Free_Worldგასახსენებლად- საანალიზოდ საჭირონი:
ირაკლი კაკაბაძის ჩვენების მთავარი პუნქტები
1. როდიდან იცნობთ თემურ ალასანიას?
მე თემურ ალასანია გავიცანი 1991 წლის იანვარში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ მათ ვეხმარებოდით აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში. ამის მოწმეები არიან ბატონები აკაკი ასათიანი, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და თუ არ ვცდები იქ იყო ბატონი თამაზ გამყრელიძეც. ბატონმა ალასანიამ მაშინ ბევრი დაპირება გააკეთა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების დახმარებაზე, მაგრამ 1991 წლის განმავლობაში არც ერთი ეს დაპირება არ შეასრულა. პირიქით, 1991 წლის სექტემბრიდან ბატონი ალასანია ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ნიუ იორკში ჩამოსულ პარტიული ნომენკლატურისა და კრიმინალური წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც საბოლოო ჯამში განახორციელდეს გადატრიალება. ამასთანავე ბატონი თემური თვითონაც არ მალავდა საკუთარ ბიოგრაფიას და იმას რომ იგი საბჭოთა ორგანოებისთვის მუშაობდა და თვით იური ანდროპოვის აღზრდილი იყო. ამით იგი ხშირად ტრაბახობდა. 1991-1992 წლების განმავლობაში მე რამდენჯერმე შევხვდი თემურ ალასანიას პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით და ვთხოვეთ მას დახმარება რუსული დეზინფორმაციული ქსელის გარღვევაში, რასაც თვით ჰპირდებოდა საქართველოს მთავრობას, მაგრამ მისი მხრიდან ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. 1992 წლის მერე ნათლად გამოჩნდა მისი ახლო ალიანსი საბჭოთა ნომეკლატურის წევრებთან, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. პრეზიდენტმა გამსახურდიამ 1991 წელს ჩემთან ერთ-ერთ ბოლო საუბარში ალასანია დაახასიათა, როგორც “სუკის გენერალი”.
2. რა კავშირი აქვს თემურ ალასანიას იარაღის ვაჭრობასთან?
2004 წლის სექტემბერში, როდესაც საქმიანი ვიზიტით გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონმა თემურ ალასანიამ გამაცნო ბატონი არიელ გუდისი, რომელიც წარმომიდგა, როგორც A&G Gროუპ-ის პრეზიდენტი. გუდისი იმ პერიოდში აქტიურად ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას. ამ ადამიანმა შემდეგში 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ჩემი მაშინდელი უფროსის გვერდის ავლით) გააგრძელა ჩემთან აქტიური კონტაქტი და მის კომპანიაში თანამშრომლობაც კი შემომთავაზა სერიოზული ანაზღაურების სანაცვლოდ. მე ამ ადამიანის განზრახვებში თავიდანვე ეჭვი შევიტანედა მით უმეტეს მე მაშინ რამოდენიმე ქართულ კომპანიაზე უკვე ვმუშაობდი და დიპლომატიურად უარი ვუთხარი. ამავე შეხვედრებში ბატონმა გუდისმა პირდაპირ მითხრა რომ მას და ბატონ თემურს ძალიან ახლო კავშირი აქვთ პრესიდენტ პუტინის მეტად დაახლოებულ გენერლებთან და იგი ხშირად დაფრინავს მოსკოვში გარკვეულ ბიზნესზე, რომელიც ძირითადად გარკვეული “რუსული ნაწარმის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდვას ემსახურება. მან აგრეთვე მითხრა რომ მისი მამა იყო ამიერ-კავკასიის იარაღის ვაჭრობის მთავარი პირი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობამდე და მას არაჩვეულებრივი ბიზნეს კონტაქტები აქვს რუსული გენერალიტეტის ელიტასთან. თემურ ალასანია გუდისს ამ ბიზნესში პირდაპირი მნიშვნელობით ეხმარებოდა. Y გუდისს აგრეთვე ძალიან უნდოდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის გადაბირება, რომელიც აგრეთვე დიპლომატიური ხერხებით დაუძვრა მასთან კონტაქტს და მეც არ მირჩია მასთან მუშაობა. 2004 წლის დასაწყისში რეხვიაშვილი ჩამოვიდა ბიზნეს შეხვედრაზე გუდისთან და ალასანიასთან, მაგრამ გარკვეული მიზეზით არ დაესწრო იმ შეხვედრას რომელზეც მეც გახლდით.
(მე ამ დროს “თბილავიამშენში” ვმუშაობდი და სააკაშვილმა გუდისს სთხოვა რომ უოლ სტრიტის ბირჟაზე გაეყვანა ქართული კომპანია პიარის მიზეზებისათვის, რაც 2005 წელს ჩაიშალა, თუ არ ვცდები)
3. რა შემოგთავაზათ გუდისმა?
ბატონ გუდისს ბუნებრივია ვკითხე, რამ გამოიწვია მისი ჩემით დაინტერესება და მან ორი ძირითადი მოტივი მითხრა: 1. თბილისის აეროპორტის ხელში ჩაგდება და 2. ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ პიარ კამპანიაში დახმარება. გუდისს საიდანღაც გააჩნდა ინფორმაცია (როგორც თვითონ მითხრა ამის შესახებ თვით მიხეილ სააკაშვილმა უთხრა) რომ მე 2002-2003 წლებში პატარკაციშვილზე კრიტიკული წერილები დავწერე და ამის გამო ის ფიქრობდა რომ ჩემი წერილები გამოიწვევდა ამ კამპანიის დაწყებას 2005 წელს და მას მერე პრეზიდენტი პროკურატურას დაავალებდა ბატონი ბადრის საქმიანობის შესწავლას და საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდებოდა, რომ პატარკაციშვილს რუსეთს გადასცემდნენ. გუდისის ბიზნეს ინტერესებში შედიოდა მსხვილი სატრანსპორტო არტერიების ხელში ჩაგდება, რომელზედაც ძირითადად ტვირთ-ზიდვა განხორციელდებოდა. მან პირდაპირ მითხრა რომ კავშირი აქვს ძალიან ძლიერ რუსულ და არაბულ დაჯგუფებებთან რომელთაც უნდათ საქართველოში სატვირტო აეროპორტების, რკინიგზისა და ფოთის პორტის ხელში ჩაგდება. ამაში აქტიურად მონაწილეობდა ალასანია. 2004 წლის დეკემბერში ალასანიას მეუღლის დაბადების დღეზე გახლდით, სადაც ბევრი ადამიანი იყო, მათს შორის ბატონი გუდისი, ყოფილი ელჩი რეზო ადამია, ყოფილი ელჩი პეტრე ჩხეიძე, ნიკა ალასანია და ასე შემდეგ. გუდისმა პატარკაციშვილის წინააღმდეგ პიარ კამპანიის სურვილი აქაც გამოთქვა და ნიუ იორკში ე.წ. ბარიშნიკოვის რესტორანშიაც, სადაც რამდენჯერმე დამპატიჟა.
4. ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით რა მოხდა?
2004 წლის დეკემბრის 14-ისთვის ბატონი გუდისი და ბატონი ალასანია თბილისში ჩამოვიდნენ და დაიწყეს ბიზნეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხებზე, მათს შორის თბილისის აეროპორტზე. მათ აგრეთვე ახლდათ ბატონი გუდისის ადვოკატიც, ბატონი არიელ დევიდიც. დაახლოებით 17 დეკემბერს თუ არ ვცდები გუდისს შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან, სადაც მისთვის სასურველი პასუხი ვერ მიიღო ამ ბიზნესის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტს ეხებოდა და მეორე დილითვე მოსკოვში გაფრინდა.
2005 წლის იანვრის 15-ისთვის გუდისმა მე კიდევ ერთხელ დამირეკა, უკვე თბილისის მობილური ტელეფონის ნომერზე და პირდაპირ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ჟვანიათი და ბენდუქიძით. მან თქვა რომ ეს ორი ადამიანი მას ხელს უშლიდა და ერთი თვის მერე აპირებდა დაბრუნებას საქართველოში და ზუსტად შეეძლო ეთქვა რომ არცერთი მათგანი აღარ იქნებოდა დაკავებულ თანამდებობებზე. მართლაც, ყველასთვის სამწუხაროდ, მისი მუქარის ტონში ნათქვამი წინასწარმეტყველებები გამართლდა. მან რუსული ბილწსიტყვაობით იხმარა ასეთი გამოთქმა, “იმ დროისათვის ორივე მათგანს მოაშორებენ მაგ ადგილიდან”.
ამის მერე ბოლოს თემურ ალასანიამ შემომთავაზა მასთან ერთად ბიზნესის საქმეზე წასვლა უკვე 2005 წლის აპრილში, რასაც მე თავი ავარიდე, რადგანაც უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ბიზნეს ჯგუფი ბოროტმოქმედებებს სჩადიოდა.
http://forum.rustavi2.com/lofiversion/index.php/t6343.htmlდა:
ერთხელ საქართველოში „ალფა“ და „ომეგა“
ვინ იყვნენ ეს ბიჭები – სპეცრაზმელები, ჯაშუშები თუ კრიმინალები?
ეს ინტრიგებითა და შეთქმულებებით სავსე ისტორიაა, დღემდე ბოლომდე არ არის გახსნილი ამ სისხლიანი მკვლელობებსა თუ გარჩევების საქმეები. ფაქტი ერთია, ეს ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები, რომლებსაც საკუთარ პროფესიაზე შეიძლება რომანტიკული წარმოდგენაც კი ჰქონდათ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოს იხსნიდნენ, თავად აღმოჩნდნენ სახელისუფლებო ინტრიგების ეპიცენტრში. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლება ადამიანის ბედზე.
„ალფა“ და „ომეგა“ ორი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული დაჯგუფება იყო, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირებულიც. პირველი რუსულ ინტერესებს გამოხატავდა, მეორე – დასავლურს. ორივე იგორ გიორგაძის ხელში აღმოჩნდა და „ომეგას“ განადგურების გეგმაც აქედან იწყება. ომეგელები დახმარებას შევარდნაძეს სთხოვენ, მაგრამ შევარდნაძე თავად აღმოჩნდა დასახმარებელი. „ომეგას“ ყველაზე შავ და ბინძურ დავალებებზე უშვებენ, „ალფა“ კი გიორგაძის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს...
ეს უკვე სისხლიანი ისტორიაა, საიდუმლო დეტალებითა და კიდევ უფრო გასაიდუმლოებული მკვლელობებით.
ისინი სპეცრაზმელები უნდა გამხდარიყვნენ, მათ ნარკომანიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, თუმცა, თავად გახდნენ ტერორისტებიც და ნარკომანებიც... როგორც „ალფას“, ისე „ომეგას“ მეთაურები დღეს ციხეებში სხედან, პასუხი კი კითხვაზე: „ვინ იყვნენ ეს ბიჭები – სპეცრაზმელები, ჯაშუშები თუ კრიმინალები?“ – ყველას თავისი აქვს.
საქართველოში გამოგზავნილი „ცერეუშნიკი“
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ერთგვარ წესად აქვს ამა თუ იმ ქვეყანაში თავისი აგენტების ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სტატუსით უზრუნველყოფა. ანუ „ცრუ“-ს აგენტი ოფიციალურად საელჩოს თანამშრომლადაა გაფორმებული, სარგებლობს დიპლომატის იმუნიტეტით და გამოვლენის შემთხვევაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება ელის.
ერთი რამ, რაც ამერიკელი დიპლომატებისგან გამოარჩევს საელჩოს თანამშრომელ „ცერეუშნიკებს“ – ეს არის რისკი. სპეციალურ ანონიმურ ბროშურაში თავად აგენტები აღიარებენ, რომ ცივი ომის დასრულებას სულაც არ შეუმცირებია „შპიონების“ სასიცოცხლო საფრთხე. პირიქით, იმავე ბროშურაში ასეთ სევდანარევ ხუმრობასაც ამოიკითხავთ: „აგენტს მხოლოდ იმის გარანტია აქვს, რომ მას მოსაწყენი სიკვდილი არ ელის“. გაზეთ „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ასეთი „არამოსაწყენი“ აღსასრული ჰპოვა 17 წლის წინათ საქართველოში „ცრუ“-ს სტაჟიანმა აგენტმა ფრედ რასელ ვუდროფმა და მისი გვარი 57-ე გახდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სათავო ოფისის ფოიეს ჩრდილოეთ კედელზე, რომელზეც ვარსკვლავებია ამოტვიფრული იმ აგენტთა სახელების უკვდავსაყოფად, რომლებიც ქვეყნის სამსახურში დაიღუპნენ.
ფრედ ვუდროფმა, განათლებით თეოლოგმა, „ცრუ“-ში მუშაობა 1978 წელს, 30 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე ის FBI-ს სპეციალურ აგენტად მუშაობდა. საქართველოში ჩამოსვლამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ის შეგზავნილი იყო ლენინგრადში, თურქეთში, ეთიოპიასა და სუდანში. თუმცა, ვუდროფის საქართველოში მუშაობა, თავისი სპეციფიკით, მისი წარსული მოღვაწეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა – თუ ადრე სპეციალური აგენტი ვუდროფი წმინდა შპიონაჟს ეწეოდა, საქართველოში ის ამერიკის მთავრობის ბრძანებით ჩამოვიდა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნისთვის დახმარების გასაწევად შექმნილი ამერიკული გეგმის ნაწილის განმახორციელებელი იყო.
45 წლის ამერიკელი ფრედ რასელ ვუდროფი, რომელიც, ოფიციალურად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალურ ურთიერთობათა სექტორის თანამშრომლის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (იგივე CIA-ის, გნებავთ ЦРУ-ს) მიერ სტრატეგიული ინტერესის ობიექტ ქვეყანაში – საქართველოში შემოგზავნილი ერთ-ერთი პირველი აგენტი გახლდათ.
„სპეცსამსახურების შეფასებით, ედუარდ შევარდნაძეზე გავლენის მომხდენია „ცრუ“-ს თბილისის რეზიდენტურა, რომელიც აშშ-ს საელჩოს „კრიშის“ ქვეშ მოქმედებს. ეს ორგანო ექვემდებარება „ცრუ“-ს დირექტორატის ოპერატიულ კასპიის დეპარტამენტს, რომელიც აკონტროლებს კასპიის ზღვის ეკვატორიაზე განლაგებულ ქვეყნებს, მათ შორის სსრკ-ს ყოფილ ქვეყნებს. იმის გათვალისწინებით, რომ შევარდნაძე ღიად აფიქსირებს თავის პროამერიკულ შიდაპოლიტიკურ კურსს, ამ დანაყოფს საქართველოში კარგად გამყარებული ოპერატიული პოზიციები აქვს. გარდა ამისა, შევარდნაძის ადმინისტრაციაში აქტიურად მუშაობს ამერიკელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ამერიკული სპეცსამსახურების სპეციალისტებით. სწორედ ამ ჯგუფისა და თბილისის „ცრუ“-ს რეზიდენტურის თანამშრომლების საშუალებით ხერხდება შევარდნაძესა და აშშ-ს უმაღლეს ხელისუფლებას შორის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები. ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, შევარდნაძე არამარტო სიტყვით, საქმითაც ცდილობს, საქართველო კავკასიაში ამერიკის ინტერესის ობიექტად აქციოს“, – წლების წინათ წერდა გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“.
მაინც, რას აკეთებდა ვუდროფი საქართველოში? როდესაც გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ თეთრ სახლს ამ შეკითხვით მიმართა, პასუხი გასაგები, მოკლე და ამავდროულად ბუნდოვანი იყო: ფრედ ვუდროფი „ცრუ“-ს ჯგუფის წევრი გახლდათ, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებს წვრთნიდა. ეს ფაქტი ვუდროფის სიკვდილამდე სრულიად გასაიდუმლოებული იყო.
„რუსეთის პერიფერიაში იზრდება ამერიკის როლი. სპეციალური ძალები საქართველოში იმყოფებიან შევარდნაძის დაცვის გასაწვრთნელად. ქართველები ამერიკის ბაზებზე სწავლობენ. ამერიკული სპეცსამსახურები შევარდნაძეს უსაფრთხოების დაცვის გამაგრებაში დაეხმარნენ. მისი დაცვის წევრებმა სტაჟირება გაიარეს ამერიკაში სპეცჯგუფ „დელტას“ ბაზაზე. „დელტა“ ცნობილია თავისი ანტიტერორისტული ოპერაციებით. შემდეგ, მათ საქართველოშიც კურირებდნენ, ამ საქმით დაკავებული იყო ვუდროფი. ვუდროფი გახლდათ შევარდნაძის პირადი დაცვის კონსულტანტი, მეტიც, კურატორი“, – წერდა გაზეთი „ინდეპენდენტი“.
„ქართველი გიჟების“ ისტორია
პირველი სერიოზული ამერიკული პროექტი, რომელიც ვუდროფის უშუალო მონაწილეობითა და სერიოზული ძალისხმევით განხორციელდა, ეს იყო სპეცჯგუფ „ომეგას“ მომზადება.
აშშ-ს უნდა მოემზადებინა საქართველოში მაფიასთან, ნარკობიზნესთან და ტერორიზმთან მებრძოლი სპეცდანაყოფი – „ომეგა“, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო მეთაურის უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა
„ახლა ხანდახან ვფიქრობ, რომ მაშინ ძალიან ვიჩქარე, ამერიკული პროექტების განსახორციელებლად საქართველო ჯერ მზად არ იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა პროექტი ამუშავდა. გაიწვრთნა ჯგუფი, რომლის მომზადების დონის რაზმები გარდა ამერიკისა, ახლაც კი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ჰყავს“, – აცხადებდა „ომეგას“ შექმნის იდეის ავტორი ელდარ გოგოლაძე, რომლის როლიც „ომეგას“ შექმნაში ძალზე დიდია.
აშშ-ს სენატმა განიხილა ცსს-ს მიერ მიწოდებული საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომელთა მიერ შემუშავებული პროექტი (პროექტის ავტორი სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსი ელდარ გოგოლაძე გახლდათ) და აშშ-ს პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ, ამერიკის ბიუჯეტიდან „ომეგას“ მოსამზადებლად 40 მილიონი დოლარი გამოიყო. ქართულმა ჯგუფმა წვრთნა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე გაიარა.
„ჩემთვის ცნობილია, რომ, როცა კლინტონის ადმინისტრაციაში „ომეგას“ პროექტი შეჩერდა და პროგრამის ამუშავება სერიოზულად ეჭვქვეშ დადგა, ამ დროს გადამწყვეტი როლი ფრედ ვუდროფმა შეასრულა. უფრო ზუსტად, პროექტის ავტორის ელდარ გოგოლაძის პირადმა ურთიერთობებმა იმუშავა. მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ვუდროფთან და აშშ-ს სპეცსამსახურის სხვა მაღალჩინოსნებთანაც. იმ პერიოდში, როცა ფრედ ვუდროფი მოკლეს, აშშ-ში ვიყავით და სრულიად შემთხვევით გავიგეთ მისი მკვლელობის ამბავი. რაც შეეხება „ომეგას“, ახლა ამ ჯგუფის შესაძლებლობებზე საუბარს მხოლოდ ისტორიისთვის თუ აქვს მნიშვნელობა. იყო სხვა სერიოზული პროექტებიც, მაგრამ ახლა მათზე საუბარსაც არ აქვს აზრი – ესეც უკვე ისტორიაა“, – აცხადებდა „ომეგას“ ყოფილი მეთაური, ყოფილი პარლამენტარი და ახლა ბრალდებული ნიკა კვეზერელი.
ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სპეციალური, ურთულესი ტესტირების საფუძველზე 200-დან შერჩეულმა 51-მა ომეგელმა 1993-94 წლებში წვრთნა ამერიკის სამხედრო ბაზებზე გაიარეს. იმდენად უნაკლოდ ასრულებდნენ საწვრთნელ ოპერაციებს ქართველი ომეგელები, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ერთ-ერთი წვრთნისას ომეგელებმა ამერიკულ ნორმაზე გაცილებით მაღალი ნიშნული გადალახეს, რამაც ამერიკელი ინსტრუქტორები სახტად დატოვა და თანაც აღაფრთოვანა. „ჯორჯიან ქრეიზი“, „ქართველი გიჟები“ – ეს მეტსახელი ომეგელებს მათმა გამწვრთნელმა ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მსგავსი წარმატებებისთვის შეარქვეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი წვრთნისას ომეგელთა მორიგი წარმატებით მოხიბლულმა ინსტრუქტორმა მათი ნამოქმედარის გამეორება სცადა, თუმცა გამოცდილმა ამერიკელმა სამხედრომ „ქართველ გიჟებს“ ვერ აჯობა – მეტიც, სამწუხაროდ, ის მძიმედ დაშავდა.
იმდენად წარმატებული იყო ქართველ ომეგელთა წვრთნა ამერიკაში, რომ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილიც კი გამოუგზავნა, საუკეთესო კადრის გაგზავნისთვის. მეტიც, როგორც ამბობენ, საწვრთნელი პროგრამის დასრულების შემდეგ, ომეგელებს, საქართველოში გამომგზავრების წინ ამერიკის სამხედრო ბაზაზე დარჩენა შესთავაზეს – ქართული ჯგუფი იმდენად საუკეთესო იყო. 51-ვე ომეგელმა უარი ერთხმად განაცხადა – ამერიკულად საუკეთესოდ გაწვრთნილებს, რეინჯერებს, რომლითაც მთელი მსოფლიო იამაყებდა (იმ პერიოდისთვის ამ დონის სპეცჯგუფი ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი არ ჰყავდა), სამშობლოში მოეჩქარებოდათ...
სხვათა შორის, ამერიკის მთავრობამ თავიდანვე იწინასწარმეტყველა, რომ ამერიკელი რეინჯერების დონეზე მომზადებული რაზმის შენახვას საქართველო ვერ შეძლებდა – ამგვარი რაზმების ყოველმხრივ უზრუნველყოფა ფინანსურად ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ. არადა, მათი მომზადების მაღალი დონე სახელმწიფოს საზიანოდაც შეიძლება შემოუტრიალდეს.
ასეც მოხდა – საქართველოს ხელისუფლებამ „ომეგას“ ვერ მოუარა. „ომეგას“ ძველი ბირთვიდან უმეტესობა ან გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, ან ცხოვრების წესი შეიცვალა, ან ციხეში აღმოჩნდა ტერორიზმისა და სხვა უმძიმესი ბრალდებებით „დახუნძლული“.
ხელისუფლება, რომელიც თავად იყო კორუმპირებული და პოლიტიკური ორიენტაციის მხრივაც არაერთგვაროვანი, ვერ შეძლო და არც მოინდომა ომეგელებისთვის გარკვეული გარანტიების შექმნა. შესაბამისად, „ომეგა“ სხვადასხვა შავ თუ თეთრ ბიზნესში ჩართეს და პოლიტიკურ დაპირისპირებებშიც „გაახვიეს“. ბიზნესსა და პოლიტიკურ ინტრიგებში გარეული სპეცრაზმის გაუვნებელყოფა კი მათი კრიმინალებად და ტერორისტებად მონათვლის გზით ძალზე იოლი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ამით დაინტერესებულნი საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც მოიძებნებოდნენ.
ამერიკულ ყაიდაზე გამოწვრთნილი სპეცჯგუფის ლიკვიდაცია მთავარი ბირთვის განადგურებით დაიწყო. ბირთვგამოცლილი ჯგუფისთვის საბოლოო დარტყმის მიყენებას კი დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა. ომეგელთა ნაწილი, ისინი, ვინც სპეცჯგუფის ელიტა იყო, თბილისში საეჭვო ვითარებაში გამოასალმეს სიცოცხლეს, ნაწილი კი, მათი შთამბეჭდავი ამუნიციის გამო, კომერციულ საქმიანობაში ჩააბეს – ნავთობის გამცილებლებად, სხვადასხვა ბიზნესის მფარველებად და კაფე-ბარების დამცველებად იყენებდნენ, ნაწილი ტერორისტული ბრალდებებით ორთაჭალის ციხისკენ გაგზავნეს. იყო საუბრები იმის თაობაზეც, რომ ომეგელები რადიაქტიული ნივთიერებების, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდასაც აცილებდნენ.
პირველი დანაკლისი „ომეგამ“ თბილისში დაბრუნებიდან სულ ცოტა ხანში განიცადა, როცა ჯგუფს ორი წამყვანი ფავორიტი მოუკლეს – ვასიკო კობერიძე და გია ღლონტი.
მართალია, სკანდალად ქცეული ეს ორი მკვლელობა სამართალდამცველებმა გახსნეს, მაგრამ საქმეთა წარმოება რეალური სამართლებრივი შედეგით არ დასრულებულა. კობერიძე-ღლონტის საქმეთა გამოძიება, ფაქტობრივად, ჩაიფარცხა... ვასიკო კობერიძისა და გია ღლონტის მკვლელობა დასავლეთისა და ჩრდილოეთის დიდ პოლიტიკურ ჭიდაობაში გასრესილ სპეცჯგუფ „ომეგასთვის“ პირველი სერიოზული დარტყმა იყო. ამას სხვა მკვლელობები მოჰყვა და 10-მდე „ომეგელი“ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
1995 წლის 29 აგვისტო, როცა ომეგელთა დიდი ნაწილი, მათ შორის მეთაური ნიკა კვეზერელი ტერორისტული ბრალდებებით დააკავეს, „ომეგას“ განადგურების „ბოლო აკორდი“ იყო.
„ომეგას“ განადგურების გეგმა, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რუსეთის სპეცსამსახურების კადრის გენერლის იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს დაიწყო და დასრულდა კიდეც.
არადა, „ომეგას“ გარდა, ამერიკელებს სხვა სერიოზული პროექტებიც ჰქონდათ. მათთვის ხორცშესხმა სწორედ ფრედ ვუდროფს დაევალა. მაგალითად, აშშ-ის სახელგანთქმული საზღვაო-სადესანტო დანაყოფის „ზღვის ლომების“ ქართული „ფილიალის“ შექმნის იდეა. ამ მიმართულებით შეთანხმება მიღებულიც იყო. „ზღვის ლომებისთვის“ ფოთში საწვრთნელი ბაზაც კი შეირჩა. ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი ომეგელებიდან ოცი „კოტიკი“ უნდა გადაემზადებინათ და ქართველ „კოტიკებს“ უნდა ეტვირთათ ტერორიზმთან და ნარკომაფიასთან ბრძოლა უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, მით უმეტეს, რომ კიდევ ერთი სერიოზული პროგრამის განხორციელებისთვის მზადება იწყებოდა – საქართველო უნდა გამხდარიყო შავი ზღვისპირა ქვეყნების უშიშროების სამსახურების საკურატორო ცენტრი. ვუდროფი სხვა სამხედრო სპეცჯგუფების მომზადების პროექტებზეც მუშაობდა. ომეგელებმა საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალი კადრისთვის გადაწყვიტეს და „პატარა“ ომეგელების გაწვრთნა დაიწყეს, მაგრამ მეორე ნაკადის ომეგელებიც, გამზრდელებთან ერთად, ციხეში აღმოჩნდნენ – ისინიც ტერორისტული ბრალდებით. მართალია, მოგვიანებით, ორივე თაობის ომეგელებს ტერორიზმის ბრალდებები მოუხსნეს და მათი რეაბილიტაციაც მოხდა, მაგრამ ეს უნიკალური რაზმი უკვე მწყობრიდან იყო გამოსული, მისი სახელი კი – მხოლოდ ისტორიისთვის განკუთვნილი.
არადა იმდროინდელი საქართველოსთვის „ომეგას“ საჭიროება რომ არსებობდა, ამას ჯიხასკარის ფაქტიც ადასტურებს. გოჩა ესებუას მიერ ჯიხასკარში მძევლად აყვანილების გასათავისუფლებლად ომეგელები მიიწვიეს – გარეთ და ცოცხლად დარჩენილები, მცირე ნაწილი, რომლებიც თავის საქმეს უკვე ორი წლის ჩამოშორებული იყვნენ. უშიშროების მაშინდელი მინისტრის ჯემალ გახოკიძის ინიციატივით, საერთაშორისო სკანდალში გახვეული ქვეყნის იმიჯის გამოსწორება „ამერიკელ ბიჭებს“ სთხოვეს. ქუჩა-ქუჩა შეკრებილი ომეგელები ჯიხასკარში ჩავიდნენ, დავალება მიიღეს, გააანალიზეს და სპეცოპერაციის ჩატარებაზე საბოლოოდ უარი განაცხადეს – ორი წელია, მწყობრიდან გამოვედით, შესაძლოა, ოპერაცია სისხლით დასრულდეს, – ასეთი იყო მათი უარის საფუძველი.
„ომეგა“ შექმნიდან სამი წლის შემდეგ განადგურდა და მის ბიოგრაფიულ არქივში დარჩა ომეგელთა მიერ ჩატარებული 200-მდე უნაკლო და ყველა შემთხვევაში უსისხლო სპეცოპერაცია.
ფრედ ვუდროფი კი 1993 წლის 8 აგვისტოს მცხეთაში, „ნატახტარის“ საგუშაგოდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოკლეს – ერთადერთმა საბედისწერო ტყვიამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტს თავის ქალა ახადა.
ქართული „ალფა“
ვუდროფის მკვლელობის თაობაზე მოსკოვში გაცემული ბრძანების ვერსიით FBI დაინტერესდა და სადაზვერვო სამმართველოს აგენტის მკვლელობაში რუსული კვალის ძებნა დაიწყო. ვუდროფის მკვლელობის FBI-ის საგამოძიებო მასალებში საუბარია გაწვრთნილ სნაიპერზე (FBI-იმ კონსულტაციებიც კი აიღო აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისგან), რუსულ სპეცდანიშნულების რაზმ „ალფასა“ და „ორ რუსეთზე“. საქმის ტომებში ამ რაზმს ერთი ქვეთავი, სახელწოდებით „სპეცრაზმი „ალფა“ ეძღვნება. ქვეთავი ასე იწყება: „ალფა“ იყო სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც დავალებული ჰქონდა რუსეთის თეთრ სახლში შეჭრა 1991 წლის აგვისტოს აჯანყების დროს. მათ უარი თქვეს ამაზე და მოიპოვეს ელცინის ნდობა, თუმცა, მან მნიშვნელოვნად შეამცირა მათი რაოდენობა... „ალფა“ შედგება სერიოზულად გაწვრთნილი პირებისგან, რომლებიც მჭიდრო კონტაქტებს არც ჯგუფიდან გასვლის შემდეგ წყვეტენ. ისინი გაწვრთნილნი არიან ისე, რომ ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ და ენდობოდნენ... „რეალურია, რომ „ალფას“ ყოფილ წევრს ჰქონდეს მხარდაჭერა ახლანდელი წევრებისგან… არსებობს ბევრი დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს ყოფილი და ახლანდელი წევრების მონაწილეობას...“ – რაში, FBI-იმ ეს გაასაიდუმლოვა. თუმცა, საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთი დეტალის გახსენება გარკვეული ვარაუდების გამოთქმის საფუძველს იძლევა. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სპეცდანიშნულების რაზმი, სახელწოდებით „ალფა“ საქართველოშიც შეიქმნა და ამ რაზმის წევრებს უშუალოდ რუსი სეხნიები წვრთნიდნენ.
საქართველოში სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ უშუალოდ უშიშროების ყოფილი მინისტრის, ამჟამად ტერორიზმსა და სამშობლოს ღალატში ბრალდებული იგორ გიორგაძის სახელს უკავშირდება. „ალფა“ 1992 წლის გაზაფხულზე მართლაც მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა. იგორ გიორგაძე მაშინ თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თავკაცი გახლდათ.
ამერიკაში გაწვრთნილ, ტერორიზმისა და ნარკომაფიის წინააღმდეგ მებრძოლ, ლოკალური ფუნქციის მქონე სპეცჯგუფ „ომეგასგან“ „ალფა“ რადიკალურად განსხვავდებოდა – ის სამხედრო შენაერთი გახლდათ, რომელსაც აქცენტი საბრძოლო დავალებებზე უნდა გაეკეთებინა. მაშინდელ „ალფას“ კოტე შავიშვილი და თემურ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ეს ის თემურ პაპუაშვილი გახლავთ, რომელიც „მაისის არშემდგარი ცნობილი ტერაქტის“ ორგანიზატორობისთვის 1999 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს. მოგვიანებით ის ორთაჭალის ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. თემურ პაპუაშვილი 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზატორობისთვის გასამართლებული უშიშროების ოფიცრის გელა პაპუაშვილის ძმა გახლდათ. სწორედ გელა პაპუაშვილი ჩაუდგა სათავეში იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრად დანიშვნის შემდეგ მასთან ერთად უშიშროებაში გადასულ „ალფას“.
პირველი წვრთნა ალფელებმა თავდაცვის სამინისტროში გაიარეს, ლაგოდეხში განლაგებულ რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის წამყვან ინსტრუქტორებთან. დიდძალი სამხედრო აღჭურვილობითა და ტექნიკითაც რუსმა მასწავლებლებმა შეაიარაღეს ალფელები. უშიშროების სამინისტროში გადასვლის მიუხედავად, სპეცრაზმს სპეციფიკა არ შეუცვლია – კვლავ სამხედრო შენაერთად დარჩა, ოღონდ მისი შემადგენლობა გაიზარდა. ახალი წევრები მკაცრი ტესტირების საფუძველზე შეარჩიეს. საბოლოოდ, არჩეულმა ალფელებმა პროფესიული მომზადება რუსეთში ბალაშიხაში, „კგბ“-ს აკადემიაში გაიარეს, 75-მა კაცმა უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო. ბალაშიხაში გამოცდები ალფელებმა უმაღლეს დონეზე ჩააბარეს და უნივერსალური მებრძოლების სტატუსი მიიღეს. იქ მათ რუსული „ალფას“ გამოცდილი მებრძოლები წვრთნიდნენ. თავის დროზე უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებული ორი სპეცრაზმი – ამერიკელ ინსტრუქტორთა მიერ Georgian Craizy-დ (ქართველი გიჟები) მონათლული ომეგელები და რუსი გენერლების მიერ „Звери Штурмовики“-ს სახელით დაჯილდოებული „ალფა“ არამარტო პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთს – „ომეგას“ ამერიკული ორიენტაცია ჰქონდა, მეორეს – „ალფას“ – კი რუსული.
უშიშროების მინისტრ გიორგაძეს დაქვემდებარებულ ორ სპეცრაზმს შორის „ალფას“ ფავორიტის ადგილი, შესაბამისად, პრივილეგირებულის პოზიცია ეჭირა. ყველა მნიშვნელოვანი და საიდუმლო ოპერაციის ჩატარებას ძირითადად გიორგაძის გუნდს – ალფელებს ანდობდნენ, „ომეგას“ კი, ფაქტობრივად, კომერციული ტვირთების გაცილების მეტი აღარაფერი ევალებოდა.
29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ „ალფაც“ დაიშალა. ალფელებმა ტერაქტში ბრალდებული ომეგელების დაკავების სპეცოპერაციები ჩაატარეს და მას შემდეგ, რაც ტერაქტის ორგანიზატორობაში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ მოსკოვს შეაფარა თავი, ალფელებიც დააპატიმრეს – ტერაქტის ორგანიზატორობის ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ „ომეგას“ წევრებისგან განსხვავებით, მათთვის ეს მძიმე ბრალდება არავის მოუხსნია.
„ალფას“ სპეცდავალებების შესრულება ზედმიწევნით კარგად ხელეწიფებოდა: რუსულ სუკ-ში გაწვრთნილი, რუსული ორიენტაციის უშიშროების მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ალფელები სამხედრო-საინჟინრო საქმის (დანაღმვა-განაღმვა-აფეთქება) საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ, კარგი მოიერიშეები, დაცვის ხელოვნების ზედმიწევნით მცოდნენი, ასევე, საუკეთესო სნაიპერები.
This post has been edited by triumpi on 1 Dec 2015, 14:16