
სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობა 27 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს" ვაკის პარკთან დაგეგმილი პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, 25 დეკემბერს ჩამოდიან კომპანიის უცხოელი პარტნიორები ადვოკატებთან ერთად, მოხდება ტექნიკის მობილიზება და შეჩერებული სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. ზაქაიძე განმარტავს, რომ კომპანიას აღნიშნულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა აქვს და არც არასდროს შეჩერებია, ამიტომ საქმე მარტივადაა.
„ძალიან მარტივია, ჩვენ გვაქვს მშენებლობის ნებართვა, მივდივართ და ვიწყებთ. ახლა ჩამოვლენ ინვესტორები და შემდეგ გადაწყვიტოს მერიამ, ურჩევნია აგვაშენებინოს თუ 11 მილიონი გადაიხადონ. ჩვენ ვართ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც მშენებლობის ნებართვიანი მიწა ვიყიდეთ, თუ სახელმწიფოს ან ვინეს უნდა ეს მიწა, გადაგვიხადოს იმ რაოდენობის ფული, რომელიც უნდა მომეგო ამ პროექტში და კი ბატონო. გადაგვიხადონ ან გაგვიცვალონ, რომელიმე ღირებულ ტერიტორიაში"-აცხადებს ზაქაიძე.
მისი განცხადებით, კომპანიამ ადგილზე ექსპერტები მიიყვანა, რომელთა დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაფერი კანონდმებლობის სრული დაცვით ხდებოდა. „მერია გვდავებოდა იმაზე, რომ ჩვენმა კომპანიამ ვერ შეძლო ღობის ზომებში დაყენება, ეს ხომ აბსურდია. თუ არსებობს სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში კანონი, მაშინ უნდა ავაშენოთ და თუ ეს არის ვიღაცის ახირება -გვითხრან რომ ასეა და გადაიხადონ ფული. დღეს არ არის ის მთავრობა, რომ ვიღაცას რაღაცას წაართვას. სახელმწიფოს თუ ძალიან უნდა, მოვიდეს და იყიდოს, თუ არ უნდა აგვაშენებინოს, ხომ არ წაგვართმევს?“ - აცხადებს ზაქაიძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას სასტუმრო „ბუდაპეშტის" პროექტზე უკვე დახარჯული აქვს 4 მილიონ დოლარამდე. აქედან 3 მილიონი დოლარი მიწის ღირებულებაა, 1 მილიონი კი ოფისის შენახვის ხარჯია.
22–მილიონიანი სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობა თითქმის ერთი წელია შეჩერდა. იანვარში გიორგი ზაქაიძე "კომერსანტთან" აცხადებდა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა კომპანიას მიწის ნაკვეთი ვარკეთილსა და ვაზისუბანში არსებულ რომელიმე სხვა ნაკვეთზე გადაეცვალა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მიწის ნაკვეთი დავუთმოთ 11 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ამ 11 მილიონში შედის - მიწის ნაკვეთის ღირებულება (3 მილიონი დოლარი), სავარაუდო მოგება (7 მილიონი დოლარი) და შეჩერებული სამუშაოების გამო გამოწვეული ზარალი (1 მილიონი დოლარი). ხოლო თუ მერია არც ამ წინადადებაზე დათანხმდება და მშენებლობის საშუალებასაც არ მოგვცემს, კომპანია სამართლებრივად გააგრძელებს ბრძოლას, რაც, მერიას 30 მილიონი დოლარი დაუჯდება," - ასეთი იყო კომპანიის პოზიცია. კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზი ოპერატიულად აღმოფხვრეს.
მაშინ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფში" არ გამორიცხავდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიისადმი გარკვეული ინტერესი არსებობს და მერია სწორედ ამიტომ უშლის ხელს კომპანიას პროექტის დაწყებაში.
ვაკის პარკთან დაგეგმილ მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა.
http://commersant.ge/?m=5&news_id=30588&cat_id=11
This post has been edited by gabro777 on 19 Dec 2015, 11:40