ტუნგუსკის მეტეორიტი — უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი) . იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.
აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით 1000 „ჰიროსიმას“, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია. საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.
აფეთქების შედეგად მიწა ისე ზანზარებდა, რომ ასეულ კილომეტრზე იმსხვრეოდა ფანჯრის შუშები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველთა დაჯგუფებები პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებული ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც ამას კულიკი აღწერდა „ლერწამივით იყო გადატეხილი“.

