პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის - საქართველოში აშშ-ის ელჩი
პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის - საქართველოში აშშ-ის ელჩი
დღეს, 15:10 200
"პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის," - ასეთი განცხადებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, რუსეთის პირველ დიპლომატს უპასუხა, რომელმაც პანკისი ტერორიზმის თვალსაზრისით საფრთხის შემცველ ხეობად დაასახელა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დუისში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები იმყოფებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ. ცხადია, ტერორისტებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ პანკისში არ არის ტერორისტული ბაზა,“ - განაცხადა იან კელიმ.
ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, ხეობაში პირველად იმყოფებოდა და, მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პანკისიდან ტერორიზმის საფრთხე არ მოდის.
„პანკისის ხეობაში პირველად ვარ და ვეცნობი ვითარებას. რა თქმა უნდა, ყველამ გვითხრა, რომ აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია. კარგად მესმის, რომ შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის, მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარეობს, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწრაფი და ნათელი პასუხი ჰქონდა. ასე რომ, ამ თემაზე დამატებით რაიმეს თქმა საჭირო არ არის,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
http://rustavi2.com/ka/news/37775