http://www.ick.ge/articles/24509-i.htmlგურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში 19 წლის ახალგაზრდას კბილები ჩაუმტვრიეს
ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს 19 წლის ლადი ელიკაშვილი საავადმყოფოში. ელიკაშვილს ტუჩზე ჭრილობაც აქვს. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში ცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. „მას შემდეგ რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.- როდის და რატომ დაგაკავეს?– 29 ოქტომბერს დამაკავეს. პოლიციის შენობის ეზოსთან ვიყავით მე, მამაჩემი, მეგობრები. ჩვენი ერთ–ერთი მეგობარი ჰყავდათ პოლიციის შენობაში. ცოლი მოიყვანა და ამასთან დაკავშირებით. დამირეკა, ფანჯარასთან ვარ, დამენახეო. რამდენიმე მეტრით წინ წავიწიე და ისევ უკან გამოვედი, სადაც ვიდექით. 15–20 წუთის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და მალე ჩამოვაო. შენობაში შემიყვანეს, მეორე სართულზე ავედით. კარი როგორც კი გაიღო, მაშინვე მცემეს.
– სადაც შეგიყვანეს, იცოდი ვისი სამუშაო ოთახიც იყო?– არ ვიცოდი. კაბინეტში სანამ შევიდოდი, მანამდე წამაყარეს. კარები როგორც გაიღო მაშინვე გამარტყეს, სამი მუშტი მომხვდა სახეში.
– ვინ დაგარტყა?– სახელი და გვარი არვიცი, სახეზე ყველას ვიცნობ. რომ არ წავქცეულიყავი, იქით წავედი და სავარძელზე დავჯექი. მერე იქ მცემეს. წიხლი, მუშტი, დედა მაგინეს...
– ვინ გცემდა კონკრეტულად?– პოლიციის უფროსი, მისი მოადგილეები დარეჯანაშვილი და მოსულიშვილი. ერთი პირი პოლიციის უფროსის ძმაკაცი, თანამშრომელი არ არის, იმასაც აცემინეს ჩემი თავი. მუშტით და წიხლებით მცემდნენ.
– რა ადგილებში გირტყამდნენ?– ძირითადად თავში.
– რამდენ ხანს გაგრძელდა ცემა პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში?– 10–15 წუთი.
– მაშინ იცოდი, რომ ის პოლიციის უფროსი იყო?– არა, იქამდე სახეზე დანახული მყავდა, მაგრამ არ ვიცოდი, პოლიციის უფროსი თუ იყო.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გადამოწმების მიზნით ლადი ელიკაშვილს შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილის ფოტო აჩვენა. ლადი ელიკაშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად აღნიშნული პირი ცემდა სხვებთან ერთად.
„სინამდვილეში იმიტომ მცემეს და დამაკავეს, რომ ჩემი სიძე, დის ქმარი გურამ ნაცვლიშვილი მუშაობდა გურჯაანის პოლიციაში. უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო ის სამუშაოდ სიღნაღის პოლიციაში გადავიდა. ეუბნებოდნენ, დაბრუნდიო და უარი თქვა. მათ იცოდნენ, რომ მე მისი ცოლის ძმა ვიყავი. ამას ისიც ადასტურებს, რომ როდესაც პოლიციელი რეზო ქადაგიშვილი შემოვიდა პოლიციის უფროსის ოთახში, თქვა, რატომ ისე არ ცემთ, რომ ამისი სისხლი და წივილი სიღნაღამდე ასულიყოო. თან ცემის დროს დამცინოდნენ, სად არის სიღნაღის მაშველი, რატომ არ მოდისო?“, – აღნიშნავს ლადი ელიკაშვილი.
მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას პოლიციის უფროსი მის გვარს აგინებდა. „უცენზურო სიტყვებით მაგინებდა, შენი გვარი, შენი ჯიშიო... ჩვენი სოფლიდან ჩემი მოგვარე არის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და პოლიციის უფროსი ცემის დრო დამყვიროდა, ქურდობა გინდათო. სანამ ელიკაშვილები იქნებით, ჩვენი მოსვენება არ იქნებაო“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.
ცემის შედეგად მან დაზიანებები მიიღო და სისხლი სდიოდა.
„ტუჩი რომ გამიხეთქეს და ორი კბილი ჩამომიტვრიეს, სისხლი დამედინა. შემიყვანეს ტუალეტში, პირი დამაბანინეს, ჩვენებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო. რამდენჯერაც ქუჩაში მანქანით გამოხვალ, ყოველთვის ასეთ დღეში იქნებიო. ცემა რომ დაასრულეს, ვთხოვე, ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ მეთქი. არ მომცეს დარეკვის საშუალება, აი შენი უფლებაო და უხერხულად მიმანიშნა. ამის შემდეგ, შენობის უკანა კარიდან გამიყვანეს, მანქანაში ჩამსვეს და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.
მშობლებმა შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ლადი ელიკაშვილი პოლიციის ეზოდან გაიყვანეს.
ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლადი ელიკაშვილის მოთავსებამდე, იზოლატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა დაკავებულის შემოწმების მიზნით.
ექიმი სამედიცინო ბარათში (N531) მიუთითებს, რომ ლადი ელიკაშვილს აქვს ჭრილობა, დაჟეჟილობა და ტკივილები სახის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველომ 29 ოქტომბერს ლადი ელიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავა. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, ლადი ელიკაშვილმა პოლიციის ეზოში სამართალდამცავების მისამართით გადაიფურთხა, რითაც მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მხარეებს მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და პროცესი რამდენიმე დღით გადადო. 5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ პოლიციის უფროსის მოადგილეები გიორგი დარეჯანაშვილი, შოთა მოსულიშვილი და დეტექტივ გამომძიებელი გოჩა აფციაური. ეს ის პირები არიან, ვისაც ელიკაშვილი ცემაში ადანაშაულებს.
გიორგი დარეჯანაშვილის ჩვენება: „დავაკავეთ წინააღმდეგობის გაწევის გამო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. რამე საქმიანობას არ ვეწეოდით, პოლიციის ეზოში ვიდექით მე, შოთა მოსულიშვილი და აფციაური. ეს ახალგაზრდა ზემოთ ასვლას ცდილობდა. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. გავაბრუნეთ უკან. ისევ შემოვიდა. მესამედ რომ შემოვიდა, შეგვაგინა ისე, რომ გავიგეთ და სამივეს მისამართით მოგვაფურთხა“.
შოთა მოსულიშვილის ჩვენება: „ეზოში ვიდექით. მესამედ რომ შემოვიდა შენობაში შესვლის მიზნით, შეგვაფურთხა. მოვთხოვეთ, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, გახდა აგრესიული, ხელებს იქნევდა და დავაკავეთ“.
გოჩა აფციაურის ჩვენება: „ქვემოთ ვიდექით. მოვიდა და ცდილობდა, პოლიციის შენობაში შესულიყო. შენიშვნა მივეცი, რომ შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა, რადგან საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. მესამედ რომ გავაფრთხილეთ, მოტრიალდა, შეურაცხყოფა მოგვაყენა და მოგვაფურთხა“.
მოწმეები ლადი ელიკაშვილმაც წარადგინა. რამდენიმე მათგანმა ხაზგასმით თქვა, რომ ლადი ელიკაშვილს პოლიციის ეზოში არ გადაუფურთხებია, წინააღმდეგობის გაწევას ადგილი საერთოდ არ ჰქონია და არც გინება გაუგიათ იმის მიუხედავად, რომ შენობიდან 10–15 მეტრში იყვნენ შეკრებილები.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა უპირატესობა პოლიციელებს მიანიჭა, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, სასამართლოს ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს, თუმცა სამართალდარღვევა გადააკვალიფიცირა, ლადი ელიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო 166–ე მუხლით და 100 ლარით დააჯარიმა. ეს გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
ლადი ელიკაშვილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თუმცა ის არ გაუსაჩივრებია და ჯარიმის სახი 100 ლარი გადაიხადა.
მან მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექცია და კახეთის საოლქო პროკურატურას, სადაც ის უკვე დაკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და თუ დანაშაული ან გადაცთომა გამოიკვეთა, ყველა პირი, მითუფრო პოლიციის უფროსი ადეკვატურად დაისჯება.
როგორც გამოვარკვიეთ, შს გურჯაანის სამმართველოში, არც ეზოში და არც შენობაში ვიდეომეთვალყურეობა არ ხორციელდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის სტანდარტია, რომ თუ პირი შედის პოლიციის შენობაში დაზიანებების გარეშე, ხოლო პილიციიდან გამოდის დასახიჩრებული და ხელისუფლება არ ატარებს ეფექტურ გამოძიებას, ეს არის კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევა (წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა).
ლადი ელიკაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდში პოლიციელების, მათ შორის ხელმძღვანელების მხრიდან მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფის ერთადერთი გამოუძიებელი შემთხვევა.
2015 წლის 21 მაისს, გურჯაანის პოლიციაში, სოფელ ვეჯინში მცხოვრები 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ხელებზე ბორკილებდადებული სასტიკად ცემეს. ისიც ტვინის შერყევის დიაგნოზით და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. სტაციონარში ყოფნისას გამომძიებელმა დავით ყოჩიშვილმა მას მუქარის შედეგად მოაწერინა ხელი ჩვენებაზე, სადაც დაწერილი იყო, რომ თითქოს სახლში კიბეზე დაგორდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებები მაშინ მიიღო. როგორც ჭაბუკაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მას ახლო მომავალში იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ჭაბუკა ჭაბუკაძემ პროკურატურას დეტალური ჩვენება მისცა, პოლიციის თანამშრომლები ამხილა, მაგრამ გამოძიება 5 თვის შემდეგაც არ არის დასრულებული.
ინციდენტებში მხილებული ყველა პოლიციელი ამ დრომდე თანამდებობაზეა.--------------------------
რაც მთავარია სისტემა დაინგრა, ნაცები აღარ არიან, სამართლიანობა აღსდგა და ხალხის თავისუფლად სუნთქავს.