უფლის 10 საჩუქარი და გაზიარებული ბედნიერება font-large font-small
უფლის 10 საჩუქარი და გაზიარებული ბედნიერება
09.01.2016
"სასულიერო პირი მრევლისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს"
რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია საქართველოში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 ბავშვი ბევრ ოჯახში არ იზრდება. მამა ტარიელის (ჟღენტი) ოჯახი ამ მხრივ გამორჩეული და სამაგალითოა! ზუსტად 1 თვის წინ, მას მე-11 შვილი შეეძინა. პატარა ანა ქვეყანას 7 დეკემბერს მოევლინა. უფროსი შვილი- ქეთევანი 23 წლისაა, იაკობი- 22-ის, ლევანი- 19-ის, სიდონია- 17-ის, ეგნატე- 14-ის, წყალობა- 12-ის, აბო- 7-ის, მარიამი- 4-ის, დემნა კი 2 წლის გახლავთ.
მამა ტარიელი ღვთისმსახურებას მეტეხის ტაძარში ეწევა. ოჯახი სოფელ ნასაგურში ცხოვრობს. აქვს საოჯახო მეურნეობა, ფერმა, ზეთის სახდელი პატარა საამქრო. შვილებს შრომის სიყვარულს, ერთმანეთზე მზრუნველობას ასწავლის და ფოფოდია შორენასთან ერთად, დიდი სიყვარულის მაგალითს აძლევს.
უმეტეს შემთხვევაში, მრავალშვილიან ოჯახებში ეკონომიკურად არცთუ ისე კარგი მდგომარეობაა, მამა ტარიელის სახლში კი ეს პრობლემა არ არსებობს. მის ოჯახში არა მხოლოდ ბევრი ბავშვი, არამედ ხვავი, ბარაქა, სითბო, სიყვარული ტრიალებს. მე მათთან ვნახე, ჩავწერე და გადავიღე ბედნიერება, რომელსაც ახლა თქვენ გაგიზიარებთ.
მამა ტარიელის დედა, ქეთევან კობახიძე ამბობს, რომ მისი შვილი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. თანატოლებისგან განსხვავებით, ხშირად ჩაფიქრებული დადიოდა. მხოლოდ ჯვრებს ხატავდა, ძერწავდა, მაცხოვრის სახეს აქანდაკებდა. როდესაც თოიძის სახელობის სასწავლებელში ჩააბარა, თავი ყველას ნიჭიერებით დაამახსოვრა, მაგრამ მალე ეკლესიას დაუახლოვდა და სასწავლებლიდან ხშირად, მონასტერში იპარებოდა. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებოდნენ,- კარგი შვილი გყავთ, მაგრამ მღვდლებს თუ არ ჩამოაშორებთ, მისგან არაფერი გამოვაო. დედა მონასტერში მიდიოდა და მეუფეს სთხოვდა: გევედრებით, შვილს ნუ წამართმევთო.
მამა ტარიელმა ყველასგან მალულად, სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. მესამე კურსზე იყო, როცა ღვთაების მამათა მონასტერში წავიდა. ამ პერიოდიდან მტკიცედ გადაწყვიტა, უფლის მსახური გამხდარიყო. 19 წლის ასაკში დიაკვნად აკურთხეს.
მამა ტარიელი:
- ეკლესიაში 1988 წელს მივედი. იმ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობის მიტინგები იწყებოდა. ხშირად მესმოდა სიტყვები: "ბიბლიაში ასე წერია", "წმინდა მამები ასე ამბობენ"... დავინტერესდი და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მერე კი სემინარიაში ჩავაბარე. წარმოიდგინეთ, ისეთი დრო იყო, რომ როდესაც ვთქვი,- სემინარიაში ჩავაბარე-მეთქი, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ოჯახის წევრები არ მელაპარაკებოდნენ. მანამდეც ეთაკილებოდათ, რომ სამღვდელოებასთან ახლოს ვიყავი.
ქეთევან კობახიძე:- სასწავლებლიდან მონასტერში იპარებოდა, მაგრამ ყოველთვის იბარებდა, რომელ მონასტერში მიდიოდა. როგორც კი ამ ამბავს შემატყობინებდნენ, მასთან მივდიოდი. ასე რამდენჯერმე გამეორდა. ერთხელ მეუფე იობმა მითხრა,- შვილს არ გართმევ. უფალი როგორც ინებებს, ყველაფერი ისე იქნებაო. თოიძის სახელობის სასწავლებელი რომ დაამთავრა, სასულიერო სემინარიაში ჩუმად ჩააბარა. მესამე კურსზე რომ იყო, ღვთაების მონასტერში წავიდა და იქ სასულიერო პირებთან ერთად დიდხანს ცხოვრობდა. სასწავლებლიდან დამირეკეს, ნიჭიერი სტუდენტია და გული გვწყდება, რომ ლექციებზე არ დადის. მოვიდეს, გამოცდები მაინც ჩააბაროსო. ღვთაების მონასტერში წავედი და წამოვიყვანე. 14 წლიდან სასულიერო გზას ადგას. ჩემი მეორე შვილი შავი სამღვდელოების წარმომადგენელია- ბერია. ის 41 წლის გახლავთ. მამა საბა ყინწვისის მონასტერში მსახურობს. კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მონასტერი მის მიერაა გამოკვეთილი. ძალიან ბევრი იშრომა. უკვე გითხარით, მამა ტარიელი
გამორჩეული ბავშვი იყო. ერთხელ თაბაშირით მაცხოვარიც გამოაქანდაკა. ყოველთვის მორწმუნე გახლდათ, მაგრამ მეორე შვილი, რომელიც ახლა ბერია, ცელქი, მოუსვენარი იყო და უფროსი ძმის არ ესმოდა. მე ზესტაფონში ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, ახლა შვილიშვილის სანახავად ჩამოვედი.GzaPress
მამა ტარიელი:
- სემინარიას ვინც ამთავრებს, ყველა მოძღვარი არ გამოდის. ეს არც არის აუცილებელი. ჩემზე დიდი გავლენა მეუფე იობმა მოახდინა. მისი დამსახურებაა, რომ სასულიერო პირი ვარ. ის მაშინ არქიმანდრიტი და მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღოლი გახლდათ. მასთან ერთ-ერთ დღესასწაულზე მოვხვდი და მერე მონასტერში მთელი წელი დავრჩი. შემდეგ წამოვედი, დავოჯახდი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ვიყავი. 21 წლისა მღვდელი გავხდი. ეკლესიას ამ დროს ძალიან უჭირდა. სასულიერო პირების სიმცირე იყო. სწორედ ამიტომ, გამონაკლისი დაუშვეს და მაკურთხეს, თორემ ეს წესის დარღვევა გახლდათ.
მამა ტარიელმა მეუღლე- შორენა მონდაძე თოიძის სახელობის სასწავლებელში გაიცნო და შეუყვარდა,
მაგრამ გოგოს გულის მოგება ცოტათი გაუჭირდა.
შორენა მონდაძე, ფოფოდია:
- ქცევებით სულ მაგრძნობინებდა, რომ ჩემ მიმართ ინტერესი ჰქონდა. მაშინ მორჩილი იყო. მითხრა,- თუ ცოლად არ გამომყვები, სხვას არავის მოვიყვანო. თავიდან უარზე ვიყავი, მერე ქორწინებაზე დავთანხმდი. ტარიელი ჯგუფელებისგან ნიჭიერებით გამორჩეული იყო. კარგი თვისებები ჰქონდა. სტუდენტობის წლები დასამახსოვრებელი იყო. ამ ნაბიჯის გადადგმა იმან გამიადვილა, რომ მორწმუნე გახლდათ და ეს ურთიერთობაშიც იგრძნობოდა.
მშობლებმა ტრადიციული ქორწილი გადაგვიხადეს. ნიშნობა ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ, მერე ჯვრისწერა და ქორწილი გვქონდა.
ქეთევან კობახიძე:
- 19 წლის იყვნენ, რომ დაქორწინდნენ. ჩემს შვილს შორენა ძალიან უყვარდა (და უყვარს). ამბობდა,- ეს გოგო თუ არ წამომყვება, ისევ მონასტერში წავალო. მინდოდა, ოჯახი შეექმნა და მეც ვიაქტიურე, შორენას მშობლებთან ჩავედი. ერთი პატარა, კაფანდარა გოგო იყო და როგორ ვიფიქრებდი, 11 შვილს თუ გააჩენდა? დედამისს ვუთხარი,- ოღონდ გამომატანეთ და ხელისგულზე ვატარებთ-მეთქი. ვფიქრობდი, რომ შვილი მეღუპებოდა. მაშინ სასულიერო გზის არჩევას დაღუპვად აღვიქვამდი, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას 5 ძმა ჰყავდა და აქედან 4 სასულიერო პირი იყო. წარმოშობით რაჭიდან ვარ, ნიკორწმინდიდან. მოკლედ, შედგა ნიშნობა, დავნიშნეთ ქორწილი. ჩემს რძალს ძვირფასი მშობლები ჰყავს. შორენამ თავი ძალიან შემაყვარა, ერთმანეთს ხასიათით ისე კარგად შევეწყვეთ, ოდნავი წყენაც კი არასდროს გვქონია.
მამა ტარიელი:
- შვილის შეძენა- ეს საოცარი შეგრძნებაა, უფლის დიდი წყალობაა. მოგეხსენებათ, სასულიერო პირი თავისი მრევლისთვის მაგალითის მიმცემიც უნდა იყოს. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რომ ადამიანები აღარ დაიბადონ ან ჯანმრთელები არ იყვნენ. ეს უამრავი მიზეზი რომ ვერ გვიშლის ხელს და მაინც ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან, ეს დიდი წყალობაა. ჩვენს ოჯახში მუდამ არის ახალშობილი. ბავშვების მოვლაში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული. ეკლესიიდან შინ მოვიჩქაროდი, შვილს ხომ არაფერი სჭირდება-მეთქი. მე და შორენას მეექვსე შვილი გვაკლია- 1 კვირის დაბადებული იყო, როცა გარდაიცვალა. ეგნატესა და წყალობას შორის დაახლოებით, 3-წელიწადნახევრიანი წყვეტა გვქონდა. სახლში ჩვილი ბავშვი რომ აღარ გვყავდა, იმ დროს რაღაც უცნაური განცდა მქონდა.- ჩვენს ოჯახში ბავშვი კიდევ თუ დაიბადება, ეს წყალობა იქნება და მას სახელად წყალობას დავარქმევ-მეთქი,- ჩემს გულში უფალთან ასეთი აღთქმა დავდე. მალე მართლაც შეგვეძინა ვაჟი. ექიმმა მითხრა, ჯანმრთელი ბავშვი დაიბადაო. უფლის წინაშე დადებული აღთქმა შევასრულე და ახალშობილს წყალობა დავარქვი.
არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვფიქრობდით, ამდენი შვილის მშობელი თუ გავხდებოდით. ალბათ, მალე მოვა ის დრო, როცა ჩვილი ბავშვები აღარ გვეყოლება და არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შევეგუებით.GzaPress
- მერე შვილიშვილები გეყოლებათ...
- ალბათ, ეგეც მალე მოხდება. ჩვენს ხალხს მინდა ვუთხრა: არ შეეშინდეთ შვილების გაჩენის. ხშირად გაიგონებთ,- მერე რა ვაჭამოთ, როგორ ვარჩინოთ და ა.შ. უფალი თავის გაჩენილს არ მიატოვებს. ყველაფერი უფლის განგებით ხდება. არავინ თქვას, 2 შვილს გავზრდი და უზრუნველყოფილი მეყოლებაო. მათ რაღაც ზედმეტი აუცილებლად მოუვათ, რაც შემდგომში სულიერებაზე იმოქმედებს. სჯობს, ერთმანეთზე მზრუნველობას მიეჩვიონ, გაყოფა ისწავლონ.
- ამ ყველაფერს დედისერთა ბავშვი ხომ მოკლებულია?
- რა თქმა უნდა! ვფიქრობ, დედისერთას ცალკე ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. მას ძალიან დიდი რამ აკლდება, იმის გამო, რომ დედმამიშვილი არ ჰყავს. ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა. გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ქართველები უნდა გავმრავლდეთ! როცა ქალი ფეხმძიმედ არის, მას აღარ შეუძლია წავიდეს გასართობად, ეს მდგომარეობა გარკვეულწილად ზღუდავს, რაც აღარ სიამოვნებთ. ქართველი კაცებიც მინდა გავაფრთხილო: არასდროს თქვან, ბევრი შვილი იმიტომ არ გვყავს, რომ მეუღლეს არ უნდაო. ქალს იმ შემთხვევაში არ უნდა ბევრი შვილი, როცა მამაკაცის თანადგომას ვერ გრძნობს. დემოგრაფიული პრობლემის არსებობა უფრო მეტად, კაცების ბრალია. მეუღლეებისადმი მეტი ყურადღება და მეტი ერთგულებაა საჭირო.
შორენა მონდაძე:
- ვერ წარმოვიდგენდი, ამდენი შვილის დედა თუ ვიქნებოდი. თითოეული ახალი სიცოცხლის მოვლინება საოცრებაა. ანა 4 კილო და 100 გრამი საკეისრო კვეთით დაიბადა. მშვიდი გოგოა. უფროსები ძალიან მეხმარებიან. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს უვლიან. ყველას თავისი საქმე აქვს. რაც მთავარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ერთ-ერთ მათგანს თუ დავტუქსავ, დანარჩენები იცავენ.
- მამა ტარიელმა მამაკაცებს ერთგულებისა და ყურადღებისკენ მოუწოდა, თქვენ რას ეტყოდით ქალბატონებს?
- შვილების გაჩენის არ უნდა შეეშინდეთ. ამაზე კარგს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებენ. მოვლა ნამდვილად რთულია, მაგრამ მაინც.
- ამდენ ბავშვს დამოუკიდებლად უვლით, დამხმარე არ გყავთ?
- აქამდე არ მყავდა, მაგრამ 2 დღის წინ ავიყვანეთ.
მამა ტარიელი:
- სასულიერო პირებს ბევრი შვილი უნდა ჰყავდეთ. ეს მაგალითისთვისაც კარგია და თან, მე არ მიჭირს ოჯახის რჩენა. მრევლი მხარში მიდგას, მეხმარებიან. მათ იციან, რომ მრავალშვილიანი ვარ და ეს სიამოვნებთ.
- მრევლში თუ გყავთ მრავალშვილიანი ოჯახები?
- რა თქმა უნდა, მყავს. თითქოს, გამეჯიბრნენ და ამას მივესალმები: ზოგს 6, ზოგს 7 შვილი ჰყავს. მათ შორის არიან სასულიერო პირები. იშვიათად, 9-10-შვილიანებიც არიან.
- გარდა იმისა, რომ ღვთისმსახურებას ეწევით, თქვენი ყოველდღიურობა როგორია?
- როდესაც მღვდელი გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. არც კი ვიცოდი, ფული თუ იყო საჭირო. ოჯახს მატერიალურად მამა უზრუნველგვყოფდა. როდესაც პირველად სახლი ვაკურთხე, მთელი გულით ვიქადაგე. ბოლოს, ჯიბეში გარკვეული თანხა ჩამიდეს და ძალიან შევწუხდი. მიზნად დავისახე, გამეკეთებინა ისეთი რამ, რომ ფულის საჭიროებისგან გავთავისუფლებულიყავი. რა აღარ ვცადე, ბევრი ვიწვალე და ახლა მაქვს პატარა ფერმა, ზეთის სახდელი მცირე საწარმო. მზესუმზირას ზეთს ცივი გამოხდის წესით ვხდი, კვებითი ღირებულებით ზეითუნის ზეთს არ ჩამორჩება. მზესუმზირას ნარჩენს საქონლისთვის ვინახავ. ახლა უკვე მაქვს შესაძლებლობა, ადამიანებს ისე მოვემსახურო, რომ თანხა არ იყოს საჭირო. იმედია, მომავალში უფრო მეტად მოვძლიერდები.
მამა ტარიელს ფერმაში ჰოლანდიური ძროხები ჰყავს. ისინი მაღალი წველადობით გამოირჩევიან- თითოეული 25-30 ლიტრ რძეს იწველის. რძისგან ყველს ამზადებენ და გარდა იმისა, რომ ოჯახში მოიხმარენ, რეალიზაციასაც უკეთებენ. ძროხები ბაგურ კვებაზე ჰყავთ. მათ უმეტესად, უფროსი შვილები უვლიან. ეს საქმე თეორიულად, 4 წლის მარიამმაც კი იცის და ნიჩაბსაც მარჯვედ მოიხმარს. მოძღვარი შვილებს შრომას აჩვევს. სახლი, სადაც ახლა ცხოვრობენ, 5 წლის წინ ააშენეს. მანამდე სხვის ბინაში იყვნენ. უფროსი ბიჭი მუშაობს, მომდევნო- საოჯახო ბიზნესს ხელმძღვანელობს. ოჯახში ახალ წელს მოკრძალებულად აღნიშნავენ და სამარხვო სუფრას შლიან.
მამა ტარიელი:
- გვაქვს ტკბილეული და პატარები ფეიერვერკებს უშვებენ. ამ დღეს ჩვენთან გამორჩეული არაფერი ხდება.- შემდეგ მოდის შობის სიხარული.
- საერთოდ, რელიგიური დღესასწაულის გააზრება, ასეთი საყოველთაო აღნიშვნებით არ ხდება. ყოველი რელიგიური დღესასწაული, ყოველმა მორწმუნემ თავის სულში, გულში უნდა გაიაზროს და ისე უნდა მიაგოს პატივი. ადამიანი ხარბია. რაც მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდა. ყველამ კონტროლი უნდა გაუწიოს საკუთარ თავს, რომ სიხარბემ არ დაღუპოს. ყველას გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! ბედნიერი წელი მოსულიყოს. გასული წლის მიწურულს სასიამოვნო სიახლე გვქონდა, ვიზა-ლიბერალიზაციას ვგულისხმობ. ჩვენი დაბრუნება ევროპასაც უნდა უხაროდეს. ვეცადოთ, ევროპიდან კარგი თვისებები წამოვიღოთ, ცუდისგან უფალმა დაგვიფაროს. ქვეყნის ბედნიერი მომავლის შესაქმნელად, მხოლოდ ხელისუფლების მუშაობა არ არის საკმარისი. თითოეულმა ქართველმაც ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
http://gza.ambebi.ge/qveyana/2901-uflis-10...reba.html?add=1
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)