"კომერსანტის" ექსკლუზივი – პარლამენტმა ორ უმსხვილეს ბანკს ბიუჯეტის ხარჯზე მილიონობით ლარის საგადასახადო შეღავათი დაუწესა
12:15. 01.02.2016
პარლამენტმა უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე გადიან.
დღეის მონაცემებით კი, ასეთი სულ სამი მოთამაშეა და სამივე უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს – საქართველოს ბანკი, მის მიერვე დაარსებული სამედიცინო კორპორაცია ევექსი და თიბისი ბანკი.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული კომპანიები პარლამენტმა ბიუჯეტში მილიონობით ლარის შეტანის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 24 დეკემბრის №4720- რს კანონის თანახმად ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ამ ცვლილების მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ცვლილების არსს განმარტავს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი, რომლის თქმითაც, საერთაშორისო ბირჟებზე გასვლასთან დაკავშირებული დანახარჯები მოგების გადასახადისგან გამოქვითვადი ხდება.
ლალაზაშვილი აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ბევრი კომპანიისთვის ეს დანახარჯები საკმაოდ დიდი იყო. საუბარია, მაგალითად, კონსულტანტების დაქირავების ხარჯზე და ასე შემდეგ, რომელიც როგორც წესი კომპანიებს რამდენიმე მილიონი უჯდებოდათ.
„თუ კომპანია აპირებს ლონდონის ბირჟაზე გასვლას, დანახარჯი შეიძლება რამდენიმე მილიონი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ეს დანახარჯები ხდება გამოქვითვადი მოგების გადასახადისგან. ანუ მოგების გადასახადისგან არ დაიბეგრება ასეთი ხარჯები, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა"-აცხადებს ლალაზაშვილი.
მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში აღნიშნული სახის ცვლილება კომპანიების მოთხოვნამ განაპირობა. ლალაზაშვილის თქმით, ეს ფაქტი კომპანიებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ერთგვარი სტიმული იქნება.
რატომ გაუკეთა პარლამენტმა სტიმული ბიუჯეტის ხარჯზე უმსხვილეს საბანკო მოთამაშეებს, რომლებსაც ისედაც ყველანაირი სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი და რომლებიც წლიდან წლამდე მასშტაბურ მოგებაზე გადიან? იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი ჭიანურდება სხვადასხვა საკითხის განხილვა, მათ შორის სოციალური მიმართულების, პარლამენტმა უპრობლემოდ მოიცალა უმსხვილესი ბანკებისთვის და დაჩქარებული წესით, ყოველგვარი „ხმაურის“ გარეშე მიიღო მათთვის შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „დეტალია“ ის, რომ რომ ცვლილებების მოქმედება, რომლებიც ძალაში გასული წლის 26 დეკემბერს შევიდა, 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ეს წარმოშობს ეჭვს, რომ სწორედ დასახელებული ორი ბანკის ძლიერი ლობის შედეგად (ლალაზაშვილი ადასტურებს, რომ ცვლილება კომპანიების მოთხოვნამ განაპირობა)და უშუალოდ ამ ბანკებისთვის იქნა მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით „კომერსანტი“ მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს შეკითხვებით:
1. იმ პირობებში, როდესაც უამრავი მცირე კომპანია ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს როგორც საგადასახადო, ისე ბიუროკრატიული წნეხის შემსუბუქების მიმართულებით, რატომ დადგა დღის წესრიგში უმსხვილესი, ფინანსურად ძლიერი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება?
2. იმ დროს, როდესაც ლარის დევალვაციის პირობებში, ქართულმა ბანკებმა უდიდესი მოგება მიიღეს, სხვა უამრავ ქართულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს კი ამ ბანკებისადმი საკრედიტო დავალიანების ტვირთი სულის მოთქმის და განვითარების საშუალებას არ აძლევს, რამდენად გამართლებულია როგორც ეკონომიკურად, ისე მორალურად, მილიონიანი შეღავათების მინიჭება უძლიერესი ფინანსური ინსტიტუტებისთვის?
3. ცნობილია თუ არა ხელისუფლებისთვის იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკებში ხდება როგორც ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების, ისე პაციენტების მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით? და თუ ეს პრობლემები ცნობილია, რატომ გახდა ხელისუფლებისთვის ამ პრობლემებზე რეაგირებაზე პრიორიტეტი ევექსის ფინანსური ინტერესების დაცვა?
4. რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება ხელისუფლება „თიბისი ბანკის,“ საქართველოს ბანკისა და ევექსისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად?
„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს, ჩვენ შევეცდებით კომენტარების მიღებას აღნიშნული შეკითხვების ადრესატებისგან.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=32131&cat_id=8