საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა თავისუფალი დრო თუ გაქვთ
---------------
"Cyber Class" - კიბერუსაფრთხოების საფუძვლების სასწავლო კურსი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE დაინტერესებულ ახალგაზრდებს (20-25 წელი) იწვევს უფასო სასწავლო კურსზე, რომლის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს კიბერუსაფრთხოების საფუძვლების ათვისებაში და ასევე გაუზიაროს მათ სააგენტოში ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნა. პროექტი "კიბერ კლასი" (Cyber Class) დამწყებ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემდეგ დისციპლინებში: ინფორმაციის სისტემური შეგროვება, შეღწევადობის ტესტირება, მავნე კოდის ანალიზი, ე.წ. "Pcap" და ლოგ ფაილების ანალიზი, ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები.
იმისათვის რომ, მსმენელმა შეძლოს აღნიშნული კურსის გავლა, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: კომპიუტერული ქსელების საფუძვლები, კრიპტოგრაფია და ვებ დეველოპმენტი (Networking, Scripting, Web development).
სრული კურსი მოიცავს 6 სასწავლო კვირას. კვირაში გათვალისწინებულია ერთი 2-3 საათიანი ლექცია. ყოველი ლექცია თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სამუშაოს. კურსისთვის მომზადდება შესაბამისი სახელმძღვანელოები და პრაქტიკული სავარჯიშოები, ასევე მოწვეული იქნება არაერთი ექსპერტი და დარგის სპეციალისტი კონკრეტული თემის მიხედვით პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად.
თითოეული ლექცია ჩატარდება შემდეგი გეგმის მიხედვით:
** პრეზენტაცია და წინასწარ დაგეგმილი თემის მოკლე განხილვა;
** ლაბორატორიულ სამუშაოების ირგვლივ დისკუსიები და სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციების განხილვა;
** წინასწარ განსაზღვრული თემის შესახებ მასალის მიწოდება;
** ლაბორატორიული სამუშაოს ახსნა და დავალების მიცემა.
ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. "კიბერ კლასის" მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა უფასოდ გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, უშუალოდ დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული სილაბუსის მიხედვით შეიძინონ საბაზისო ცოდნა კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში.
დაინტერესებული პირებისთვის განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი.
** შემოსული რეზიუმეების (CV) განხილვისა და კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 15 მსმენელი, რომელიც გაივლის კურსს;
** უფასო სასწავლო კურსი დაიწყება 30 სექტემბერს და გაგრძელდება 4 (ნოემბრამდე)-მდე;
** კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სპეციალური სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hr@dea.gov.ge
კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE.
ტელ.: 291 51 40;
FB გვერდი:
https://www.facebook.com/certgovge