"(საპრექიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში) კლინტონი, ვფიქრობ, ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ის უფრო ადვილად დათანხმდება ძალის გამოყენებას. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ამერიკელი ექსპერტი, ჰადსონის ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეიცი, რომელიც ახლახან თბილისში იმყოფებოდა.
მომავალი წლისთვის დაგეგმილ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ვეიცი ამბობს, რომ "ზოგიერთი კანდიდატი რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრია, ითხოვს უკრაინის იარაღით მომარაგებას, საქართველოსთვის ნატოს წევრობის მინიჭებას და ერაყში, აისისთან საბრძოლველად, ჯარის გაგზავნას. სხვები სხვანაირად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ ამერიკის დასწრება უნდა შესუსტდეს, რადგან ეს დიდძალ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.""ახლა რთულია იმის თქმა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს," ასკვნის ვეიცი, რომელსაც "რეზონანსი", გარდა ამერიკის არჩევნებისა, საქართველოზე, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": პირველ რიგში, რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?რიჩარდ ვეიცი: მინდა, მეტი გავიგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ. უნდა გითხრათ, რომ უშუალოდ რუსეთის საკითხების სპეციალისტი გახლავართ, კავკასიას კი მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ...
"რ": როგორც ვიცი, თურქეთზე გაქვთ საკმაოდ საინტერესო პუბლიკაცია.რ.ვ: კი, მაქვს მონოგრაფია თურქეთზე, მაგრამ ის უფრო აშშ-თურქეთის ურთიერთობებს ეძღვნება. მისი წაკითხვა ყველას უფასოდ შეუძლია. კი, მართალია, ამ მხრივ რაღაც სამუშაო გაწეული მაქვს, მაგრამ (სამხრეთ კავკასიის) სამი ქვეყნის საშინაო საქმეების შესახებ უფრო მეტის გაგება მინდა. მცირეოდენი სამუშაოც გამიწევია აზერბაიჯანის, საქართველოსა და ამერიკის ტრილატერალურ ურთიერთობებზე.
თუმცა აქ ჩამოსასვლელად პიროვნული მიზანიც მაქვს. ბოლოს საქართველოში 1986 წელს ვიყავი და, ვფიქრობ, დროა, კიდევ ერთხელ ვნახო, რა ხდება.
"რ": პირველი, რაც თვალში გეცათ, რა ცვლილებაა?რ.ვ: თბილისი ახლა უფრო დასავლეთევროპულ ქალაქს ჰგავს. მეჩვენება, რომ ეს თანამედროვე ევროპული ქალაქია.
"რ": როგორ შეაფასებდით ორი სიტყვით არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
რ.ვ: ცოტა დამაბნეველია. ვფიქრობ, ძალიან მაღალია დაძაბულობის ხარისხი.
"რ": როგორია ამერიკაში დამოკიდებულება ამჟამინდელი მთავრობის მიმართ? შეიცვალა რამე ხელისუფლების ცვლის შემდეგ?რ.ვ: სამოქალაქო და აკადემიურ წრეებში, ასევე კონგრესში არიან ადამიანები, რომლებიც ორი რამით არიან შეშფოთებულნი. პირველი, ეს არის რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა, პრორუსული კურსის გატარება. მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს არ ხდება. ვერ ვხედავთ საქართველოს საგარეო და თავდაცვის კურსის ცვლილებას.
მეორე საკითხი ყოფილი თანამდებობის პირების დატუსაღებას უკავშირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა.
ამასთანავე, ბევრი შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის დახურვის პერსპექტივით.
"რ": რას იტყოდით ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე? ჩვენი თავდაცვის მინისტრი ადრე ძალიან აქტიური იყო, თუმცა ბოლო დროს, ისე ჩანს, თითქოს მან რიტორიკა შეცვალა, უფრო შემგუებლური გახდა.რ.ვ: როგორც უკვე გითხარით, მიუხედავად ზოგიერთის შიშისა, საქართველოს თავისი საგარეო პრიორიტეტები არ შეუცვლია. თუმცა უკრაინისა და სხვა საკითხების გამო, ყველანი ვხვდებით, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფად არ მოხდება. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, საჭიროა თუ არა გაწევრიანების ტრადიციული გზა, ვგულისხმობ მაპ-სა და სხვა პროცედურებს. თუ უმჯობესი იქნება, თუ რაიმე სხვა ფორმატს მოიფიქრებენ. ანუ, ახლა ხდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მიდგომის სრული რეკონფიგურაცია როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირშიც.
ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრი წევრი, სხვადასხვა მიზეზების გამო, გაფართოებას ეწინააღმდეგება. მათ არ სურთ ახალი ვალდებულებების აღება. ამის ერთი მიზეზია ეკონომიკური პრობლემები, მეორეა - რუსეთთან კონფლიქტის შიში. ახლა ევროკავშირი და ნატო იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით ისე, რომ რუსეთის ნეგატიური რეაქცია გამოირიცხოს.
"რ": რას ფიქრობთ უკრაინაზე? საითკენ ვითარდება მოვლენები? მინსკის შეთანხმება მუშაობს?რ.ვ: არ ვფიქრობ, რომ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. ამავე დროს ნათელია, რომ რუსეთი "ნოვოროსიის" პროექტის ხორცშესხმას შეეშვა. ბოლო თვეების მანძილზე ამაზე არაფერი მსმენია. შედეგად, ვფიქრობ, მივიღეთ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, და რუსებმა კარგად იციან, როგორ მოახდინონ ამით მანიპულირება ზეგავლენის ბერკეტების მოპოვების მიზნით.
რუსეთს არ შეუძლია ან არ სურს ამ კონფლიქტებში ერთდროულად ჩაბმა და, შესაძლოა, ახლა მთელი ყურადღება სირიაზე აქვს გადატანილი. შეიძლება ეს სიტუაცია აწყობდეს კიდეც, საბრძოლო მოქმედებების განახლების მუქარით უკრაინა მუდმივად დააშანტაჟოს. მაგალითად, შეაფერხოს ნატოში მისი შესვლა. ასე რომ, მართალია, სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ ის შორსაა იმ შედეგისგან, რაც უკრაინას მისცემდა ხელს.
"რ": ბევრი უკრაინელი შიშობს, რომ ამერიკამ შეიძლება უკრაინა სირიაზე გაცვალოს. შეიძლება ეს არც თუ სერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ რას ეტყოდით ამ ხალხს ეჭვების გასაფანტად?რ.ვ: კი, მეც მსმენია. რუსები ზოგჯერ ისე საუბრობენ, თითქოს კიდევ ერთი იალტის შეთანხმება სურდეთ. გაიხსენეთ, რომ გაეროში გამოსვლისას პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო იალტა. ვფიქრობ, რუსებს გავლენის სფეროებად დაყოფის პოლიტიკის მიმართ გააჩნიათ მიდრეკილება. ზოგჯერ იგივეს გვეუბნებიან-ხოლმე ჩინელებიც - წყნარი ოკეანის აუზის აღმოსავლეთი ჩვენი იყოს, დასავლეთი კი თქვენი, და ამის მერე გადასარევი ურთიერთობები გვექნებაო.
ბევრი მიზეზის გამო, ასეთი მიდგომა ამერიკისთვის მიუღებელია. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებაშიც, კონგრესშიც უკრაინასა და საქართველოს ბევრი მომხრე ჰყავთ და ისინი ამას არ დაუშვებენ.
გარდა ამისა, ფუნდამენტურ დონეზე, ამერიკა და რუსეთი ახლა არ არიან ისეთი სუპერ-სახელმწიფოები, როგორებიც ცივი ომის დროს ამერიკა და საბჭოთა კავშირი იყვნენ. დღეს მსოფლიოში ბევრი ახალი, დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომლებიც ასეთ გარიგებებს არ ცნობენ. ავიღოთ თუნდაც "ისლამური სახელმწიფო". ამიტომ, რუსეთი და ამერიკა ვერ მორიგდებიან, მაგალითად, სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე, რადგან აისისი უბრალოდ მათ არ დაემორჩილება. ვფიქრობ, უკრაინაშიც მსგავსი ვითარებაა.
ასე რომ, ამ ტიპის გარიგებების დადება, რაც თქვენ ახსენეთ, სხვა მომენტები რომ არ გავითვალისწინოთ, არსებითად შეუძლებელია.
საქართველო ახლა იჩაგრება იმ ჩავარდნების გამო, რაც ამ რეგიონში დასავლეთის და სხვა ძალების პოლიტიკას ჰქონდა.
ჩვენ ამ რეგიონში ჯარები უნდა დაგვეტოვებინა. ახლა კი ბევრი ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკა სუსტია. მე ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ახლა ფიქრობს რეგიონში თავისი პოლიტიკის გადასინჯვაზე. ვფიქრობ, (პრეზიდენტის) არჩევნების შემდეგ (2016-ში), ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა პოლიტიკას გაატარებს, რადგან ამჟამინდელმა, როგორც ჩანს, მთლად კარგად ვერ იმუშავა.
"რ": რადგან ამ თემას შეეხეთ, მინდა გკითხოთ თქვენი პროგნოზი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე. რა შანსები აქვთ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს?რ.ვ: ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, დემოკრატების ბანაკში კლინტონი გაიმარჯვებს. ბოლო კვირის განმავლობაში ის ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ტრამპი ბოლო გამოკითხვებით მეორეზეა. ისე, ამ მხრივ ძნელია პროგნოზის გაკეთება.
ზოგიერთი კანდიდატი რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრია, ითხოვს უკრაინის იარაღით მომარაგებას, საქართველოსთვის ნატოს წევრობის მინიჭებას და ერაყში, აისისთან საბრძოლველად, ჯარის გაგზავნას. სხვები სხვანაირად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ ამერიკის დასწრება უნდა შესუსტდეს, რადგან ეს დიდძალ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ახლა რთულია იმის თქმა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს.
კლინტონი, ვფიქრობ, ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ის უფრო ადვილად დათანხმდება ძალის გამოყენებას. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=26896