IS-ის ყოფილი მებრძოლი: “ ასჯერ დაფიქრდით, სანამ “ისლამური სახელმწიფოს” გზას დაადგებით”
17 ნოემბერი 2015 | 16:04:25 0 387
IS-ის ყოფილი მებრძოლი, დაღესტნელი ალი ისლამოვი, რომელმაც სამშვიდობოზე გასვლა მოახერხა, მკითხველს “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ყოფნის დეტალებს სოციალურ ქსელში აცნობს და მოუწოდებს, ასჯერ დაფიქრდნენ, სანამ IS-ის გზას დაადგებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ტექსტში სპეცსამსახურებთან ურთიერთობის თემა. “აქცენტი” ისლამოვის რუსულენოვანი “პოსტიდან” რიგი ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ:
“უპირველესად, ერთხელ შესული, უკვე ვეღარასოდეს გამოხვალთ. მაშინვე გართმევენ პასპორტს და მას აღარ დაგიბრუნებენ. არადა, “ისლამური სახელმწიფოს” ქალაქებს შორის გადაადგილება დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია და საშვის გარეშე რაქიდან მოსულშიც კი ვერ მოხვდებით, არათუ გახვალთ დაულიდან. ერთხელ, ჯერ კიდევ დაღესტანში ყოფნისას მათი მოწოდებები გავიგონე, “ჩამოდით, თუ არ მოგეწონებათ, შეძლებთ დაბრუნებასო”. ეს ტყუილია: ვერ შეძლებთ! მეორეც, თქვენს მიმართ დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც საზარბაზნე ხორცის მიმართ. ამირები თავისუფლად გიშვებენ უეჭველ და, რაც მთავარია, უაზრო სიკვდილზე, მერე – სხვებს, მერე კიდევ სხვებს და ასე უსასრულოდ. გაიხსენეთ ქობანი: როდესაც ცხადი გახდა, რომ ქალაქს ვეღარ შევინარჩუნებდით, კიდევ დიდხანს აგზავნიდნენ იქ ჩვენი ძმების მთელს ჯგუფებს მედიისთვის რაღაც სურათის შესაქმნელად და დამარცხების მისაჩქმალად. მერე მოიგონეს, თითქოს ქობანი აღებულია. არანაირი სათანადო სამხედრო მომზადება არ წარმოებს, უფრო მეტს დარბიხარ, ან რა მომზადებაა შესაძლებელი ორ-სამ თვეში?! შედეგად არის უდიდესი მსხვერპლი.
http://www.accent.com.ge/ge/news/details/2...%83%97%E2%80%9D