გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი.
(ოთარ ჭილაძე)
............................................................................................................................................
წვიმს......
სველი ქუჩები გახვეულან ცისფერ ბურუსში
ლოდინი მომკლავსს....
თავდახრილ ცაცხვთან ვიმეორებ ამ სიტყვებს ხშირად
და ვწუხვრ ღიმილს...
ამ მხიარული ნიღბის ტარებას ნუთუ აქვს ფასი
ადამიანებს არა აქვთ შანსი....
ეხლა ცხოველებს შეუძლიათ მოლხენა, ცეკვა
ადამიანებს აწვიმთ ცრემლები....
წვიმს....
და მარტო ვცურავ მორევში, ცრემლების ზღვაში
მარტოო და სველიი..
სად არინ ნეტავ ჩემი ანგელოზი, ჩემი სიცოცხლის
ერთადერთი მეოხე და მცველი..
ან ჩემი მკვლელი, რომ მიმატოვა ამ თავსხმაში
სევდის ტბის ფსკერზეე..
წვიმს....
წყალი რეცხავს კედლებზე შერჩენილ უხილავ გრძნობებს
სირცხვილს, სიყალბეს..
ალბათ ჩამორეცხს ჩემს წუხილსაც ცივი წვეთები
და წრფელ სიყვარულს უხილავად შეუერთდები.
................................................................................................................................
ოტია იოსელიანი - წვიმს
წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!
................................................................................................................
გიო საჯაია
პოეტი
წვიმს
წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.
წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).
წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.
წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია...
ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.
......................................................................................................................
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
პოეტი
წვიმს უსაათოდ და უსათუოდ ...
წვიმს უსაათოდ და უსათუოდ,
ეს წვიმა ალბათ დილამდე დადებს,
და როგორ არ მსურს გავითავისო,
რომ ვიღაც ღამეს უჩემოდ ათევს.
ასჯერ შორს ვარ და ათასჯერ ახლოს,
ათიათასჯერ მგონი შენში ვარ,
როცა თვალების სიჩუმე მახლავს,
როდესაც თავს ვგრძნობ ღმერთზე შეშლილად.
მოდიან მიწის ანგელოზები,
და ყრუ წვიმასთან აპათიურად,
დგანან და რასაც არ ველოდები,
ჩემს სულში თითებს აფათურებენ.
და მეც ვიხრები ნელა და დუნედ,
საათის ისრის მიმართულებით,
როცა დარტყმული ზურგში დანები,
დრო და დრო წელში იმართებიან.
და ჩვენს შორის და სხვათაშორისაც,
ვუყურებ ქარში წვიმის ქალწულებს,
რომ რამდენადაც გეტრფი შორიდან,
მეც სულ იმდენად ამითვალწუნეს.
მერე ცვივიან თეთრი ფოთლები,
და აგროვებენ ჩემს მხრებზე წვეთებს,
მე სიცივეშიც არ ვიორთქლები,
ზოგჯერ სიზმრები იმდენად მთვლემენ.
წვიმს უნაპიროდ და უპირობოდ,
წვიმა მარილით გაჟღინთავს სიტყვებს,
მინდა წვეთები გადმოვიბირო,
და მათ ნიაღვარს ღმერთამდე მივყვე.
...........................................................................................................................
http://gf.ghn.ge/view.php?post=230......................................................................................................................................
http://mtavari.info/com/news/view/18312.........................................................................................................
This post has been edited by რამაზი on 13 Nov 2015, 19:37