500-მდე მოთხრობა იყო წარდგენილი, როგორც მახსოვს.
აქედან უკვე გამოავლინა ჟიურიმ 16 საუკეთესო.
საკმაოდ კარგი კონკურსია და საკმაოდ ობიექტური ჟიური. ყოველ შემთხვევაში მე ჯერ არ შემიმჩნევია "ჩაწყობა" და მიკერძოება (რაც, სამწუხაროდ, ახასიათებთ ქართულ კონკურსებს).
მოკლედ: ჟიურიმ თავისი საქმე გააკეთა. ახლა, ალბათ, დაიწყება დაქალ-ძმაკაცების და ნათესავ-ახლობლების მობილიზაცია ტექსტებით: "როგორ ხარ? აუ, მონაწილეობას ვღებულობ კონკურსში და..." ამიტომაც ყოველთვის ალმაცერად ვუყურებ "ლაიქებით", დარეკვებით და მესიჯებით გამოვლენილ გამარჯვებულებს. ასეთ დროს ძირითადად ის იმარჯვებს ხოლმე, ვისაც ყველაზე უფრო აქტიური სადაქალო ჰყავს, ან/და სანათესაო.
ამიტომაც საინტერესოა, დავწეროთ ჩვენ-ჩვენი აზრები, რომელი მოგვწონს ამ 16-დან.
Poll-ის გაკეთება მინდოდა, მაგრამ იქ 15-ზე მეტი კითხვის დასმა არ შეიძლება, აქ კიდე 16 მოთხრობაა, ამიტომაც აქვე ჩამოვწერ სათაურებს და ანოტაციებს:
ლიტერატურული კონკურსი "წერო 2015"
კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული, მეორე ტურში გადასული ნაწარმოებები:
1 წიგნების კაცი
უკვე 20 წელია, რაც წიგნების კაცი ქალაქს წიგნებით ამარაგებს. მთელი ეს პერიოდი დაცვის პოლიცია კუდში დასდევს და მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის ჭიდილი ცოდნასა და უმეცრებას შორის; გაჭირვებასა და გულგრილობას შორის; წიგნის სიყვარულსა და უწიგნურობას შორს. და აი ისიც, ბოლო ბრძოლა ერთ-ერთ სამინისტროში, ორივე მხარე წიგნებით არის შეიარაღებული. ნამდვილი ამბავი, რომელიც გროტესკულ ნოველად იქცა.
2 გასაუბრება
ეს ამბავი გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა, თუმცა გასაკვირი არც ის იქნებოდა, ჩვენს დროში რომ მომხდარიყო.
3 გაფუჭებული რადიო
"აქამდეც ვიცოდი: სიმართლე იაფფასიანი კოქტეილივით იმდენადაა ათქვეფილი უხვი დოზის ტკბილ სიცრუესთან, რომ არსებობს მხოლოდ გულწრფელობა, რომელიც ხშირად მისი გამოვლინებიდან წუთის შემდეგ ჩვენვე ყალბად გვეჩვენება. მაგრამ მის შემდეგ, რაც ჩემს გამომშრალ-გაუდაბნოებულ ცხოვრებაში თითქოს ოაზისის მირაჟივით საეთერო შუშხუნით გამოჩნდა Fm moon-88, აბსოლუტურ მარგინალად ვიქეცი და ჩემი სასოწარკვეთა გაძლიერდა, რაც ცუდ მოვლენად სულაც არ მიმაჩნია…"
4 ურობოროს
მაგის მერე კიდევ ორ-სამ თვეში შეამჩნევ, რომ ისე, არაუშავს აქაურობას და აი მაგ დროს რასაც მოასწრებ, მიწვდები, მოკიდე ხელი ყველაფერს (უთო დატოვე) და წადი, რამე ქენი, სადაც გინდა, როგორც გინდა და თან მალე.
5 ლუფერა
ლუფერა, ჩემო ტატო, გახლავს ასმეთორმეტე მეტა-გალაქტიკაში მდებარე რიგით მეოთხე პლანეტა, რომელიც 1788 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა დიდიე კიაზომ. იქ მე, მამა-პაპანაშის ნება-სურვილით ვიშვი რიგით ძენგად. ხოლო გაქრობისას ვიქეცი მამა-პაპანაშის ერთ-ერთ ავატარად. „ლუფერადან“ კი წარმოგზავნილ ვიქენ აქეთ, დედამიწაზე, როგორც ედგარ მელია, რათა ვამცნო დედამიწელებს სამყაროში სხვა კოსმოსური ცივილიზაციების არსებობის შესახებ. ეს რადიო-გადაცემაც სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მისიას ემსახურება...
6 ეგზორციზმი
ეს ნამდვილი ამბავია. მოთხრობაში აღწერილი ისტორია 1987 წელს მინესოტაში მოხდა. გადარჩენილთა თხოვნით, მათი სახელები და გვარები შეცვლილია. ხოლო გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, სხვა დანარჩენს უცვლელად გთავაზობთ. "ფარგო" (1996 წ.)
7 ბავშვები კარგად არიან
მოთხრობა იმაზე, თუ რა ცუდია ჭამო თამარა ბებიას გაკეთებული ცხელ-ცხელი სუპები, დაითუთქო პირი და გენატრებოდეს სახლი.
8 ტეოდორი ძირითადში
კაცის და კატის ამბავი.
9 ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის
ამბავი კაცებისა, ქალებისა და ტყისა. ტყისა, ქალებისა და კაცებისა.
10 დილის რიტუალი
ცოტა რამ საშასა და შურაზე და მათ დილის რიტუალზე.
11 ბედნიერების სერტიფიკატი
მოთხრობაში აღწერილია მომავალი დრო, სადაც კოსმოსურ ომებში დაინვალიდებული ბავშვობის მეგობრები, აწ უკვე ცალფეხა კაცი და ცალფეხა ქალი ერთმანეთს პოულობენ. ქალი კაცს თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება, თუმცა მარსზე გახსნილ ფეშენებელურ რესტორაში, სადაც ქალი დაბადების დღის გადახდას აპირებს, ბედნიერების სერთიფიკატის წარდგენაა საჭირო, რადგან აქ ხშირად მოსიარულე უცხოპლანეტელები უბედურ ადამიანებს რატომღაც ვერ ეგუებიან.
12 გაბო
ლონდონის ქუჩებში მოხეტიალე ემიგრანტი ბიჭების დღეები.
13 გველები მაზუთის გუბეებში
ჟურნალისტური და პანორამული თხრობით, "მაგიური რეალიზმის" ელემენტებით, გადმოცემულია პასტორალური ცხოვრების ერთი ნაწყვეტი.
14 დედაჩემი ლოცულობს
"დედაჩემინსაირი ქალები ჩუმად კვდებიან. ხვალინდელ დღეზე ფიქრში გართულები საკუთარ თავსაც გაეპარებიან და წავლენ."
15 სუნთქვის შემგროვებელი
ადამიანი რა ამბებს, შერძნებებსა და ემოციასაც შეისუნთქავს, იმავეს ამოისუნთქავს, ოღონდ - უხილავ ასო-ნიშნებად დაშიფრულს. ეს შიფრები სასუნთქ გზებზე გემოს ტოვებენ. ამ გემოს წაკითხვა კი ამქვეყნად ყველაზე აზარტული საქმიანობაა.
16 აზადა
16 წლის აზადა საქართველოს ერთ-ერთ მუსულმანურ სოფელში მცხოვრები ღარიბი გოგონაა, რომელიც მამამ 3 ცხვარსა და 2 ძროხაში გაყიდა ასაკოვან მამაკაცზე. აზადა იმ გოგონების კრებითი სიმბოლოა, რომლებიც ოცნებობენ თავისუფლებაზე, ნამდვილ სიყვარულზე და უშედეგოდ იბრძვიან სწავლის უფლებებისთვის. დასასრულიც ისეთივე ჩვეულებრივი და რეალურია, როგორც ყველა იმ გოგონას ყოფა, რომელმაც ვერ შესძლო ტრადიციებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგ წასვლა.
ესეც ლინკი:
http://lit.ge/index.php?page=contest