პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ დააფიქრა გლობალური ტერორიზმისა და არსებული საფრთხეების შესახებ. საქართველოს მეზობლად გაძლიერებული ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოსაც აყენებს ახალი გამოწვევების წინაშე. საფრთხე მით უფრო გამოკვეთილია იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე ათეული, პანკისის ხეობის მკვიდრი მოქალაქე იბრძვის. ამ თემაზე საუბრობენ საქართველოს სტრატეგიულ მოწინააღმდეგე რუსეთშიც კი და ცდილობენ ეს ფაქტი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. უფრთხის თუ არა ზემოთთქმული საფრთხეებს საქართველოს მისწრაფებებს?.. და რა არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე?
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელთან ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ.
– საქართველოში – მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოებაში, ბოლომდე ჯერაც არ არის ჩამოუყალიბებელი ძლიერი და დემოკრატიული წყობა. სწორედ აქედანაც მომდინარეობს შიდა უამრავი პრობლემა. უნდა ვთქვათ, მსგავსი პრობლემები აქვს ყველა იმ ქვეყანასაც, რომელიც ჩვენსავით მრავალეთნიკურია. ამასთან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვიმყოფებით სხვადასხვა ცივილიზაციებისა და რელიგიების გადაკვეთაზე, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენზე ძალიან ძლიერად მოქმედებს გარე ფაქტორებიც. აქვე ვიტყვი, რომ ხსსნებული გარე ფაქტორები, საბედნიეროდ, ჯერაც არაა ძალიან ძლიერი, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ გარკვეულ ნეგატიურ პროცესებს, უბრალოდ, ვერ ავცდეთ. ჩვენთვის მთავარია, ამას მომზადებულები დავხვდეთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სირთულეებს ჩვენი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება.
პირველ რიგში ქვეყანა შიგნიდან უნდა იყოს ერთიანი და უნდა იყოს რეალურად დემოკრატიული. თუმცა ეს საფრთხეების გაჩენას სულაც არ გამორიცხავს. ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი სპეც.სამსახურები, რომლებიც ამგვარ პრობლემებს შეებრძოლებიან და გაუმკლავდებიან. თუ საქართელოსთვის რთულია ძვირადღირებული სადაზვერვო სამსახურების შემნა და გაძლიერება, შიდა უსაფრთხოების ძლიერი შიდა სამსახურების შექმნა მაინც აუცილებელია.
– თქვენ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახსენეთ… მეზობლად, ჩვენ საზღვრებთან ძალიან ახლოს, ვითარდება მოვლენები, რომლებიც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, რამდენად საფრთხილოა ეს საქართველოსთვის?
– რისკები დიდია. თუმცა, საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით, სერიოზული და შემაშფოთებელი არაფერი მომხდარა.
ჩვენს მეზობლად არის რადიკალური რელიგიების ბუდეები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჩვენ რუსეთს ვუყურებთ როგორც მთავარ საფრთხეს, მაგრამ, რეალურად, ჩვენ რუსეთის არც დაშლა გვაწყობს და არც მისი ძალიან შესუსტება მაგალითად ჩრდილო კავკასიაში. თუ რუსეთი ძალიან დასუსტდა, ამ შემთხვევაში ეს არასტაბილურობა კავკასიაზეც გავრცელდება და საქართველოსაც მოიცავს. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს სტაბილურობა რუსეთში და დემოკრატიის გავრცელება ამ ტერიტორიაზე. ვწუხვარ, რომ საზოგადოებაში ვერ ვხედავ პირებს, რომლებიც ამ თემებზე სერიოზულად მუშაობენ.
ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მისცეს ერთგვარი შეკვეთა ხელისუფლებას, რომ ამ უკანასკნელმა ამ და მსგავს საკითხებზე მეტი და მეტი იფიქროს. მთავრობის ვალია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული – არსებული და მომავალი პრობლემები, წინასწარ გათვალოს და რესურსი შექმნას მათ გასანეიტრალებლად.
– ჩვენს მეზობლად მიმდინარე მოვლენები ვახსენეთ. უკვე დადასტურებულია, რომ ერაყსა და სირიაში, ისლამური სახელმწიფოს რიგებში, საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ რეგიონიდან რამდენიმე ათეული მებრძოლია წასული. რამდენად ზრდის ზემოთთქმული ქვეყნის წინაშე ისედაც არსებულ საფრთხეებს?
– რატომ მიდიან მებრძოლები პანკისის რეგიონიდან? პირადად მე არ ვფიქრობ, რომ მათ განსაკუთრებული და ძლიერი რელიგიური იდეები ამოძრავებდეთ. ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი მათივე უმუშევრობაა.აქვე ვიტყვი, რომ, რასაკვირველია, გარდა ამ, დასახელებული მიზეზისა, შესაძლოა, სხვაც იყოს და, ვფიქრობ, საბოლოოდ, კარგადაა შესასწავლი – რა არის წასვლის და ბრძოლის მიზეზთა ერთობლიობა? ვინ მიდის და როგორ? რატომ ხდება ცვლილებები მოქალაქეებში და რატომ ხდებიან ჩვენი მოქალაქეები ასეთი რადიკალები? გასაოცარია ისიც, რომ პანკისიდან წასული მეომრები დაუნდობლობით გამოირჩევიან.
რაც შეეხება საფრთხეებს – რასაკვირველია, ისინი არსებობს, თუმცა, ჩვენს მიმართ დასავლელ პარტნიორთა მოთხოვნები კიდევ უფრო გაძლიერდება და აუცილებლად გაჩნდება კითხვა – რადგან ასეთმა პატარა სახელმწიფომ ამდენი მეომარი და ძლიერი ლიდერის ექსპორტი მოახდინა ისლამურ სახელმწიფოსთვის, ხომ არ არის დრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ეს საკითხი? შესაბამისად, ევროპელებიც და ამერიკელებიც მეტად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ ჩვენი სისუსტე ამ სფეროში აღმოფხვრან და დაგვეხმარონ ამ ბრძოლაში.
– რამდენად შესაძლებელია ის რომ ეს ფაქტი მოსკოვმა გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ?
– წესით, ეს პრობლემა არის, ან, უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დამაკავშირებელი პესპექტივაში. მართლაც, კაცმა რომ შეხედოს, ორივეს ერთი ინტერესი გვაქვს… ინტერესი იმისა, რომ რადიკალიზმი არ განვითარდეს.
… თუმცა რუსები ყოველთვის ყველაფერს ასიმეტრიულად უყურებენ. ისინი ყოველთვის მიგიჩნევენ არა პარტნიორად, არამედ პატარა შემსრულებლად, უმნიშვნელო ფიგურანტად. ისინი ყოველთვის ცდილობენ, მოძებნონ რაღაც საბაბი კონფლიქტის ესკალაციისათვის.
ამიტომ, რუსეთი ამ მოვლენას ყურადღებით და თავისი რაკურსით აკვირდება … და როცა ჩათვლის საჭიროდ, ალბათ გამოიყენებს საბაბად… დაიწყებს იმის “მტკიცებას”, რომ ჩვენთან ტერორიზმი ვითარდება და ამას კი აღკვეთა უნდა.
– ბოლო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით კვლავ გაჩნდა კითხვა, ხომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოს სვლას დასავლეთისაკენ? როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიას და საქართველოს პროგრესს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე?
– ანალიტიკოსმა ყოველთვის ფაქტებს უნდა შეხედოს. ფაქტები რომ აკინძო, ძალიან ბევრი რამ იქნება იმის წარმომჩენი, რომ ხელისუფლება რუსეთის სიამოვნებას ცდილობს. პასუხად კი იღებს ძალიან ცოტას.
რუსეთს მეტი სურს… მისი სურვილია – მუხლებზე დაუჩოქო!
ვფიქრობ, ჩვენი მცდელობა, დათბეს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან, ერთგვარად მომდინარეობს შიშისგან და ეს შიში დაკავშირებულია უშუალოდ ჩვენთან მომხდარ მოვლენებთან, აგრეთვე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან და მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან.
რუსეთის ხელისუფლება, მართლაც მოქმედებს თავზეხელაღებულად და, აქედან გამომდინარე, შიშიც გასაგებია. ამავე დროს, პოლიტიკა ფასდება იმით, რამდენად გამოადგება ის ქვეყანას. რა იქნება საბოლოო შედეგი.
რაც შეეხება რუსეთს – პუტინმა ახლა დადებითი დინამიკა უნდა აჩვენოს… ლუზერი – ანუ დამარცხებული ის არავის სჭირდება. მისთის ნებისმიერი უკანდახევა წამგებიანია. პუტინს აქვს იმედი, რომ უკრაინის ეკონომიკა ჩამოიშლება და ეს მას უკრაინის სრულიად გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
– ხომ არ იქნება შემდეგი სამიზნე კვლავ საქართველო?
– პუტინს სჭირდება შიდა მარცხების კომპენსაცია. მისგან მოსახლეობა მოელის სასწაულებს… ეკონომიკური პრობლემები ნელ-ნელა გადაიზრდება სოციალურ პრობლემებში და, ამდენად, პუტინს სასიცოხლოდ სჭირდება გამარჯვებები… ვიღაცისთის თავში ჩარტყმა და კიდევ ერთი ქვეყნის დამონება, მისთის ძალიან ბევრის მაკომპენსირებელი იქნებოდა. მისთის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე დაბალი ღობის ნახვა და თუნდაც პატარა მიწების „დათრევა“.
– და ის შეიძლება იყოს საქართველო?
თავისუფლად!.. თუმცა საქართველოზე აგრესია ერთხელ უკვე განხორციელდა და მისი გამეორება შესაძლოა ზედმეტიც იყოს.
რუსეთმა ფაქტიურად მიერთა აფხაზეთი; მიიერთებს ცხინვალის რეგიონსაც…
მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი ეცდება არა იმდენად ტერიტორიების წართმევას, რამდენადაც ისეთი პრობლემების შექმნას, რომ ქვეყანას პრობლემები შეექმნას დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო, რუსეთის ჩანაფიქრით, უნდა დათანხმდეს იმ წინადადებებს, რომლებსაც აქამდე არ თანხმდებოდა და სწორედ ეს იქნება მოსკოვისათვის გარკვეული გამარჯვება.
უნდა ვთქვა, რომ რუსეთის გეგმები საქართველოში ვერასოდეს განხორციელდებოდა რომ არა საკუთრივ ჩვენში არსებული პრობლემებიც.
უკვე 24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და, ამის მიუხედავად, ჩვენ ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთთან ყოფნა და ძველი საბჭოთა ხვევნა-კოცნა ენატრებათ. „რა ვქნათ, ჩვენ ხომ სხვა გზა არა გვაქვს“ – ამგვარ სიტყვებსაც გაიგონებ საზოგადოებაში. ეს არის შიში!!! შიში დამუკიდებლობისა! შიში იმისა, რომ არ იცი როგორ გაუმკლავდე საფრთხეებს და ამის გამო, მზად ხარ, დანებდე! ეს კი დიდი ტრაგედიაა!
– ანუ თქვენ თვლით, რომ რუსეთის გარდა, პრობლემაა საკუთრივ ჩვენშიც?
– რა თქმა უნდა.
როდესაც დასავლეთთან ინტეგრაციის გზას ადგახარ და რეალურად ზრუნავ დემოკრრატიის განვითარებაზე, მაშინ გყავს მეტი და მეტი მომხრე იმავე დასავლეთში, მაგრამ, როდესაც ამბობ ერთს და ეკეთებ მეორეს, მაშინ კრიტიკა შენს მიმართ, ბუნებრივია, ძლიერდება.
გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსოფლიოში რომელიმე სხვა ქვეყანას ჰქონდეს ასეთი უკიდურესად რთული მდგომარეობა. ჩვენ გვსურს განვითარება და მეორე მხრივ – გეოგრაფიული მდებარეობა, აგრეთვე სამეზობლო გვაიძულებს გავაკეთოთ მეორე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და საქართველოს ელიტას სჭირდება კარგი დიპლომატია, რომ მიიღოს დახმარება დასავლეთიდან. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ დიდ პროგრესს ამ მხრივ.
რუსეთმა 2008 წელს დაიწყო და ბოლომდე ვერ მოახერხა საქართველოს დამორჩილება, ახლა, განვითარების ამ ეტაპზე, მათ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა სურთ და არსენალში გაჩნდა “რბილი ძალის” ელემენტები. ძლიერდება პროპაგანდა, იქმნება ახალი არასამთავრობოები… ტელევიზიები…. მეზობელი არ აპირებს საქართველოს ხელიდან გაშვებას. ამ ყველაფერს წინ რომ აღუდგე, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ არ გვსურს, ვერც ვერაფერს დაგვაკლებენ – ვერც ოკუპაციით და ვერც სხვა საშუალებების გამოყენებით.
ამ ვითარების გათვალისწინებით, თავისუფლების გზიდან გადახვევა არის ეროვნული კატასტროფის ტოლფასი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ერს აღარასოდეს ექნება იმის ძალა და ჟინი, რომ თავისუფლება კიდევ სცადოს. ამიტომ, სწორედ დღეს და სწორედ ახლა ხალხი, საზოგადოება, ერი მტკიცედ უნდა იყოს და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ – რუსეთი არ არის არჩევანი. რუსეთი არის დამონება. ეს არის უკან წასვლა კიდევ ერთი საუკუნით.
http://georgianreview.ge/2015/01/ruseti-aris-monoba/?lang=geძალიან მოაკლდა ალიკა რონდელი ქვეყანას და მის კურსის სწორ ფორმირებას