ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა დევალვაციის გზას დაადგა. სწორედ შარშან ნოემბერსა და დეკემბერში მკვეთრად გაუფასურდა საგადასახდელო ბალანსიც. ზოგადად წლის ბოლო ყოველთვის რთული და დაძაბულია. რა იქნება წელს, გამეორდება თუ არა შარშანდელი სცენარი? ამჯერად ანალიტიკოსები, წლის ბოლომდე შედარებით მშვიდ ვითარებას პროგნოზირებენ.
2015 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს წლიურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 2.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან პირველი ცხრა თვის საშუალო ზრდა 2.7%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორმა, რასაც კერძო ინვესტიციებთან ერთად, სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯებიც წაეშველა. ბოლო თვეებში ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო საგარეო დისბალანსის კორექტირებამ, რაც, თავის მხრივ, გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე `რეზონანსთან~ საუბრისას განმარტავს, რომ წლევანდელი ნოემბერ-დეკემბერი შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა დაზღვეული არაფრისგან არის.
"ჩვენ უნდა გადავხედოთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებს. იმ ქვეყნებშიც ანალოგიური პროცესებია. მათი ეროვნული ვალუტებიც არანაკლები მოცულობით გაუფასურდა. თუკი საშუალო შეწონილ კალათას ავიღებთ, გამოდის, რომ ლარის კურსი ამ ქვეყნების ვალუტებთან უფრო მყარია, ვიდრე მანამდე იყო. ამიტომ, არ უნდა ველოდოთ რაიმე მკვეთრ ცვლილებას. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ვითარება შედარებით მშვიდი იქნება", - ამბობს სოსო არჩვაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2015 წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მიმდინარე დონე შენარჩუნდება და 3%-მდე იქნება, ხოლო 2016 წელს ასევე 3%-ის ფარგლებში იმერყევებს.
მოსალოდნელზე მაღალი იყო ინფლაცია 2015 წლის მესამე კვარტალში. სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ ოქტომბერში 5.8% შეადგინა. სებ-ში განმარტავენ, რომ ინფლაციის მატება, ძირითადად, შუალედურმა ხარჯებმა გამოიწვია, რაც უცხოური ვალუტის სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდამ განაპირობა.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია ზომიერად გაიზრდება და 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად შემცირდება და 2016 წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.
"საგარეო ფაქტორების უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დამატებით გავლენას აღარ მოახდენს. ამის საპირისპიროდ, ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება მოსალოდნელზე მაღალი უცხოური ინვესტიციები და კერძო და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება~, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში და დასძენენ, რომ რეგიონში არსებული არასტაბილური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის.
კერძოდ, შეიარაღებული კონფლიქტი და მისი `მემკვიდრეობა~ მძიმე ტვირთად აწვება უკრაინას, რაც ფისკალურ კრიზისში, შემცირებულ მოხმარებასა და ინვესტიციებში ისახება. ასევე კონფლიქტის შედეგები უარყოფითად ზემოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზეც. ამ ქვეყანას დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები, რაც აუარესებს საინვესტიციო განწყობას. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის შემცირებული ფასი კი დამატებით სირთულეებს აჩენს საექსპორტო შემოსავლების კუთხით.
პოლიტიკური ხასიათის რისკი და მერყეობა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის თურქეთსაც, სადაც გაუარესებულია როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს განწყობა. ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული სახსრების კლება აზერბაიჯანის ფისკალურ შემოსავლებსაც ამცირებს, თუმცა იქ სამთავრობო სექტორი მაინც რჩება ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების მთავარ წყაროდ.
2015 წლის პირველ ნახევარში, სომხეთის ეკონომიკაც კვლავ შესუსტებული იყო, რაც სავაჭრო პარტნიორებიდან შემცირებული სავაჭრო შემოსავლების, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ნაკლებობის შედეგია.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ევროზონაში, სადაც ზომიერი გაჯანსაღების ტემპი აღინიშნება, ხოლო საბერძნეთის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა თანდათან იკლებს.
სებ-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად გარკვეული სტაბილიზაციისა, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური პერსპექტივა არ არის იმედის მომცემი. რეგიონის უმრავლეს ქვეყნებში ეროვნული ვალუტა გაუფასურების წნეხი ქვეშაა, რასაც მაღალი ინფლაცია და გამკაცრებული საკრედიტო პირობები ერთვის თან.
სოსო არჩვაძის აზრით, 2015 წელი, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სახარბიელო არ იყო, მომავალი წელი კი უფრო დინამიკური იქნება. თუმცა, გაისად გასათვალისწინებელი იქნება ჩინეთის ფაქტორი. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, იუანის მასშტაბურ დევალვაციაზე. ეს ნიშნავს, რომ საქონელი უფრო გაიაფდება და ამ ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდება.
"ამიტომ ჩინურმა ექსპანსიამ შეიძლება თავისი სიტყვა თქვას მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც",- დასძენს სოსო არჩვაძე.
http://commersant.ge/?m=5&news_id=29177&cat_id=5