http://www.interpressnews.ge/ge/regioni/35...-damtkicda.html09:08 18-12-2015
არჩილ ხაბაძის ანგარიში უმაღლეს საბჭოში ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დამტკიცდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ანგარიშის დადგენილება აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დამტკიცდა.
8 საათის განმავლობაში მიმდინარე პლენარული სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს, დარბაზში მყოფი "ქართული ოცნების" 10 დეპუტატის ხმა კი კენჭისყრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და უმაღლესმა საბჭომ დადგენილება ანგარიშის მოსმენის ცნობად მიღების თაობაზე ვერ დაამტკიცა.
არჩილ ხაბაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ქმედება "კონცერტის ჩატარების მცდელობად" შეაფასა და განაცხადა, რომ სხდომამ ნორმალურად ჩაიარა და მისი გუნდი კმაყოფილია.
"იყო მცდელობა კონცერტის ჩატარების, თუმცა ერთ-ერთი "სოლისტი" ვერ დაესწრო ამ კონცერტს. ვეცადე, ვყოფილიყავი ჩარჩოებში და პასუხები გამეცა მხოლოდ კომპეტენციის ფარგლებში და არა ემოციებით. ვფიქრობ, ნორმალურად ჩაიარა სხდომამ და კმაყოფილია ჩვენი გუნდი", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
"ნაიონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ზამბახიძემ კი არჩილ ხაბაძის მოხსენებას "ანგარიში ანგარიშისთვის" უწოდა და განაცხადა, რომ აქცენტები გაკეთებული იყო არა რეგიონში მიმდინარე საკითხებზე, არამედ ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობაზე.
"აბსოლუტურად უსუსური და არაფრით საინტერესო გამოსვლა იყო. ეს იყო ანგარიში ანგარიშისთვის. აქცენტები იყო გაკეთებული ცენტრალურ ხელისუფლებაში მინდინარე პროცესებზე და არა რეგიონში მიმდინარე საკითხებზე. დღევანდელი ანგარიშით მივხვდი, თუ რატომ არ მოდიოდა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში. სწორედ იმიტომ, რომ მას ბევრი არაფერი ჰქონდა სათქმელი", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში 18-გვერდიანი მოხსენებით წარსდგა. მოხსენების შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმი 5 საათს გაგრძელდა.