პრემიერი: ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეაპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წელს ხალხმა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაერთიანებულ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ დააკისრა, რომელმაც თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენებისკენ აიღო გეზი.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საკრებულოში განაცხადა, სადაც ის საზოგადოებას მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
„21-ე საუკუნის მეთხუთმეტე წელი იწურება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს სამი ხელისუფლება მართავდა. 2012 წელს ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ხალხმა, რომლის ნაწილიც თავად ვართ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაერთიანებულ ჩვენ გუნდს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” დააკისრა.
ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ავტორიტარული მმართველობა და ავირჩიეთ განვითარების არსებითად ახალი გეზი - თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება. ისეთი საქართველო, რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი დიდი წინაპრების მუდმივი მისწრაფება - ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა, მსოფლიო მოწინავე ქვეყანათა მრავალფეროვნების თვითმყოფადი და გამორჩეული წევრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს მთავრობის შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა.
„ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს.
დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა: ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენ წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა. ამიერიდან საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება და ამ ახალი ეპოქის ზღურბლზე, მსურს ჩემი მთავრობის სახელით უკვე გაკეთებულის ანგარიში ჩაგაბაროთ და ამავდროულად, უახლოესი მომავლის ხედვა გაგიზიაროთ.
რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს გამოწვევები, რომელთა წინაშეც კვლავ ვდგავართ, თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
http://www.info9.ge/politika/135868-premie...html?lang=ka-GE