ქრისტეს დაბადებამდე ქ|-ქ საუკუნეები აქემენიდური ირანის ძლევამოსილების ხანაა. იმ პერიოდის ცივილიზებული მსოფლიო, სადაც უმეტესწილად ბაბილონი, ეგვიპტე, წინა აზია მოიაზრება, ფაქტობრივად, პერსეპოლისიდან იმართება.
ირანელების შემადგენლობაშია ყველა ის ხალხი და ქვეყანა, რომელთაც მანამდე რამე ფასეული შეუქმნიათ. გამონაკლისია ის ბერძნული პოლისები, აქემენიდებთან საარაკო ბრძოლები რომ გადახდათ, თუმცა, ბერძნების გარდა აქემენიდებმა ვერც ქართველთა ნაწილს მოუხერხა ვერაფერი.
აქემენიდების სამეფო სატრაპიებად იყო დაყოფილი. ყქ||| და ყ|ყ სატრაპიებში ქართველები შედიან, თუმცა, მთაგორიანი კოლხეთის კონტროლი მაინც ვერ ხერხდება, ამიტომაც მათთან აქემენიდები საგანგებო გარიგებას დებენ, რომლის მიხედვითაც ხუთ წელიწადში ერთხელ კოლხები 100 ქალსა და 100 ვაჟს უგზავნიან სპარსელებს.
უძლეველი აქემენიდებისთვის ეს უპრეცედენტო კომპრომისია, მათ ვერ შესძლეს კოლხეთის დაპყრობა, თავის მხრივ, კოლხებმაც აქემენიდების მოგერიება ასეთი სამშვიდობო გარიგებით ისურვეს. მაინც რა იყო ის ბარიერი, რამაც არ მისცა საშუალება თითქმის მთელი მსოფლიოს დამპყრობელ აქემენიდებს საკუთარი ძლევამოსილება გაევრცელებინათ კოლხეთზე? რა გახდა მიზეზი ამ უპრეცედენტო კომპრომისისა, რომელიც რეალურად სპარსელთათვის ცალსახად დამარცხებას ნიშნავდა?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბერძენი ავტორის ქსენოფონტეს "ანაბაზისში" მოთხრობილი ამბების ანალიზის შედეგად შეიძლება.
რა ცნობებს გვაწვდის ქსენოფონტე აქემენდების პერიოდის კოლხეთზე
მეხუთე საუკუნის ბოლოს ეგრისის სამეფოში შემავალი ტომები - კოლხები, მოსინიკები და ხალიბები აქემენიდებს აღარ ემორჩილებიან. უძლეველ სამეფოს თავისი დაღი დაატყო შიდააშლილობამ - მეფე არტაქსერქსე მეორეს აუმხედრდა ძმა უფლისწული კიროსი, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა სპარსელთა გავლენა პერიფერიებზე. ეს კარგად აისახა ქართველური ტომების მაგალითზეც.
სწორედ ამ პერიოდის კოლხეთია აღწერილი ქსენოფონტეს (ძვ. წ-აღ-ის 435-355) "ანაბაზისში". "ანაბაზისი," - ბერძნულად სახლში სვლას ნიშნავს. ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ქსენოფონტეზე და იმ მიზეზზე, რის გამოც აღწერა ელინური ხანის გამორჩეულმა ისტორიკოსმა ძვ. წ-აღ-ის ქ ს-ის მიწურულის კოლხეთში არსებული სიტუაცია.
ქსენოფონტე მსახურობდა ირანელი უფლისწულის კიროსის არმიაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ის კიროსს დაქირავებული ჰყავდა თავისი ძმის - მეფე არტაქსერქსეს წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც ეს დაპირისპირება კიროსის სიკვდილით დასრულდა, ბერძენთა მოქირავნეებს სხვა არა დარჩენოდათ, თუ არა სპარსეთის დატოვება. მათ მშობლიური საბერძნეთისაკენ გასწიეს.
ისინი ჩრდილო-დასავლეთით დაიძრნენ, რათა შავიზღვისპირა ბერძნულ კოლონიებში ხომალდები ეშოვათ და შავი ზღვით გაეგრძელებინათ გზა შინისაკენ. ამ გზაზე ბერძნებს ქართველური ხალხების ტერიტორიაზე გავლა მოუხდათ. სწორედ ამიტომაც აღწერა ქსენოფონტემ მაკრონების, ხალიბების, დრილების (სავარაუდოდ ჭანების), ტაოხების, შკვითინიების (ანუ შვიდსოფლელების), მოსინიკების, ტრაპიზონის მხარის კოლხების იმჟამინდელი ცხოვრება.
ბერძნები გზას იკაფავენ ხან ბრძოლით, ხან მოლაპარაკებებით. მათი მთავარი პრობლემა საკვებია. ისინი ზოგ გამაგრებულ ქალაქს ბრძოლით იღებენ, ზოგსაც შეგნებულად უვლიან გვერდს. ბერძენთა რაზმები ხშირად მარცხდებიან. მათ ბევრი დანაკარგი აქვთ.
ქსენოფონტე აღწერს ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის აღებას, რომელსაც კოლხთა დედაქალაქს უწოდებს. აქ ხაზგასმულია მთელი რიგი დეტალები, რაც გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნიდა მომხდურს. ამ აღწერაში კარგად ჩანს ის ფაქტორები, რატომაც უნდა გასჭირვებოდათ აქემენიმდებს კოლხეთის, საკმოდ რთული რელიეფის მქონე ქვეყნის დაპყრობა.
როგორ იყო მოწყობილი კოლხეთის სამხედრო თავდაცვის სისტემა
აქემენიდების დროს კოლხებს თავდაცვის საინტერესო სტრატეგია ჰქონიათ. ამის მაგალითად ქსენოფონტეს მიერ მოთხრობილი ისტორია გამოდგება - ბერძნებთან დაპირისპირებისას კოლხებს გადაუწვავთ თავიანთი ციხესიმაგრე იმ უბრალო მიზეზით, რომ ქალაქი სათანადოდ არ ყოფილა გამაგრებული და ამიტომაც ადვილად შეეძლო მტერს მისი აღება.
მტერს რომ არ გამოეყენებინა ეს ადგილი სტრატეგიულ პლაცდარმად, კოლხებმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს - გადაბუგეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულებისა და განწყობის მქონე ხალხთან ბერძნებმა არ ისურვებს ბრძოლის გამართვა.
ქსენოფონტეს ცნობით, იმ ციხე-სიმაგრეს, რომელსაც კოლხთა დედაქალაქს უწოდებს, საკმაოდ დიდი და ღრმა თხრილები ჰქონია გარშემოვლებული, შემდეგ კი იყო მიწაყრილი, მასზე ხის ეკლები და მის მიღმა მრავალი კოშკი. ასეთი რეალობისას ბერძნებს ერთადერთი გზა რჩებოდათ - გასცლოდნენ იქაურობას, თუმცა, არც ეს იყო იოლი, რადგანაც მათ თავს დაესხნენ ადგილობრივი მცხოვრებნი.
უკან გაქცევაც შეუძლებელი იყო, რამდენადაც ხრამის გადალახვა მხოლოდ თითო-თითოს შეეძლო. ციხე-სიმაგრიდან ერთი კოლხი გამოვარდებოდა და ხელჩართულ ბრძოლაში ამარცხებდა ბერძნებს. ეს ამბავი ძვ. წ-აღ-ის 401 წელს ხდება კოლხეთის სამეფოს საზღვართან.
ბრძოლა მაღლობზე გამართულა, მაღლობის აღება ბერძნული ფალანგით შეუძლებელი იყო, ამიტომაც ბერძნებს გადაუწყვეტიათ ფალანგა დაეშალათ ლოხებად - დაახლოებით 80-100 კაციან რაზმებად, ბერძნების რაოდენობა ფალანგაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე კოლხი მეომრების რიცხვი. ეს კი იმის საშუალებას აძლევდათ ბერძნებს, რომ ფლანგები უკეთესად გამოეყენებინათ.
ლოხების წინ ბერძნებმა სამი ექვსასკაციანი დანაყოფი განალაგეს. ამას კოლხებმა საკმაოდ საინტერესო მანევრი დაუპირისპირეს. ქსენოფონტე აღწერს, თუ როგორ გაიყო შეტევისას კოლხური ფალანგა ორ ნაწილად - ერთი მარჯვნივ წავიდა, მეორე მარცხნივ. მათ ცენტრი გახსნეს და მტერი შეიტყუეს.
კოლხები ფლანგებიდან აპირებდნენ შეტევას და მტრის ალყაში მოქცევას. ტაქტიკურად ეს სწორი მანევრი იყო, თუმცა, ბერძენთა მრავალრიცხოვნებამ ბრძოლის საბოლოო ბედი გადაწყვიტა. მათ შეუპოვარი ბრძოლისა და დიდი დანაკარგის ფასად აიღეს სიმაღლე და კოლხეთში შეიჭრნენ. რის შემდეგაც შავი ზღვისაკენ გაიკაფეს გზა აქედან კი ტრაპეზუნტში გადავიდნენ.
რა სამხედრო ცოდნასა და შეიარაღებას ფლობდნენ კოლხები
უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხები საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას ფლობდნენ ბერძენთა შეიარაღების შესახებ. მათ წინასწრ აქვთ გათვლილი რა უნდა დაუპირისპირონ ბერძნულ ფალანგას, ქსენოფონტე კოლხეთის ჯარის განლაგებას ფალანგად მოიხსენიებს, ბერძნები ანგარიშგასაწევ ძალად თვლიან კოლხურ ფალანგას, რის გამოც ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან და საკუთარ ფალანგებს წინ 600 კაციან მსუბუქად შეიარაღებულ რაზმებს აყენებენ. ჩანს, რომ კოლხეთის მოსახლეობა კარგად ფლობს როგორც თავდაცვით, ისე შეტევით ტაქტიკურ ხერხებს. ამასთან კოლხების ჯარი შეიარაღებულია შესაბამისი ატრიბუტებით. აქვთ თავდასხმისათვის აუცილებელი შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი, ასევე თავდაცვისათვის საჭირო ფარი, მუზარადი, ჯავშანი.
რაც მთავარია, კარგად აცნობიერებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მნიშვნელობას - კოლხების ქალაქებს ქსენოფონტეს თქმით, იცავს თხრილები, ხის კედლები, კოშკები, შიდა ციხეები, მიწაყრილები.
ფალანგა ბერძენთა ჯარის ძირითადი დანაყოფი იყო. ის სწორ რელიეფზე საკმაოდ მრისხანე ძალად იქცეოდა. ფალანგის სიძლიერეს მწკრივების (დაახლოებით 15 მწკრივი) სისწორე განაპირობებდა. საჭირო იყო ფეხაწყობილი სიარული, რაც მუსიკალური საკრავის ფეხის ტაქტზე აყოლებით მიიღებოდა.
ამბავი ქსენოფონტეს არმიაში მყოფი მაკრონი მონადყოფილისა
ქსენოფონტეს თანამხლებლებს მხოლოდ ბრძოლით არ უხდებოდათ ქართველური ტომების ტერიტორიაზე გავლა. როდესაც ბერძენ დაქირვებულთა რაზმი მაკრონების საზღვართან მდებარე მდინარეს მიადგა, მათ დაინახეს რომ მდინარის იქითა ნაპირზე შეირაღებული მეომრები იდგნენ.
ქსენოფონტეს მიუხლოვდა ერთი ყოფილი ათენელი მონა - პელტასტი, მსუბუქად შეიარღებული მოლაშქრე და უთხრა, რომ მას ესმოდა ის ენა, რაზეც მდინარის იქით მყოფი ხალხი ლაპარაკობდა. პელტასტმა პირველ რიგში გაიგო ის, რომ მის წინაშე მაკრონები იდგნენ.
ქსენოფონტეს თხოვნით, ყოფილმა მაკრონმა ჰკითხა მათ, რატომ იყვნენ გამზადებულნი საომრად მაშინ, როცა ბერძნებს მათთან არანაირი დაპირისპირება არ სურდათ, პასუხი იყო მარტივი - იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაზე მოდიხართო, - ქსენოფონტემ თავისი მაკრონი მებრძოლის დახმარებით აუხსნა ქართველურ ტომს, რომ მოდიან არა იმიტომ, რომ მათ შეებრძოლონ, არამდე იმიტომ, რომ ზღვამდე მიაღწიონ, ზღვამდე მისასვლელი სხვა გზა არ იყო, გარდა ამ გზისა. რომ თავიანთ ქვეყანაში აპირებენ გადასვლას. მაკრონებმა ამ პირობის ფიცით დადასტურება მოითხოვეს. ბერძნებმა თანხმობა განუცხადეს, ამას მოჰყვა ის, რომ მაკრონებმა ელინებს გადასცეს შუბი, ელინებმა კი თავიანთი - ელინური შუბი, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ფიცი ამ რიტუალით იყო განმტკიცებული.
ამ რიტუალის შემდეგ მაკრონებმა გზა გაუხსნეს ელინებს და სამი დღის მეგზურობის შემდეგ მიაღწიეს ერთად ზღვის სანაპიროს. საგულისხმოა ისიც, რომ მაკრონებს ბერძნების თანმხლები ქალები მოსწონებიათ და მათი ხელში ჩაგდებაც განუზრახავთ, თავად ქალებიც არ ყოფილან უარს... საბოლოოდ კი ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარებულა.
როგორ დაამსხვრიეს ქართველურმა ტომებმა აქემენიდების უძლეველობის მითი
ბერძენ მოქირავნეთა ჯარის მოქმედებას დასავლეთ საქართველოში საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა - პირველ რიგში, ქსენოფონტემ ცხადად აჩვენა, რომ ორგანიზებულობამ მისცა საშუალება ბერძნებს მიუხედავად მათი მცირერიცხოვნებისა, გაერიდებინათ თავი აქემენიდთა დიდი ჯარისთვის. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ ცოცხლობს მითი აქემენიდთა უძლეველობისა.
უნდა ითქვას, რომ სწორედ ქსენოფონტეს "ანაბაზისმა" შეუმზადა თეორიული საფუძველი ალექსანდრე მაკედონელის ძლევამოსილ ლაშქრობებს. მაკედონელემა პირველ რიგში ფსიქოლოგიურად დასძლიეს აქემენიდური ირანის უძლეველობის კომპლექსი.
მანამდე კი ეს მითი სწორედაც რომ ქართველურმა სამყარომ დაამსხვრია. ის რომ აქემენიდურმა ირანმა ბოლომდე ვერ შეძლო ქართველურ ტომებზე თავისი გავლენის თავსმოხვევა, კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო თავად ბერძნული და მაკედონური ძალებისათვის.
სწორედ მათ იტვირთეს აქემენიური ძლევამოსილებისთვის საბოლოოდ გამოეყვანათ წირვა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...5&id_artc=29580