უეცრად, დანილამ მხარზე ხელი შეახო და თავისი ფეხსაცმლის გახსნილ ზონარზე მიუთითა.
- მე შევიკრავ, შენ კი იქამდე ძებნა განაგრძე. იქნებ მაინც გაიგონო, -ჩურჩულით უთხრა არტიომს და ჩაიმუხლა.
არტიომმა თავი დაუქნია და გზა გააგრძელა. ერთი-ორჯერ მოიხედა, ხედავდა, როგორ წვალობდა დანილა - სქელი ხელთათმანებით სრიალა ზონრის შეკვრა ადვილი არ იყო. არტიომი ნელა მიუყვებოდა თაროებს, ხან მარჯვენა მხარეს მიანათებდა ფარანს და მერე სწრაფი მოძრაობით შუქი მარცხნივ გადაჰქონდა, ხანაც - პირიქით, თან ცდილობდა წიგნების უკან მოკუზული ბიბლიოთეკარები აღმოეჩინა. როდესაც დანილას ოცდაათიოდე მეტრით დაშორდა, უცებ, გარკვევით გაიგონა, რომ ორი რიგის იქით რაღაც გაფაჩუნდა. ავტომატი მოიმარჯვა და ერთი ნახტომით იმ დერეფანთან გაჩნდა, საიდანაც ხმაური მოესმა. ფარანი შემოატარა წიგნებით გაჭედილი თაროების რიგს, მაგრამ ვერავინ იპოვა. აღარც ფაჩუნი ისმოდა. არტიომი უკან გაბრუნდა და ახლა იმ ადგილს მიანათა შუქი, სადაც დანილა დატოვა. ბრამინი იქ აღარ იყო.
არტიომი ადგილს მოწყდა და გაიქცა. სად არის დანილა? სად შეიძლებოდა წასულიყო მის გაუფრთხილებლად? თუ თავს დაესხნენ, წინააღმდეგობა რატომ არ გაუწია? რა მოხდა? რა დაემართა ბრამინს?
მიხვდა, რომ უკვე ძალიან შორს წავიდა. დანილა აქ არ იქნებოდა. არტიომი გრძნობდა, როგორ ეუფლებოდა პანიკა. ისევ იქ დაბრუნდა, სადაც ბრამინი დატოვა, და ღონემიხდილი მიეყრდნო თაროს. უცებ, სადღაც სიღრმეში უცნაურმა, მობუყბუყე ხმამ გარკვევით წარმოთქვა მისი სახელი:
- არტიომ...
ყმაწვილს შიშისგან ლამის გული გაუჩერდა. შემობრუნდა და იქით წავიდა, საიდანაც დაუძახეს.
- არტიომ, -გაიმეორა ხმამ ახლა უკვე ძალიან ახლოს. უეცრად, თაროებს შორის, თითქმის იატაკზე გამოჩნდა შუქი, რომელიც მოძრაობდა, თითქოს ვიღაც ფარანს აქეთ-იქით აქანებდა. არტიომმა რკინის ჩხარუნის ხმა გაიგონა.
- არტიომ, -დაუძახეს მესამედ. ეს ჩუმი ხმა, თითქმის ჩურჩული, უკვე ნამდვილად დანილას ეკუთვნოდა.
გახარებულმა ყმაწვილმა ნაბიჯი წინ წადგა. იმედი გაუჩნდა, რომ მეგობარს დაინახავდა, მაგრამ ისევ გაიგონა ის ავისმომასწავებელი ბუყბუყი. ფარნის შუქიც ისევ დაძრწოდა იატაკზე - აქეთ-იქით, აქეთ-იქით...
- არტიომ, -გაიმეორა დაძახილი ისევ იმ უცნაურმა ხმამ.
არტიომი კიდევ უფრო ახლოს მივიდა, მარჯვნივ გაიხედა და იგრძნო, რომ თმები ყალყზე დაუდგა.
იატაკზე, სისხლის გუბეში დანილა იჯდა. მუზარადი და აირწინაღი არ ეკეთა, სახეზე მკვდრის ფერი ედო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ცდილობდა, რაღაც ეთქვა. მის ზურგს უკან რუხი, მოკუზული ბიბლიოთეკარი გრძელი, ბალნით დაფარული, კლანჭებიანი ხელით, დანილას ფარანს აგორავებდა იატაკზე, მეორე ხელი კი ბრამინის გაფატრულ მუცელში ჩაეყო.
- შენ მოხვედი... -ძლივს ამოთქვა დანილამ.
- შენ მოხვედი... -გაიმეორა ურჩხულმაც.
- უკან ბიბლიოთეკარია... ჩემი საქმე დამთავრებულია, მესროლე და ის მოკლადი... -სთხოვა დანილამ.
- მესროლე და ის მოკალი... - გაიმეორა ნაცრისფერმა ჩრდილმა.
ფარანი კიდევ ერთხელ გაგორდა იატაკზე და ისევ დაბრუნდა ადგილზე. არტიომმა იგრძნო, რომ მალე ჭკუიდან შეცდებოდა. გაახსენდა "მეწისქვილის" ნათქვამი, ხმაური აღიზიანებს ამ საშინელ არსებებსო.
- წადი, -სთხოვა მან ბიბლიოთეკარს, თუმცა, დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ის ამას შეასრულებდა.
- წადი, -გაისმა პასუხად. ბიბლიოთეკარი განაგრძობდა დანილას მუცელში ხელის ფათურს.
ბრამინმა დაიკვნესა და პირიდან სისხლი გადმოუვიდა. მან ძალა მოიკრიბა და ცოტა უფრო ხმამაღლა თქვა: -ისროლე!
- ისროლე! -მოითხოვა მის ზურგს უკან მყოფმა ბიბლიოთეკარმა.
To be continued...
This post has been edited by Davidex on 27 Nov 2015, 04:47