აი ასე მოკლედ
მე პირადად ძლივს მეყო ნერვები, ბოლომდე რომ წამეკითხა ინტერვიუ და კომენტარს არ გავაკეთებ ჯობია
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი კამპანიას სკანდალური ფაქტებით იწყებს…
“კაცი, რომელიც ნაცების ზეობის პერიოდში ცდილობდა ნაცების მხარდასაჭერად რაგბის კავშირის პოლიტიზებას და მერაბიშვილის გულის მოსაგებად ერთხელაც არ ახსენებდა ბიძინა ივანიშვილს, უნდა წავიდეს…” რაგბის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ უცნაურად, მაგრამ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები. საუბარი იყო პოლიტიკურ ზეწოლაზეც, თუმცა დეტალურად არავის არაფერი უთქვამს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი კანდიდატი გიორგი ნიჟარაძე ივანიშვილს შუშის სახლში შეხვდა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. გამოჩნდა კიდევ ორი კანდიდატი: ლეონსიო – იგივე ლევან ცაბაძე და კახაბერ კობახიძე, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.
“მეტრონომი“: როგორც გავიგე, გადაწყვიტეთ რომ კენჭი იყაროთ ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე. რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
კახაბერ კობახიძე: ჩვენ მორაგბეები ვართ (ბატონი ნიჟარაძისგან განსხვავებით) მორაგბეობა სხვა ფილოსოფიაა და თუ ოვალური ბურთი ხელში არ გჭერია და შენი ქვეყნის ჰიმნზე საბრძოლველად წასვლაზე არ გიფიქია, მაშინ ვერ ჩაწვდები თუ რა არის რაგბის და მორაგბეების ფილოსოფია. ბატონი ნიჟარაძე იმდენად შორს დგას რაგბისგან და მორაგბეობისგან, როგორც ჩვენ ოპერის თეათრის საბალეტო დასისგან. ფეხბურთს შესაძლოა უხელმძღვანელოს კარგმა მენეჯერმა, რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ რაგბი სხვაა, რაგბი ცხოვრებაა, რაგბი თავისებური ფილოსოფიაა, რაგბი ეროვნული სულია და თუ რაგბისტი არ ყოფილხარ, ღირსეულად ვერავინ შეძლებს რაგბის სამყაროს ხელმძღვანელობას. ესაა უცილობლად ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბატონი ნიჟარაძე ვერ ჩაწვდა თუ რა არის რაგბი და ვერ გაუგო მორაგბეებს. მან არც იცის, რომ ჩვენმა და ჩვენს წინა თაობამ თავისი მხრებით, უსტადიონობაში, უფორმობაში, უხელფასობაში და ათას გაჭირვებაში მოიტანეს დღევანდელი ქართული რაგბი, მან არც ასფალტიან მოედანზე გადატყავებული სხეულის სიმწარე იცის და არც ის, თუ როგორია უსახსრო და ერთნაირი სათამაშო ფორმის არმქონე გუნდმა დაამარცხო ტონგა და რაგბის სხვა ლიდერები. მოდით პირდაპირ ვთქვათ სიმართლე, ქართული რაგბის წარმატება განაპირობა წინა თაობების თავგანწირვამ, ახლანდელი ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ნიჭიერებამ და პატრიოტიზმმა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც უპრეცედენტოდ დიდი თანხები ჩადო ქართული რაგბის განვითარებაში, ამიტომ, ბატონი ნიჟარაძისგან ჩვენი რაგბისტების პიროვნული წარმატების და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის თავის თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა.
დიახ, მე ვლაპარაკობ რგოლზე, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სწორი მენეჯმენტი, რათა ბატონი ბიძინას ეს უდიდესი ღვაწლი და დახმარება სწორად მისულიყო რაგბამდე, მაგრამ ამის მაგივრად მივიღეთ საშუალოზე დაბალი დონის საქართველოს ჩემპიონატის დაფინანსება და თითქმის დანგრეული სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ინფრასტრუქტურა, მე პროკურორი არ ვარ, რომ ბრალი წაუყენო, მაგრამ ცხადია რომ იმ ფინანსებით, რომელიც რაგბის კავშირს აქვს, დღეს უნდა გვქონდეს უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატი, ევროპის წამყვანი ჩემპიონატების საკლუბო გუნდების მსგავსი ინფრასტრუქტურა, ხოლო რაგბისტებს ორმაგი და სამმაგი ხელფასები. იმ დროს როდესაც ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი გუნდების რაგბისტებს ხელფასი 500-400 და ხშირად 300 ლარი აქვთ, ამ ფონზე რაგბთან შორს მდგარ ჩინოვნიკებს(რომლებიც ძირითადად ბატონი ნიჟარაძის საახლობლოა) 4000 და 5000 ლარი აქვთ გამოყოფილი ხელფასის სახით. აუცილებლად უნდა ითქვას,რომ ჩვენს გმირ ბიჭებს,ეროვნული ნაკრების მთელს შემადგენლობას, ბევრი რამ დააკლეს და მენეჯმენტი პატიოსანი რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი წარმატება ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა და შესაძლოა ჩვენი ნაკრები ოთხეულში თუ არა მეოთხედფინალში მაინც გვეხილა. 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და ამითი გაამართლა ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა. ვანო მერაბიშვილის და სააკაშვილის უახლოესი მეგობარი – კაცი, რომელიც ნაცების ზეობის პერიოდში ცდილობდა ნაცების მხარდასაჭერად რაგბის კავშირის პოლიტიზირებას და მერაბიშვილის გულის მოსაგებად ერთხელაც არ ახსენებდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს რაგბის განვითარებაში, უნდა წავიდეს. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია დღეს კვლავ ბედავდეს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. ძალზედ მარტივი აქსიომაა, რომ რაგბი უნდა მართონ პატიოსანმა რაგბისტებმა და არა კომუნისტური პარტიისა და ნაცმოძრაობის წიაღში აღმოცენებულმა ყვარყვარეებმა, რომლებისთვისა რაგბი ბიზნესი და ფულის შოვნის საშუალებაა და არა ეროვნული სიამაყე.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი, ფილარმონიასთან ხალხს მოუწოდებს შეკრებისკენ. მემგონი დღეს იკრიბებიან. რა ხდება ვერ გავიგე, რა უნდათ, რატომ უნდათ…
– და ვინ იკრიბება, რომელი მხარე, რომელი კანდიდატი?
– ალბათ ნიჟარაძის, თორემ აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, რათა ქართული რაგბის ოჯახში ზედმეტი შეკითხვები არ გაჩენილიყო და ვაჟკაცურად გადადგა ეს ნაბიჯი.
– ნიჟარაძემაც ხო მოხსნა თავისი კანდიდატურა. რა ხდება დღეს რეალურად?
– ვიღაცას ალბათ უნდა ნიჟარაძე იყოს ისევ, არ მიეხედოს ქართულ რაგბის, არ მიეხედოს შვიდკაცას და გაჩერებულ 13-კაცა რაგბს, რომელიც გიორგი ნიჟარაძის ხელშეწყობით გაჩერდა. მითუმეტეს, როდესაც მსოფლიო და ევროპის ფედერაციამ დაგვიშვა პირდაპირ ექვს ერზე და ეს ალბათ უნდა გახარებოდა ქართული რაგბის გულშემატკივარს და რაგბის მესვეურებსაც წაადგებოდათ.
– ანუ ნიჟარაძეს, რომელმაც უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, მაინც უნდა პრეზიდენტობა?
– ისევ ვითარდება მოვლენები, რომ ასე ჩანს. ბარემ, საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიოთ და ეგ იქნება…
– ბატონო კახა, ამბობთ, რომ ნიჟარაძე ნაყოფიერი საქმიანობით არ გამოირჩეოდა…
– მოდით, შევაფასოთ ფედერაციის მუშაობა. კი, იყო ჯილდოები კარგ მენეჯერობაზე, აუღია ეს ჯილდო ნიჟარაძეს, არავის არ ეპარება ეჭვი მის მენეჯერობაში, მაგრამ აქ ლაპარაკია ქართული რაგბის განვითარებაზე. ბავშვთა რაგბი არ გვაქვს. როცა ამხელა ინფრასტრუქტურაა და ღვთის წყალობით, ამხელა საჩუქარი გაგავიკეთა ბიძინა ივანიშვილმა… ჩემი თაობის მორაგბეებს დაგვცინოდნენ, ასფალტზე გაზრდილი ბიჭები არიანო და … არ არის განავითარება დღეს ბავშვთა რაგბში.
საქართველოს ჩემპიონატშიც დაბალი დონეა. არ არის ის დონე, რაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეკადრება. ამ დროს ლაპარაკობენ რომ რაგბი ვითარდება. სად არის, სად ვითარდება? მაჩვენეთ როგორ ვითარდება?
13-კაცა რაგბი გაგვიჩერეს ოფიციალურად. 13-კაცა რაგბის გამოცდილებამ ის მოიტანა, რომ შვიდმა ბიჭმა მსოფლიოზე ითამაშა. მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის რაგბის განვითარებისთვის საჭირო რესურსი.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიჟარაძე ივანიშვილს შეხვდა შუშის სახლში და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მოეხსნა კანდიდატურა. როგორც ამბობთ, იგი მაინც აქტიურობს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და საერთოდ, შეხვედრის მიზეზი რაღა იყო მაშინ? პირადად მე, მართლა ვერ გავიგე…
– არ ვიცი ნიჟარაძე შეხვდა თუ არა ივანიშვილს, მაგრამ თუ შეხვდა და მადლობა გადაუხადა ივანიშვილს იმ ყველაფრისთვის,რაც მან გააკეთა ქართული რაგბისთვის, ინფრასტრუქტურას და სხვა ბევრ რამეს ვგულისხმობ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მან ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადადგომა… გვითხრას რა ხდება, რატომ არ ამბობს?!
– მოდით, პოლიტიკურ ზეწოლაზეც ვისუბროთ, ამაზეც გაკეთდა აქცენტები რამდენიმე დღის წინ… ვისი მხრიდან არის ეს ზეწოლა? მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ…მაგალითად კალაძემ უკვე თქვა, რომ რაგბთან მე არანაირი შეხება არ მაქვსო, არაფერში ვერევი და ვერც ჩავერევიო. აბა ვინ ერეოდა და თუ ერეოდა რა დოზით?
– გაკვირვებული ვარ მეც. გამოვიდნენ და თქვან. ამ ადამიანებმა, გამგეობამ და გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთეს ტელევიზიით განცხადება და ამ ადამიანებს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა. გამობრძანდნენ და თქვან რა ხდება. მე ვერანაირ ზეწოლას ვერ ვხედავ და არ ვიცი.
– აბუსერიძემ რაღატომ მოხსნა კანდიდატურა?
– არ ვიცი… არ ვიცი… ეს თავად ირაკლის გადაწყვეტილება იყო. ისეთი ანტიკამპანია აგორდა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში, არ მინდა ბოლომდე შეურაცხყოფა მივაყენო იმ ხალხს, ვინც რაღაცეებს წერდნენ ირაკლიზე, ჩვენს კაპიტანზე, რომელმაც ღირსეულად უკაპიტნა ეროვნულ ნაკრებს და დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში თავისი ხედვით, იმ გამოცდილებით და თამაშით. გამოთქვა ადამიანმა პრეტენზია ქართულ რაგბზე, რომ ცვლილებები განსახორციელებელია. და ახლა, თურმე, ნიჟარაძემ ბავშვთა რაგბს უნდა მიხედოს და ა.შ თვითონ განაცხადა ტელევიზიაში… არაფერს ახალს არ ვამბობ, ვლაპარაკობ და ანალიზს ვაკეთებ მათი განცხადებებიდან გამომდინარე.
– თუკი თქვენ გაიმარჯვებთ არჩევნებში, რითი დაიწყებთ? რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა?
– რაც ყველაზე მთავარია, ღირსება თუ არ გაქვს, რაგბს ვერ ითამაშებ. ვუყურე ნიჟარაძის განცხადებას, ერთ-ერთი ევროპელი ჩვენი მეგობარი ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და თქვა, რომ აქ ვიღაცები ვიღაცებს დევნიან. სამოცდაათი წლის ხალხი, ვინც რაგბს თამაშობდა ადრე, უნდა გავყაროთ? ყველაზე ცუდი ის ხდება დღეს, რომ ისტერიკა მოაწყო ტელევიზიაში ნიჟარაძემ. არ დავუშვებო რაღაცებს… გამოვიდეს და თქვას რას გულისხმობს? თუ ბრძანდებოდა ივანიშვილთან, რაზე იყო საუბარი, თქვას…
– როგორც ვიცი, არჩევნები 20 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი და 20 დეკემბერს გადმოიტანეს. ესეც ნიჟარაძის ინიციატივით მოხდა?
– რა თქმა უნდა. თვითონ თქვა ნიჟარაძემ, რომ ყველაზე მძიმე თვე ჰქონდა. ამ თვეს გულისხმობდა. ინგლისიდან რომ დაბრუნდა, თქვა რომ კენჭს მე ვიყრიო. რეალური მიზეზი ის არის, რომ კონკურენტებს ალბათ ვერ მოესწოთ მომზადება.
– ქართული რაგბის სამყაროში როგორი განწყობებია? ბევრი ამბობს რომ ნიჟარაძე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატურაა…
– თუ ხალხი ამბობს, რომ იმათი კანდიდატია ალბათ არის რაღაც სიმართლე. მენეჯმენტში რა ხდება, კაცი შვილმა არაფერი იცის. აბუსერიძის მიმართ იმდენი ცილისწამება დავინახე, რომ სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარია ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიმართ ასეთი ზიზღი. ამ ვიღაც კლანის მხრიდან, ასე ვუწოდებდი. ხან იქით გადაწევენ, ხან აქეთ გადმოწევენ საარჩევნო თარიღს, რასაც უნდა იმას იზამენ.. პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ფაქტია. ნიჟარაძე თუ ისევ გადაწყვეტს თავისი კანდიდატურის დაყენებას, პირდაპირ ეთერში, მეც, როგორც კანდიდატი, დებატებს მოვითხოვ პირდაპირ ეთერში.
– დებატები? თუ გაიმართა დებატები, თქვენი მთავარი იარაღი რა იქნება, რას დაუპირისპირებთ?
– ჩემი მთავარი იარაღია ის, რომ ქართულ რაგბიში არასწორი მენეჯმენტია, არასწორად ვითარდება და მას განვითარება სჭირდება. საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონე და სხვა, რაც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე.
– ხომ შეიძლება ნიჟარაძემ გიპასუხოთ, რომ ნაკრებს ბოლო პერიოდში დადებითი შედეგები აქვს. ესეც ხომ ინდიკატორი იქნებოდა მისი მხრიდან?
– მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ გავედით. იქ ბიჭებს რომ არ ევაჟკაცათ, ნამიბიასთანაც კი ვაგებდით. ეს არის ქართული რაგბის წარმატება? ჯერ კიდევ 1998 წელს მოუგო საქართველომ ტონგას ეროვნულზე. ახლა 2016 წელი მოდის.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ლევან ცაბაძემ (ლეონსიო) წამოაყენა თავისი კანდიდატურა…
– დიახ, ლევანმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ლეონსიო დიდი მორაგბეა და საკმაოდ გამოცდილი ადამიანია. ამჟამად ასპინძის რაიონის გამგებელია – საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს აშენებს და ალამაზებს. მეც პირველად გავიგე ის ამბავი, რომ კანდიდატურის წარდგენას აპირებს. მე პირადად მაინტერესებს მისი ხედვა და რაგბის განვითარების მისეული გეგმა – ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნული ნაკრებით დამთავრებული.
– თქვენი მოსვლის შემთხვევაში გრანდებს ვეთამაშებით? მიმართავთ აქეთ თქვენს ძალისხმევას?
– ჩვენ ყოველთვის გვქონდა მათთან თამაშის ამბიცია. რვა წელიწადი ფაქტობრივად დაიკარგა. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ამას მივაღწიო. ამბობენ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოსო… აუცილებლად უნდა ჩაერიოს!
– თქვენ 13-კაცა რაგბის დამფუძნებელიც იყავით. რა მოხდა, რატომ წამოხვედით?
– წამოსვლით არ წამოვსულვარ. დიდმა მორაგბეებმა, ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ 13-კაცა რაგბი. ჩამოვიყვანეთ ჩვენი მეგობრები ლონდონიდან, რომლებიც გვეხმარებოდა ახალი თამაშის სწავლაში და ათვისებაში. დავდგით საბრძოლო ფერხული, ანუ ქართული ჰაკა, რომელშიც ილიკო სუხიშვილი გვეხმარებოდა და ამით წარვსდექით ქართველი მაყურებლის წინაშე, ეროვნულ სტადიონზე, სადაც პირველი ამხანაგური თამაში გავმართეთ სერბეთთან. ჩვენმა ფერხულმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ევროპული გრანდის და მსოფლიო რაგბის მესვეურებმა გაგვიშვეს პირდაპირ 6 ერზე. შოტლანდიაში საერთაშორისო თამაშზე უნდა გავსულიყავით და მაშინ ვინც გვყავდა 13-კაცა ფედერაციის პრეზიდენტად, არ გაგვიშვა, ფული არ არისო. ჩელე, გიორგი გორგასლიძე იყო მაშინ, ახლა ვიცე-პრეზიდენტია. ოფიციალური წერილი გავაგვზავნეთ და გორგასლიძე გადავაყენეთ. ამასობაში 13-კაცაზე ვისაც უნდოდა თამაში, ბლოკავდნენ და ეუბნებდნენ, რომ ეროვნულში აღარ ათამაშებდნენ. 13-კაცა რაგბის განვითარება სწორედ დიდი რაგბის განვითარებას წაადგებოდა. მსოფლიოშიც ასეა. საერთაშორისო თამაშები ჩაგვიშალეს, აია ჩაიბარა და 15 კაცას პრეზიდენტი გახდა გორგასლიძე და ჩვენ დროებით შეგვიჩერეს 13-კაცა…
– ნახევრად ხუმრობით, თქვენ თუ პრეზიდენტი გახდებით, გვპირდებით, რომ ახალ ზელანდიას მოვუგებთ?
– ჩვენი მიზანი ქართული რაგბის წინსვლა და ნახტომია. მითუმეტეს ამხელა მახრდაჭერა აქვს ივანიშვილისგან. 2020 წლამდე ქვეყანამ რაგბით უნდა იცხოვროს, იმდენი შეხვედრები და ჩემპიონატებია დაგეგმილი და… უნდა მოვუგოთ, აბა როგორ გინდა? აბა სულ რუსეთს ვეთამაშოთ?
P.S. “მეტრონომის” რედაქცია ნებისმიერ დროს მზადაა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ ყოფილ თუ ამჟამინდელ კანდიდატს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ბატონების, გიორგი ნიჟარაძის, ირაკლი აბუსერიძის, ლევან ცაბაძისა თუ სხვათა პოზიციები როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ.
“მეტრონომის” რედაქცია
http://metronome.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%...83%94%E1%83%9C/