სრულიად გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს პრაღაში უწყებაც გაუგზავნონ”, – წერს გამოცემა.