თბილისის ქუჩებში ივლისიდან მოსიარულე, ფეთქებადი ნაღმები ივლიან?
http://www.postalioni.com/2015/11/kkk%E1%8...83%A9%E1%83%94/კომფორტული და უსაფრთხო, თუ მოსიარულე და ადვილადფეთქებადი ნაღმები თბილისის ქუჩებში?
თბილისში უამრავი პრობლემაა და ეს უკვე ვიცით, მაგრამ უცნობია ის, რომ წინ კიდევ უარესი გველის. რაზეც ახლა ვისაუბრებთ ფეთქებადი ბომბი, ყოველი ჩვენგანისთვის წარმოქმნილი საფრთხე უფრო არის, ვიდრე პრობლემა. საქმე ეხება ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტს _ ავტობუსებს, რომლებიც მერიამ ისე ლამაზად შეფუთული წარმოგვიდგინა, ივლისის დადგომას და 200 ცალ ავტობუსს, რომელიც, მათივე თქმით, კომფორტულიც იქნება და ეკოლოგიურად უსაფრთხოც, მოუთმენლად ველით.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მერია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც ავტობუსების პარკის ნაწილის განახლებაში (სახელმწიფო გარანტიების არსებობის პირობებში) მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას გვპირდებიან. მოკლედ, მერია აქტიურად რომ ალაპარაკდა შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (ე.წ. CNG) მომუშავე ავტობუსების შემოყვანაზე, ჩვენმა წყარომ, რომელიც თავადაც მერიაში მუშაობს და საკმაოდ ჩახედულია ავტობუსების შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხებში, მეტად საინტერესო და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ინფორმაციები მოგვაწოდა.
საკმაოდ შეგვაშინა იმან, რომ წყაროს ინფორმაციით, თურმე, ასეთი ტიპის ავტობუსებზე უკვე უარი თქვეს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში როგორც საშიშ და ძვირადღირებულ ტრანსპორტზე. CNG-ზე მომუშავე ავტობუსებს საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნა სჭირდებათ. ასევე აუცილებელი ყოფილა, რომ ყველა გარაჟში მოეწყოს გაზგასამართი სადგური, ავტობუსებიდან გაზის გაჟონვის ფაქტის სწრაფად გამოვლენისთვის, ქალაქშიც და გარაჟებშიც უნდა დამონტაჟდეს თერმული კამერები, მოხდეს მძღოლების გადამზადება ასეთი ავტობუსების მართვისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი კი, მრავალმილიონიან ხარჯებთან არის თურმე დაკავშირებული და საბოლოოდ, ის მერიის ბიუჯეტზე და მოსახლეობის ჯიბეზე აისახებაო. ასევე საყურადღებოა, რომ შეკუმშულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები ძალიან სახიფათო ყოფილა სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით
სამხრეთის, ჩვენსავით ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებისთვის და ისინი, ფაქტიურად, წარმოადგენენ ქალაქში მოსიარულე ბომბებსო.
„ევროპის ქვეყნებში, მსგავსი ტიპის ავტობუსებს, დახურულ გარაჟშიც არ აჩერებენ, რათა მისი აფეთქება არ მოხდეს. საქართველოშიც გვაქვს CNG-ზე მომუშავე მსუბუქი ავტომანქანების აფეთქებისა და დაწვის მაგალითები, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, კერძოდ:
როგორც გარაჟები, ასევე ავტობუსის მოძრაობის მთელი მარშრუტები უნდა აღიჭურვოს თერმული კამერებით, რომლებიც დროულად აღმოაჩენს გაზის გაჟონვას და ცეცხლის ალს;
აკრძალულია ასეთი ავტობუსების დახურულ სივრცეში (მაგალითად გარაჟში) დგომა გარდა განსაკუთრებული გადაუდებელი აუცილებლობისა;
არ შეიძლება ასეთი ავტობუსის გრძელ გვირაბში მოძრაობა;
ხიდის ქვეშ გავლისას, მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ გაივლის შეუჩერებლივ და არ მოუწევს საცობში დგომა; მოძრაობის მთელ მარშრუტზე, ავტობუსიდან 3 მეტრის დაშორებით, გვერდებზე არ უნდა არსებობდეს არანაირი ნაგებობა;
ავტობუსის სახურავიდან 3 მეტრის მანძილზე არ უნდა გადადიოდეს არანაირი (განსაკუთრებით ღია) ელექტროკაბელები;
ავტობუსის მოძრაობის მარშრუტებზე (განსაკუთრებით გაჩერებებზე) ავტობუსიდან 7 მეტრ მანძილზე, არ უნდა იდგეს ხეები.
ყველა ეს წესი, მსოფლიოს (მათ შორის ევროპის) სხვადასხვა ქალაქის, სისხლსა და ცრემლზე დაფუძნებული გამოცდილებით არის ნაკარნახები, თუმცა მათი შესრულება, როგორც ხვდებით, სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თბილისის მერია, რატომღაც ამას არ ითვალისწინებს და ამბობს, რომ CNG-ზე მომუშავე ავტობუსები, უფრო იაფია, ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე“-ო.
წყაროს ინფორმაციაში ყველაზე საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ მერიის პასუხისმგებელმა პირებმა, თურმე კვლევა ჩაატარებინეს უცხოურ კომპანიას და უთხრეს, რომ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული, ასევე, გასამართ სადგურებსა და უსაფრთხოების ზომებზე გასაწევი ხარჯები კვლევაში არ შეეტანათ. მიზეზად დასახელებულა ის, რომ ვითომ, ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული იყო, ნაწილს კი ბიზნესმენთა ჯგუფი უსასყიდლოდ გააკეთებსო. წყაროს თქმით, სწორედ ამ ბიზნესმენთა ჯგუფმა გარანტირებულად უნდა მიიღოს კონტრაქტი ავტობუსების გაზით მომარაგების თაობაზე. ეს წინადადება ამ ბიზნესსტრუქტურებისთვის ფანტასტიური შემოსავლის მომტანი იქნება, ხოლო მერიას დანახარჯებს გაუზრდის.
„ამის გამო დაკვეთილ კვლევაში ისე გამოიყვანეს,თითქოს საბოლოოდ, ექსპლუატაციის ხარჯები გაზზე მომუშავე ავტობუსებისა არის ნაკლები, რაც გახლავთ სიცრუე. CNG-ს ავტობუსებს ძრავის კაპიტალური რემონტი ყოველი 250 000 კმ-ის გავლის შემდგომ ესაჭიროებათ, ხოლო დიზელზე მომუშავეებს, ყოველ მილიონ კმ-ზე. საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, CNG-ს ავტობუსების ღირებულება და ექსპლუატაციის ხარჯი ბევრად აღემატება „დიზელ-5″-ზე მომუშავე ავტობუსის ხარჯს!
მეორე საკითხი კი ის კორუფციული გარიგებები და ყბადაღებული ტენდერებია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან მომდინარეობს. ეს მანკიერი მხარეები, შესაძლოა საკუთარ ინტერესებზე მშვენივრად მოირგონ გარკვეულმა ჩინოვნიკებმა. საქმე იმაშია, რომ ავტობუსების შემოყვანით, ისევ ნაციონალების „კარის ბიზნესმენთა“ წრე იხეირებს, რადგან, ამ ადამიანებმა იპოვეს „მისასვლელი გზა“ თბილისის მერიასთან და ამ უწყების მაღალჩინოსნებიც შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შემოტანას უჭერენ მხარს. ეს კი ხდება ბიუჯეტისა და ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე.
2013 წლამდე, ევროპულ ქვეყნებში (და არა მარტო) არსებობდა ერთგვარი ტრენდი, რომ შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები, მიუხედავად მათი სიძვირისა და მაღალი საექსპლუატაციო ხარჯებისა, უნდა ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო, თუცა 2013 წლიდან, ეს ტრენდი შეიცვალა. ამიტომ, ევროპის წამყვანი ოპერატორები და ბუნებრივი აირის ისეთი ტრადიციული ქვეყნებიც, როგორიც არის ყატარი, ისევ ტრადიციულ დიზელის ძრავს ან ჰიბრიდულ აგრეგატებს უბრუნდებიან“-აღნიშნავს წყარო.
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ჩვენც დავინტერესდით ზემოთაღნიშნულ ავტობუსებთან დაკავშირებულ, შესაძლო საფრთხეებით და რამდენიმე მაგალითიც მოვიძიეთ. დავადგინეთ, რომ ე.წ. სასათბურე აირების გამოყოფა შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებში, გაცილებით მეტია, ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მაგალითად შვედეთში, 2012 წელს, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსს მაშინ გაუჩნდა ცეცხლი, როცა მას უკანიდან, ავტობუსის გაჩერებაზე ძალიან დაბალი სიჩქარით, ფაქტიურად მიედო მეორე ავტობუსი. მცირე ზომის შეხებამაც კი მწყობრიდან გამოიყვანა მისი გაზის მიწოდების სისტემა და გამოჟონილი ბუნებრივი აირის გახურებულ ძრავთან შეხების შედეგად მოხდა მყისიერი აალება. საბედნიეროდ, ავტობუსში მხოლოდ 3 მგზავრი იმყოფებოდა და მათ ევაკუაცია დროულად მოახერხეს. მსგავსი ფაქტი მოხდა ბრიუსელშიც, სადაც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსის საწვავის ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა და დაახლოებით 10 მ _იანი ცეცხლის ჭავლის და აფეთქების საშიშროების გამო მეხანძრეები ავტობუსს მანამ ვერ მიეკარნენ, სანამ იგი ბოლომდე არ დაიწვა. საბედნიეროდ ეს შემთხვევა ქალაქის დაუსახლებელ ადგილზე, ერთ-ერთ პარკთან ახლოს მოხდა. ავტობუსშიც ბევრი მგზავრი არ იმყოფებოდა და
ამიტომ, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ინდოეთში, ერთ დღეში, გარაჟში 17 ასეთი ავტობუსი დაიწვა და სრულიად განადგურდა.
ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ დღეს, ყველა ცივილიზებული ქვეყანა, უარს ამბობს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე და ისევ დიზელის საწვავს უბრუნდება. მაშინ რა ხდება ჩვენს დედაქალაქში? ნუთუ ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ინტერნეტ წყაროებით, საკმაოდ ადვილად მოვიძიეთ, დედაქალაქის მესვეურებს არ აქვთ? ვფიქრობთ, რომ აქვთ, მაგრამ მაინც „ნაციონალურ წისქვილს“ ასხამენ წყალს. სადამდე მიგვიყვანს ეს ყოველივე, ძნელი სათქმელია...
This post has been edited by martvileli on 15 Nov 2015, 19:54