რეკეტი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5972
წევრი No.: 178270
რეგისტრ.: 16-December 13
|
#46563044 · 24 Dec 2015, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა ,,გლობეს” უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო გლობალ – მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. გამოყოფენ გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტს. გლობალიზაციათითოეული მათგანის გაშუქება უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი თანმხლები შედეგები და წინააღმდეგობები. ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ განშტოებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირები საერთოა. ყურადღებას გლობალიზაციის კულტურის ასპექტებზე გავაკეთებთ. კულტურული გლობალიზაცია და გლობალიზაციის კულტურა მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლასა და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას.
გლობალური კულტურა დასავლური სამყაროს პირმშოა და მასთან დაკავშირებული პროცესები მომდინარეობენ თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან. ესენი არიან თანამედროვე ახალი ,,კულტურული იმპერიები.“ უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გლობალური კულტურა და იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ძალისმიერ პოლიტიკასა და, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან.
ზოგიერთ ქვეყანაში კულტურული გლობალიზაციის პროცესი დიდ წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს აწყდება. ყოველი ქვეყნის კულტურა გამოირჩევა საკუთარი ბუნებით, სპეციფიკით, თვითმყოფადობით, ისტორიით, თვისებებითა და ტრადიციებით, ღირებულებებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად აფერხებენ ე.წ. კულტურული იმპერიალიზმის მზარდ პროცესს. მაგრამ ხდება პირიქითაც, როდესაც ქვეყნის კულტურა იზღუდება, იჩრდილება, ან ცვლილებას განიცდის გლობალური კულტურის მიერ. მიუხედავად ამგვარი გავლენისა, ქვეყნის, ერის კულტურა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ბუნებას, რადგან მას გლობალიზაციის მავნე პროცესებისაგან გარკვეული სახის „თავდაცვითი მექანიზმები“ გააჩნია. აქ, გარკვეულწილად, იგულისხმება ის მახასიათებლები, რომლებიც თითოეული ერის, ეროვნული კულტურის განმასხვავებელ ნიშნებს მოიცავს. ესენია: 1) ეროვნული ხასიათი, 2) ისტორია, 3) ერისადმი კუთვნილების აღქმა და განცდა, 4) დროის ფაქტორი, 5) გარკვეულ სივრცეში არსებობა, 6) ენა, 7) არავერბალური კომუნიკაცია, 8) ღირებულებანი და ფასეულობანი, 9) ქცევა: ნორმა, წესები, ტრადიციები და ჩვეულებები, 10) სოციალური ჯგუფები, გაერთიანებები და კავშირები.
გლობალიზაციის ერაში კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად იმ ქვეყნის, ერის, მოსახლეობის ეროვნულ სიძლიერეზე, იმაზე, თუ რამდენადაა ის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერი, ღრმაა მათი კულტურული მახასიათებლები, ისტორიული ფესვები, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერის როლი და მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი გარდაქმნების ფონზე საგრძნობლად შესუსტდა, იგი მაინც არსებობს და ზოგ ქვეყანაში გზასაც უღობავს და აფერხებს გლობალურ ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც მათი ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისათვის მიუღებელია.
თანამედროვე გლობალური კულტურა, პირველ რიგში, ტექნოლოგიური ცივილიზაციის შემომტანია მსოფლიოში. მისი კოსმოპოლიტიზმი ძირითადად ეფუძნება უდიდეს ტექნოლოგიურ ბაზას კომუნიკაციის ყოვლისმომცველი სისტემით, რომელიც თავისთავად ქმნის მჭიდროდ ურთიერთდამოკიდებულ სოციალურ, კულტურულ კავშირებს. ამგვარ უნივერსალურ-კულტურულ პროცესებს არა აქვთ კონკრეტული ისტორიული საფუძველი, არც განვითარების სპეციფიური, მახასიათებელი რიტმი და თანმიმდევრობა. კულტურული გლობალიზაცია მესამე სამყაროს ქვეყნებსა და არადასავლურ საზოგადოებაში განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად იგრძნობა. იგი აქ ადგილობრივი კულტურისათვის სრულიად უცხო და ახალ ელემენტებსა და ღირებულებებს ამკვიდრებს.
ისეთი მძლავრი კულტურული ფენომენები, როგორებიც არის მუსიკა, კინო, ხელოვნება, სპორტი, ტანსაცმელი დღეს, სამწუხაროდ, ხდება გლობალური ბაზრის პროდუქტი. ამგვარი კომერციალიზაცია, რომელიც იწვევს კულტურული ღირებულებების გაუფასურებას, თავისთავად ნეგატიური პროცესია. წარმოიქმნება ბევრი ქვეყნის კულტურული მახასიათებლების დაკარგვის საშიშროება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიიღებს გლობალური, კომერციული ბაზარი. ერის კულტურა ასაზრდოებს გაცილებით ღირებულ და სრულიად განსხვავებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს. როგორც ერთმა აფრიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, ტრადიციული კულტურული ღირებულებანი მიაქვს კოკა-კოლისა და მაკდონალდსის კულტურას. გლობალური, კოსმოპოლიტური კულტურის საერთო ასპექტი არის ის, რომ იგი სთავაზობს ხალხს ყველასათვის საერთო იდეალებს, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია და რაც შეუძლებელია მიიღოს და გაითავისოს მსოფლიოს ყველა ერმა თუ საზოგადოებამ.
მსოფლიოში არ არსებობს ორი მსგავსი კულტურის მატარებელი ერი. ამდენად, ერთიანი კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია.
|