
მიზანი
ჩვენი მიზანია:
- რაგბის მოყვარულთა შორის კავშირების დამყარება-განვითარება;
- რაგბის მოყვარულთათვის რაგბის თამაშის და ვარჯიშის პირობების შექმნა;
- დამწყებთათვის რაგბის თამაშის სწავლება;
- რაგბის ჩემპიონატებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მიღება;
- სამოყვარულო რაგბის პოპულარიზაცია;
- რაგბის განვითარების ხელშეწყობა.
სტრუქტურა
"დევები" არის კლუბის წევრების (დევების) გაერთიანება. 2007 წლის 13 დეკემბერს, კლუბში ირიცხებოდა 57 წევრი. კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანო არის წევრთა საერთო კრება, მიმდინარე საქმეების მართვას კი უზრუნველჰყოფს 10 წევრიანი გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე.
ჩვენ ვართ წმინდა სამოყვარულო კლუბი, რომლის ფუნქციონირება, პირველ რიგში, ჩვენი წევრების ენთუზიაზმს ემყარება.
რას ვაკეთებთ
ამჟამად, ჩვენი ძირითადი ძალისხმევა "დევების" ბრძოლისუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული.
კლუბის ნებისმიერ წევრს და წევრობის მსურველს, ასაკის, სქესის და რაგბული წარსულის განურჩევლად, საშუალება აქვს ჩაერთოს გუნდის პრაქტიკულ, ფიზიკურ და თეორიულ მეცადინეობებში.
ჩვენ, ასევე, მივესალმებით კლუბის წევრთა და გარეშე საზოგადოების ისეთ წამოწყებებს, რომლებიც შეესაბამება კლუბის მიზანს და მზად ვართ ამ წამოწყებებში ჩვენი წვლილის შესატანად.
ისტორია
2005 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, ქარიშხალას მოედანზე, ვაკელი ახალგაზრდები, დათქმულ დროს, რაგბის სათამაშოდ შეიკრიბნენ. ისე, როგორც უბნელი ბიჭები ადრე ფეხბურთის სათამაშოდ იყრიდნენ ხოლმე თავს. თამაშით მაგრად ისიამოვნეს და შეკრების მოთავე ორმა მეგობარმა გადაწყვიტა რომ კვირა დღე აღარ ჩაეგდოთ რაგბის უთამაშებლად და მომავალში იქნებ სამოყვარულო გუნდიც გაეკეთებინათ.
შემდეგი ორი კვირა (1 და 8 იანვრები) კი ჩააგდეს, მაგრამ 15 რიცხვიდან სერიოზულად შეუდგნენ საქმეს. თავდაპირველად კვირის შეკრებებზე ძალიან ცოტა ხალხი, ზოგჯერ 3 კაციც კი, დადიოდა. თუმცა, მალევე იმატა თავისუფალ დროს რაგბის თამაშის მსურველთა რაოდენობამ და გაზაფხულზე ეს ხალხი უკვე კაი სამეგობროს წარმოადგენდა, რომელიც უკვე კვირაში 2-ჯერ თამაშობდა და სხვა დროსაც ხშირად ატარებდა ერთად.
გადაწყდა სამოყვარულო კლუბის დაარსება, მოიგონეს სახელი და 2006 წლის 19 მაისს ოფიციალურად დაფუძნდა "რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები", ინგლისურად - "Amateur Rugby Club "Devebi" (სამოყვარულო რაგბის კლუბი "დევები"). სამოყვარულო კლუბი ნიშნავს, რომ მისი მოთამაშეები (მოყვარულები), სპორტის მოცემულ სახეობაში მატერიალური ინტერესის გამო კი არ არიან ჩაბმული, არამედ მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის.
დაარსების დღიდან დღემდე, დევების ძმობამ, მეგობრობამ და ერთობამ მრავალი გამოცდა გამოიარა და დღეს კლუბს უკვე ჩამოყალიბებული სახე აქვს, ჰყავს საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი და 2008 წლის გაზაფხულიდან დიდი მონდომებით და სერიოზული ზრახვებით ერთვება საქართველოს ჩემპიონატში.
This post has been edited by Santa_papa on 3 Jun 2009, 14:00