http://liberali.ge/blogs/view/6076/rogor-movklat-rezo...
თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ: რეზოს მოკვლა ადვილი არ არის. არა იმიტომ, რომ რეზო უკვდავია, - ის ბევრია.
რეზო რიგითი მოქალაქეა, რომელსაც ავტობუსში შავკანიანის გვერდით ჯდომა არ სიამოვნებს.
რეზო შენი მეზობელია და მას ეშინია, ეტლით მოსარგებლე ბავშვის მშობელს ბინა მიაქირავოს - „უშნო შესახედავი ხომ არ არის, შვილიშვილები არ შემიშინოს”.
რეზო მასწავლებელია, და მიიჩნევს, რომ „არატრადიციული რელიგიები“ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
რეზო მინისტრის მოადგილეა და ამავდროულად მიდრეკილია ძალადობისკენ.
რეზო დეპუტატია და ის პარალელურად ძველი ბიჭია.
რეზოს მკვლელობა ურთულესი დასაგეგმია. საწამლავს მითრიდატე პონტოელის იმუნიტეტით იტანს, დანის წვერს დამასკური აბჯარივით ისხლეტს, ტყვიებს ნინძასავით იცილებს.
იმიტომ, რომ რეზო ძლიერია. რაკიღა მისი საკვები ყველგანაა. პოლიტიკა, რელიგიური ინსტიტუციები, ტელევიზია, პრესა, სოციალური ქსელები... რეზო მათით სულდგმულობს, სუქდება, ავდება, იმუქრება.
რეზო საშიშია.
ვინაიდან ენა მისი, სამსალაში ამონაწები, იმაზე ნაკლებად არ წამლავს ჰაერს და მიწას, წყალსა და გუნებაგანწყობილებას, ვიდრე 850 000 ავტომობილი დედაქალაქში.
თუმცა რეზო იდეალური ორგანიზმი არ არის, მას აქვს სუსტი წერტილები.
რეზო ცნობისმოყვარეა. ის ყველაფერს ნთქავს, რაც შეხვდება. საიდანაც არ უნდა იყოს საკვები (წეღან ჩამოვთვალე).
ამ წყაროებს, (დავარქვათ პირობითად, „პრესა“ ან სულაც „სამოქალაქო საზოგადოება“, გინდა „სახელმწიფო“, რავი). შეუძლიათ საგანგებო ელექსირის შეთავაზება, რომლის წინაშეც რეზო უძლურია. რეცეპტები მრავალგვარია.
მაგალითად:
ავიღოთ ცოტაოდენი ვაჟა-ფშაველა, დავამატოთ დანტე და შექსპირი, მოვურიოთ, შევაზილოთ რამდენიმე გრამი ბალზაკი და თომას მანი და სინდისი. ისევ მოვურიოთ.
მოვაჭრათ რამდენიმე თავი ჰუმანურობა, მოვაყაროთ სამოქალაქო თვითშეგნება გემოვნებით, მიღებული მასა მოვხარშოთ, ხარშვისას ჩავამატოთ ცოტაოდენი რუსთაველი, ჰომეროსი და კაცთმოყვარეობა.
მოხარშული მასა დავანაწილოთ ულუფებად, სკოლებად, კოლეჯებად, ინსტიტუტებად, უნივერსიტეტებად. გავავრცელოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეცეპტების შედგენა ათასნაირადაა შესაძლებელი. ინგრედიენტების შერჩევით. ნაცადი, მზა რეცეპტები არსებობს. მსოფლიოში, სადაც რეზოს წინააღმდეგ ეს ელექსირი გამოიყენეს, ყველგან შედეგი გამოიღო, რეზო დასუსტდა, დაძაბუნდა, დაჩაჩანაკდა, შებარბაცდა, შეტორტმანდა, ჩაიჩოქა და წაიქცა. გარდაიცვალა.
მშვიდად დაკრძალეს.
ჩვენც შეგვიძლია.
რეზო უკვდავი არ არის.
რეზოს მოკვლა შესაძლებელია.
უნდა მოვინდომოთ.
Funded by the U.S. Embassy in Georgia
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.მერე იტყვიან რატომ გეზიზღება აშშ-ო