დაუსრულებელი პოლემიკა საეკლესიო კალენდრის შესახებ შესაძლოა ტავტოლოგიად იქცეს - თითოეული მხარე ერთი და იგივე აზრისა და მდგომარეობის ვარირებას მოახდენს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყოველი კულტურული და მიზანშეწონილი დისკუსიისათვის საჭიროა განსაზღვრული გეგმა. რეფორმის მომხრეებს ვთავაზობთ უპასუხონ მთელ რიგ პრინციპულ კითხვას, რომლებსაც ჩვენი აზრით მდუმარედ აუარეს გვერდი, ანუ შეგნებულად მოახდინეს მათი იგნორირება.
ჩვენი ოპონენტები პროგრესსა და ცივილიზაციაზე, კონტაქტებისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ და რატომღაც ამის ერთ-ერთ პირობად კულტურული და ისტორიული ტრადიციების ინტეგრაციას აყენებენ. ჩვენთვის გაუგებარი რჩება შემდეგი: ნუთუ ჩვენმა პატივცემულმა სწავლულ-ოპონენტებმა არ იციან ის თვალსაჩინო ფაქტები, რომ თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისინი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სტრუქტურების ფუნქციონირების ეტალონად თვლიან, არსებობს და მოქმედებს ათობით საკულტო და სარიტუალო კალენდარი, რომლებსაც კანონი და საზოგადოებრივი აზრი იცავს? ეს არის პირველი საკითხი, რომელზედაც მათგან პასუხს ვისურვებდით; ცნობილია თუ არა ჩვენი ოპონენტებისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება მოითვალო რამდენიმე ასეული ორგანიზაცია, კონფესია და სექტა. ამასთან ყოველი კონფესია და თემი უფლებამოსილია ჰქონდეს თავისი სარიტუალო კალენდარი; ამ ქვეყანაში, როგორც რელიქვია, დაცულია აბორიგენთა სარიტუალო კალენდრები; მთელ რიგ მისტიკურ სექტებში შემოღებულია ძველინდური კალენდრები; ზოგიერთ აშრამაში (მონასტერში) ძველ ჩინურ კალენდარს იყენებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან ადამიანთა ჯგუფს რომ მოეთხოვა საკულტო კალენდრის გაუქმება, ეს ადამიანის ერთ-ერთი უფლების - რელიგიური თავისუფლების დარღვევად იქნებოდა აღქმული და შესაძლოა საქმე სასამართლოსთვის გადაცემულიყო, რამდენადაც ამას რელიგიური რიტუალის დისკრიმინაციად და ფსიქიკურ ძალადობად მიიჩნევდნენ.
ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ორი კალენდრის არსებობას სოფლის მეურნეობისა და წარმოებისათვის სახიფათო, მადესტაბილიზირებელ მოვლენად მიიჩნევს. მათთვის თუ არის ცნობილი, რომ სუპერტექნოლოგიურმა სახელმწიფომ - იაპონიამ ჩვენი ასწლეულის (გასული საუკუნის )70-იან წლებში პარლამენტის გადაწყვეტილებით სინტოისტური კალენდარი 60 წლიანი ციკლებითა და იმპერატორთა დინასტიების ეპოქებით სამოქალაქო კალენდარს გაუტოლა? მას შემდეგ სახელმწიფო და სამოქალაქო დოკუმენტებს ორი დათარიღება უნდა ჰქონდეს. განა ასეთმა გადაწყვეტილებამ დესტაბილიზაციამდე მიიყვანა იაპონიის სამეურნეო ცხოვრება?
ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საეკლესიო კალენდრის არსებობა არის ზღუდე, ანუ არასასურველი ფაქტორი წამყვან სახელმწიფოებთან კავშირების დამყარებაში. მათთვის თუ არის ცნობილი ის, რომ ისრაელის სახელმწიფოში აღორძინდა ძველი აღთქმის კალენდარი - თავისი სტრუქტურით მეტად რთული, ხოლო წლის საშუალო ხანგრძლივობით იულიანურ კალენდართან მიახლოვებული? განა ეს ხელს უშლის ისრაელს ჰქონდეს მჭიდრო კავშირები ამერიკულ ევროპულ სამყაროსთან?
ჩვენმა ოპონენტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სეზონთან მიუბმელმა კალენდარმა შესაძლოა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების თესვის დროში ცდომილება გამოიწვიოს. მუსლიმანური მთვარის კალენდარი საერთოდ არ არის კავშირში სეზონებთან, ყოვეწლიურად ის 11 დღით უსწრებს გრიგორიანულ კალენდარს. ჩვენს ოპონენტებს ვთავაზობთ საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ მუსლიმანები არცთუ ურიგო მოსავალს იწევენ. ამისათვის სრულიად არ არის აუცილებელი სტამბულისა და ბაღდადის ბაზრების მონახულება, საკმარისია გავიდნენ ჩვენს ბაზრებში და ნახავენ როგორ მარჯვედ ვაჭრობენ ისინი ბოსტნეულითა და მწვანილით, რაშიც ტოლს არ უდებენ სეზონური მზის კალენდრის მომხრეებს.
ჩვენი ოპონენტები რატომღაც იმეორებენ აშკარა შეცდომას, როცა თვლიან, რომ ქრისტეშობა ზამთრის ბუნიობის დღეზე მოდის და ამ შეცდომით გრიგორიანული კალენრის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ. ამასთან ბუნიობა დეკემბრის 22-ზე მოდის, ამიტომ მათი შეხედულების დასამტკიცებლად აუცილებელია კიდევ ერთი, უკვე ლიტურგიკული რეფორმა - გააუქმონ ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს და 22 დეკემბერს გადაიტანონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ანტიბიბლიური, ეგრედწოდებული მითოლოგიური სკოლის გამოძახილი - როცა ცდილობდნენ ქრისტე, ამონთან და მიტრასთან ერთად სოლარულ ღვთაებად წარმოედგინათ. ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ძველმა ასტრონომებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 20 წამამდე სიზუსტით გამოთვალეს ვარსკვლავური წლის ხანგრძლივობა, მზის ბუნიობის ზუსტი თარიღი არ იცოდნენ?
ჩვენი ოპონენტები ეყრდნობიან პატრიარქ მელეთის დროინდელ, 1923 წლის კონსტანტინეპოლის საეკლესიო საბჭოს დადგენილებას, რომელმაც ეკლესიაში „ახალი სტილის“ შემოღება დაადგინა. იციან თუ არა მათ, რომ ეს საბჭო მხოლოდ ათი ადამიანისაგან - პატრიარქისაგან, ხუთი ეპისკოპოსისაგან, ორი არქიმანდრიტისა და ორი ეპისკოპოსისაგან შედგებოდა? ამიტომ ის არც სრულიად მართლმადიდებლური კონფერენცია ყოფილა, როგორც თავის თავს უწოდა, და არც ადგილობრივი კრება, როგორც უწოდებენ ჩვენი ოპონენტები. რანაირად შეეძლო ამ თათბირს მიეღო გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის მთელი სავსების სახელით? ვინ აირჩია და გაგზავნა ამ თათბირზე დელეგატები, რა უფლებამოსილებანი ჰქონდათ მათ მიცემული? ჩვეულებრივ კრებას ადგილობრივი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი და ერისკაცთაგან ყველა ეპარქიის წარმომადგენელი ესწრება. რის საფუძველზე უწოდეს ჩვენმა ოპონენტებმა რამდენიმე კაცისაგან შემდგარ თათბირსა და გადაწყვეტილებას კრება, შემდგარს რიცხობრივად იმაზე ნაკლები ადამიანისაგან, ვიდრე კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდია? ცნობილია თუ არა ჩვენი ოპონენტებისათვის ის, რომ გარდა კალენდარული საკითხისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამღვდელო პირთა მეორედ ქორწინების შესახებ, ასევე ხელდასხმის შემდგომ ქორწინებისა?
ჩვენი ოპონენტები მდუმარედ უვლიან გვერდს იმ ფაქტს, რომ 1923 წელს კალენდარული რეფორმის შესახებ საკითხის განხილვაში პატრიარქ მელეთის არ მიუწვევია კონსტანტინეპოლში ქართული ეკლესიის წარმომადგენლები. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ავტოკეფალური ეკლესიის ღირსებისათვის შეუფერებელია იმ საეკლესიო კრების დადგენილებებისა და რეკომენდაციების მიღება, რომელმაც მისი ისტორიული არსებობის იგნორირება მოახდინა.
ჩვენი ოპონენტები ეყრდნობიან ქართული ეკლესიის თბილისის ადგილობრივ კრებას, რომელიც გაიმართა 1928 წელს. ამ კრებამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია ქრისტეფორე. სხდომაზე, რომელსაც ახლად არჩეული პატრიარქი თავმჯდომარეობდა, ეპისკოპოსებმა ქართულ ეკლესიაში ახალი სტილის შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პატრიარქმა და რამდენიმე ეპისკოპოსმა. გაურკვეველი რჩება საკითხი: ეს გადაწყვეტილება კრებისა იყო თუ ეპისკოპოსთა თათბირისა? დავუშვათ, რომ კრებისა. მაგრამ განა ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან, რომ კრების დადგენილებებმა შემოწმება უნდა გაიარონ დროითა და თავად საეკლესიო პრაქტიკით - ის მთელმა მორწმუნე ერმა უნდა მიიღოს? მაშ რა მოხდა? ხალხისა და სამღვდელოების უმრავლესობის მიერ უარყოფილი რეფორმა მთლიანად ჩავარდა და რამდენიმე თვის შემდეგ გაუქმდა. ამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ მართლმადიდებელი ერი იულიანურ კალენდარს საეკლესიო ცხოვრებისა და ლიტურგიკული გარდამოცემის ორგანულ ნაწილად თვლის.
საქართველოს ეკლესიის წესდებაში, რომელიც გამოიცა პატრიარქ კალისტრატეს დროს, ხოლო მცირეოდენი ცვლილებები შევიდა პატრიარქ მელქისედეკ III-ის დროს, არის მითითება, რომ საქართველოს ეკლესია მისდევს ე. წ. ძველსტილს. თუმცა ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ რეფორმა არ გაუქმებულა, არამედ გადაიდო განუსაზღვრელი დროით. მაგრამ ადგილობრივი კრება არ ფლობს კომპეტენციას გადაწყვიტოს საკითხები და დაადგინოს წესები შორეული და განუსაზღვრელი მომავლისათვის. ის წყვეტს ეკლესიის მიმდინარე საქმეებს. მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ადგილობრივი კრებიდან მხოლოდ ათი შევიდა საეკლესიო კონსტიტუციაში და ეწოდებათ კანონიკური. ჩვენს ოპონენტებს ვთავაზობთ იპოვონ ეკლესიის ისტორიაში თუნდაც ერთი შემთხვევა ადგილობრივი კრების მიერ დადგენილების 70 წლით ადრე გამოტანისა.
ოპონენტებიდან ზოგიერთნი ახალმესტილეებთან საქმის ამგვარ ვითარებაში გრიგორიანული პასქალიისაკენ გარდამავალ პერიოდს ხედავენ. შეგახსენებთ, რომ I მსოფლიო კრების დადგენილება პასქალიის დღის შესახებ არ არის დაცული გრიგორიანული კალენდრის სისტემაში. მსოფლიო კრების დადგენილების გაუქმების უფლება არანაირ ინსტანციასა და ხელისუფლებას არა აქვს იმდენად, რამდენადაც მსოფლიო კრება არის ეკლესიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მისი დარღვევა ყოველთვის ანტიკანონიკურ ქმედებად დარჩება, ხოლო გაუქმების მცდელობა - არა მხოლოდ ეკლესიოლოგიურ რეფორმად, ასევე ეკლესიოლოგიურ რევოლუციად, რომელიც საეკლესიო სამართლის საფუძვლებს ანგრევს.
მაშ ასე, კალენდარულმა რეფორმამ კალენდარული ჰიბრიდი წარმოშვა. რეფორმის მომხრეთა მადლიერნი დავრჩებით, თუკი ინებებენ და უპასუხებენ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არა შერჩევით, არამედ იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც არის დასმული.
* * *
მეკითხებიან: რად შევარქვი იულიანურ კალენდარს „კოსმიური პოემა“, ხოლო გრიგორიანულს - „მშრალი ბუხჰალტერია“? ზოგნი კალენდრის შედარებას პოეზისთან ანდა პროზასთან გაუგებრად და უადგილოდ თვლიან.
ვფიქრობ, რომ საეკლესიო კალენდრის საკითხში ურთიერთს შეეჯახა ორი მსოფლ აღქმა - მისტიკური და რაციონალისტური. მისტიკურისათვის დრო - ეს ყოფიერების საიდუმლოა, რომელთან მიახლოება სიმბოლოების, შედარებების, ასოციაციური განცდების მეშვეობით არის შესაძლებელი; რაციონალისტურისათვის დრო - მხოლოდ ფაქტობრიობაა, ყოფიერების ობიექტური პირობა, გარეგანი მოცემულობა, რომელზეც ვერ იფიქრებ; ფაქტი უნდა გამოთვალო, გაზომო, დანიშნულებისამებრ გამოიყენო და ყველაფერი „წესრიგში იქნება“, დანარჩენი - ფხიზელი და საქმიანი ადამიანისათვის შეუფერებელი ოცნების სფეროა. შეუძლებელია ამ ორი მსოფლ აღქმის შეთანხმება, რადგან მათ გულის იმ კუნჭულში აქვთ ფესვი გადგმული, სადაც თავად ადამიანის პიროვნება განისაზღვრება.
რაციონალისტური აზროვნება, ახდენს რა დანარჩენი შემეცნებითი ძალებისა და სულის უნარის იგნორირებას, შემეცნებით საშუალებებს განსჯითი ანალიზით ზღუდავს. მისტიკურ აზროვნებას სხვა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს: ის სულის დაფარული ცოდნისაკენ, მისი, როგორც „ცის ნაწილაკის“, „ღმრთაების სუნთქვის“ პოტენციური შესაძლებლობებისაკენ არის მიმართული, ცოდნისაკენ, რომელსაც უწინდელი მოაზროვნეები თანდაყოლილ იდეებს, მოგონებებს უწოდებდნენ; ქრისტიანი მისტიკოსები კი - გულის ხსოვნას, შინაგან ლოგოსს. უწინდელებისათვის გონება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე განსჯა, როგორც მთელი ნაწილზე.
ახლა გადავიდეთ კონკრეტულ საკითხზე: რაში მდგომარეობს იულიანური კალენდრის მსგავსება პოეზიასთან? პოეზიის უმთავრესი თავისებურება, რაც მას პროზისაგან განასხვავებს, არის რიტმიკა და სტროფების ციკლურობა. იულიანური კალენდარი ფლობს უზადო რიტმიკას - თავისი ყველა რიცხობრივი მახასიათებლის მკაცრ გამეორებას. ის შეიცავს დასრულებულს და ამავდროულად ერთმანეთთან შეერთებულ მკაფიო ციკლებს. ძირითადი 4 წლიანი ციკლი(სამი ჩვეულებრივი წლისა და ერთი ნაკიანი წლის შეხამება) შეიძლება შევადაროთ ოთხ ბწკარედიან პოეტურ სტროფს. პოეზიისათვის დამახასიათებელია რითმა და რეფრენი; რეფრენის ანალოგი - ეს არის ნაკიანი წელი, რომლითაც სრულდება 4 წლეული, 20 წლეული, 100 წლეული და 1 000 წლეული. პოეზიას ახასიათებს სიმერტიული პარალელიზმები; იულიანურ კალენდარში პარალელიზმებია - მთვარის ფაზა და თვის რიცხვები, რომლებიც სიმეტრიულია 19 წლიან მეტონიურ ციკოში და კვირის დღეებისა და თვის რიცხვების დამთხვევა 28 წლიან ციკლში.
გრიგორიანულ კალენდარში პერიოდები, რიტმები და ციკლები დარღვეული და დეფორმირებულია, პასქალური ციკლი (დიდი ინდიქტიონი) - მართლმადიდებლური ლიტურგიკის გვირგვინი - საერთოდ განადგურებულია. ამიტომ გრიგორიანული კალენდარი პროზას ჰგავს. ხოლო რიცხვების პროზა - ეს არის ბუხჰალტერია.
იულიანურ კალენდარს კოსმიური პოემა ვუწოდე, რადგან მას აქვს კოსმიური ორიენტირები, რომლებიც ბიბლიაშია მინიშნებული და მისი პარადიგმა მზის სისტემის საზღვრებს სცილდება. იულიანურმა კალენდარმა თავის თავში ასახა სამი სფეროს პროექცია: ვარსკვლავების, მზისა და მთვარის, როგორც სამყაროს მრავალ იარუსიანი შენობის ნახაზი.
მე ვსაუბრობ მისტიკასა და რაციონალიზმზე, როგორც აზროვნების ორ სხვადასხვა ფორმაზე. თუმცა ინდა აღინიშნოს, რომ ადრეული საუკუნეების რაციონალისტები, თუმცა დაკარგეს მისტიკის გრძნობა, შერჩათ უნარი სამყაროს ექსტატიური აღქმისა. ხოლო ახალი დროის რაციონალიზმი სულ უფრო მეტად ერწყმის უტილიტარიზმს. არა XVI საუკუნის აღმოჩენებმა, არამედ უტილიტარიზმმა განუახლა სიცოცხლე გრიგორიანულ კალენდარს და გავრცელებისათის ფართო ასპარეზი შეუქმნა.
სადაო რჩება საკითხი: განაპირობებს თუ არა რაციონალიზმი მეცნიერების განვითარებას, თუ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და სულიერ ცხოვრებას აერთიანებს?
აინშტაინი მეცნიერის ყველაზე ძვირფას თვისებად გაკვირვების უნარს თვლიდა. როცა ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია, წყვეტს მენიერად ყოფნას და მეცნიერ-ხელოსნად იქცევა. აინშტაინი ამბობდა, რომ გამუდმებით ანცვიფრებს სივრცისა და დროის ფენომენი, ის რასაც სხვები ბავშვობიდან ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ. ამიტომაც შეძლო ფარდობითობის თეორიის შექმნა. რელიგიურ ადამიანს მით უმეტეს ახასიათებს გამუდმებული მოწიწების განცდა ყოფიერების მიუწვდომელი საიდუმლოს წინაშე. იქ, სადაც რეალისტის თვალი მხოლოდ მიწიერ რეალიებს ხედავს სამ განზომილებაში, მისტიკოსის მზერა ახალ სიღრმეებსა და ტევადობას პოულობს, მატერიალურში სულიერ სიმბოლოებს ამოიცნობს და მარადისობასთან მიმართებაში „სინათლის განზომილებაში“ ჭვრეტს.
იულიანური კალენდარი იყო და რჩება მეცნიერებისა და ხელოვნების გენიალურ ნაწარმოებად, გავბედავ და ვიტყვი: მისტიკურ ფილოსოფიად. კალენდარული სამუშაოს დასრულების შემდგომ იულიუს კეისარმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: „ჩემს კალენდარს არასდროს აღარაფერი აღემატება“. ჩვენ ვიცით განსაკუთრებული შემთხვევები, როცა უფალი თავის განგებულებას წარმართი მეფეების საშუალებით აცხადებდა (ფარაონის სიზმარი; ნაბუქოდონოსორის ხილვა). მთავარი ისაა, რომ იულიუსის კალენდარი ეკლესიის მამათა მიერ იქნა არჩეული და გაეკლესიურებული. მასზეა აგებული კრებების მიერ დამტკიცებული პასქალია და მისი კანონები. მისი პერიოდები და ციკლები ორგანულად შეერწყა მართლმადიდებლურ ლიტურგიკას; ეკლესია თითქმის 2 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი რიტმებით; ის თავად შევიდა საეკლესიო გარდამოცემებში; ამიტომ იულიანური კალენდარი - ეს არის ოქროს ჯაჭვი, რომელიც ეკლესიის მთელ ისტორიასთან გვაერთებს. ის ჩვენი სულიერი საგანძურია.
იულიანური კალენდრის წლის სიზუსტისათვის
ერთ-ერთი სამეცნიერო ცრურწმენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, სკოლის მერხიდან შევითვისეთ, არის შეხედულება, რომ იულიანური კალენდარი დროის ზუსტ ათვლას წელიწადში 11 წუთით ჩამორჩება. იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი აზროვნების შტამპად ქცეულ ამ მეცნიერულ სილოგიზმს ცრუ საფუძველი აქვს, მივმართავთ იულიანური კალენდრის სტრუქტურასა და რიცხობრივ მახასიათებლებს.
კალენდარული სისტემების ქრონოლოგიისა და ისტორიის მკვლევარები გაკვრით მიანიშნებდნენ, რომ იულიანური კალენდრის წელი წარმოადგენს თითქმის საშუალო სიდიდეს მზისა და ვარსკვლავურ წლებს შორის. თუმცაღა ჩვენთვის ცნობილ ქრონოლოგიურ ნაშრომებში ამ ფაქტებისათვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. ეს მით უფროა უცნაური, რომ იულიანურ კალენდრამდე კარგა ხნით ადრე მზისა და ვარსკვლავური წლები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებთან დიდი სიზუსტით განისაზღვრა (ჰიპარქეს ცხრილი, ყუმრანული კალენდარი და სხვ.). ნიშანდობლივია, რომ ბევრ კალენდარს წლის ისეთივე ხანგრძლივობა ჰქონდა, როგორიც იულიანურ კალენდარს. ნუთუ ეს მხოლოდ დამთხვევაა? დამთხვევის, შემთხვევითობისა და შეცდომის დამოწმება - ეს არის საშუალება ინტელექტუალური უსუსურობისა და ასევე - გაჩენილ პრობლემაში გაურკვევლობის სურვილისა. ეს არის ისტორიული ფაქტების იგივე დისკრედიტაცია, რითაც რაციონალისტური მეცნიერება, ან გნებავთ, ბოლო ასწლეულის ანტიმეცნიერული პანკრიტიციზმი იყო დაკავებული.
უწინდელების აზროვნება იმაზე ბევრად მთლიანი და მოცულობითი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანის აზროვნება, რომელიც მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებას ცდილობს მისი ფილოსოფიური და რელიგიური გააზრების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ძველი ჩინური კალენდრის წელი, რომელიც თითქმის ემთხვევა იულიანურ კალენდარს, ხელშეუხებლად ითვლებოდა, და როცა ქრისტეშობიდან 11-ე საუკუნეში საიმპერიო ხელისუფლებამ მოინდომა ამ ტრადიციული კალენდრის შეცვლა მახასიათებლებით გრიგორიაგულ კალენდართან ახლო მდგომი მზის კალენდრით, ის ჩინეთის იმპერიის ყველა საზოგადოებრივი ფენის წინააღმდეგობას წააწყდა, რამაც აჯანყების საფრთხე წარმოშვა და კალენდარული რეფორმის პროექტი გადაიდო.
თანამედროვე მკვლევარები ფაქტების საწინააღმდეგოდ თვლიან, რომ იულიანური კალენდრის ავტორმა, დიდმა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ არ იცოდა თავისი არანაკლებ ცნობილი წინამორბედისა და თანამემამულის ჰეპარქეს ცხრილები, რომლებიც წარმოადგენდა სახელმძღვანელოს მომდევნო ასწლეულების ასტრონომებისათვის. იულიანური კალენდრის კრიტიკოსები თავიანთი შეხედულების დასაცავად წავიდნენ პროვოკაციაზე - ალექსანდრიელ ასტრონომებსა და იულიუს კეისრის საკალენდარო კოლეგიას უმეცრებაში დასდეს ბრალი.
ევოლუციონიზმის თეორია ისტორიის ვექტორებს სწორხაზოვნად განიხილავს: პითეკანტროფისაგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი, მეცნიერული მუტაციის შედეგად სოზიგენედან - გალილეი და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის ანტიკური ხანა, არა ველურობის, არამედ განსაკუთრებული კულტურისა და ადამიანის განსაკუთრებული აზროვნების პერიოდია, რომელიც სინთეტიური მთლიანობითაა გამორჩეული. ძველი მოაზროვნის გენია მიემართებოდა ზოგადიდან კერძოსკენ, სამყაროს ჰარმონიიდან კონკრეტული ფენომენებისა და კანონებისაკენ. თანამედროვე ადამიანი კერძოდან ზოგადისაკენ წასვლას ცდილობს, ამიტომ აგებს ჰიპოთეზებს და როგორც ბავშვი სათამაშო კუბებით აგებულ სახლს, მათ თავადვე ანგრევს.
იულიანურმა კალენდარმა კოსმიური ორიენტირების შეხამებით საკუთარ თავში კოსმოსის ჰარმონია ასახა. იულიუსის კალენდრის ამოსავალი წერტილი იყო წელიწადის განსაზღვრა 365 დღე-ღამითა და 6 საათით, სადაც აღებულია საშუალო სიდიდე მზისა (ტროპიკულსა) და ვარსკვლავურ (სიდერიულ) წლებს შორის. ეს სიდიდე ფილოსოფიურად იქნა გააზრებული და შეგნებულად შეცვლილი (1 წუთამდე) იმისათვის, რათა კალენდარში ასახულიყო მთვარის ფაზების გამეორება - 19 წლიანი მეტონური ციკლი, ასევე კვირის დღეების დამთხვევა თვის რიცხვებთან 28 წლიან პერიოდში.
იულიანური კალენდარი შეიცავს ვარსკვლავურ, მზისა და მთვარის ორიენტირებს. მისი მთავარი მიღწევა, რასაც შეიძლება გენიალური უწოდო, არის არის მკაცრი ციკლურობა, რომელიც უწყვეტია და უსასრულო.თითოეული კალენდრის სიზუსტე აუცილებლად უნდა განიხილებოდეს მის პარადიგმასთან მიმართებაში. იმისათვის, რომ განისაზღვროს იულიანური კალენდრის მათემატიკური სიზუსტე, საჭიროა ავიღოთ მზისა და ვარსკვლავური წლების საშუალო სიდიდე, შემდგომ შევადაროთ გადახრას კოორდინატიდან, რაც გააკეთა სოზიგენემ რათა თავისი კალენდრის უწყვეტი ციკლურობა და პერიოდულობა შეენარჩუნებინა.
ჩვენთვის მთავარია განვსაზღვროთ პრინციპი, ამიტომ რიცხვებს რამდენადმე ვამრგვალებთ. ვარსკვლავურსა და მზის წლებს შორის სხვაობა 20 წუთსა და 24 წამს შეადგენს. იულიანური კალენდარული წელი ვალსკვლავურ წელზე ნაკლებია 9 წუთითა და 10 წამით; ხოლო მეტია მზის წელიწადზე 11 წუთითა და 14 წამით. აქედან გამომდინარე მზისა და ვარსკვლავური წლების საშუალო სიდიდისაგან გადახრა (5 საათი, 58 წუთი, 58 წამი) უდრის 1 წუთსა და 2 წამს და არანაირად 11 წუთსა და 14 წამს, როგორც თვლიან ისინი, ვინც იულიანურ კალენდარს თავს ახვევს მზის წელიწადის ორიენტირს, ანუ სხვა პარადიგმას. მოვიყვანოთ უმარტივესი გათვლა: 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი (მზის წელიწადის ხანგრძლივობა) + 365 დღე-ღამე, 6 საათი, 9 წუთი, 10 წამი (ვარსკვლავური წელიწადის ხანგრძლივობა) ჯამში შეადგენს 730 დღე-ღამეს, 11 საათს, 57 წუთს, 56 წამს. ჯამი გაყოფილი 2-ზე არის 365 დღე-ღამე, 5 საათი, 58 წუთი, 58 წამი - ეს არის ვარსკვლავურისა და მზის წლების საშუალო სიდიდე. 365 დღე-ღამეს, 6 საათს, (იულიანური წლის ხანგრძლივობას) გამოკლებული 365 დღე-ღამე, 5 საათი, 58 წუთი, 58 წამი = 1 წუთსა და 2 წამს. ამგვარად იულიანური კალენდრის გადახრა თავისი კოორდინატებიდან 325 წლიდან (I მსოფლიო კრებიდან) მოყოლებულ 1 675 წლიან პერიოდში 2000 წლამდე, შეადგენს არა 13 დღე-ღამეს, როგორც თვლიან მომხრეები სოზიგენეს ბედნიერი შეცდომის ჰიპოთეზისა, რამაც მოულოდნელად შექმნა მისი კალენდრის უზადო ჰარმონია, არამედ 1 დღე-ღამესა და 5 საათს. ამგვარად მათემატიკური სიზუსტის მხრივაც კალენდარი, რომელიც 1 394 წლის განმავლობაში 1 დღე-ღამით იხრება, სავსებით პასუხობს ასტრონომიულ მოთხოვნებს.
მაშ ასე, ვიმეორებთ: იულიანური კალენდარი ახალი დროის ასტრონომების, მათ შორის პაპ გრიგორი XIII-ეს (16-ე ს. ) კალენდარული კომისიის მიერ განიხილებოდა არა ვარსკვლავურისა და მზის წლის ორიენტირის მიხედვით, არამედ უბრალო ტროპიკული წლის მისთვის უცხო პარადიგმაში. უსაფუძვლობაზე შეხედულებისა, რომელიც ტროპიკულ წელიწადს ეტალონად მოიაზრებს, მოწმობს ვარსკვლავური, მზის, მთვარის, მზისა და მთვარის, პლანეტურის და სხვა სახის კალენდრების არსებობა.
თუკი იულიანური კალენდრის კოორდინატებად მივიღებთ იმას, რასაც მისი რიცხვითი ტექსტი და ფილოსოფოსებად წოდებული ძველი ასტრონომების (სტრაბონის) მენტალიტეტი გვკარნახობს, დავინახავთ იულიანური კალენდრის აღმატებულობას სხვა კალენდარულ სისტემებზე.
გრიგორიანულმა კალენდარმა ტრაგიგული სიტუაცია შექმნა საეკლესიო ლიტურგიკაში - დაანგრია პასქალია და მოახდინა დეფორმირება საღვთისმსახურო წესდებისა; მან აურდაურია და უწესრიგობაში მოიყვანა ისტორიული ქრონოლოგიები, რომლებსაც კალენდრების თანამედროვე მკვლევარმა ასტრონომმა იდელსონმა მათემატიკური აბსურდი უწოდა (იდელსონი -კალენდრის ისტორია). ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი ასტრონომი, თანამედროვე ასტრონომიის მამად წოდებული ნიუკომბი იულიანურ კალენდართან დაბრუნების მომხრე გახლდათ.
http://qadageba.ge/index.php?option=com_co...51-05&Itemid=45ძალიან მაგარი (ძლიერი) მოძრვარია. ერთ–ერთი პატივსაცემი პიროვნება ეკლესიისთვის და მორწმუნეთათვის.
პ.ს.
პეროიანება აქშა