პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 450 000 ლარი გამოუყო. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულება მთავრობის მეთაურმა 2015 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, თანხა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამოიყო.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;
ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
დ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის − 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად",- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე სწორედ 2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება პირველია, რასაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ მოაწერა ხელი.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=49174