https://aeon.co/opinions/what-every-dictato...atural-fanaticsმემგონი თემის ავტორის მიერ დასმულ შეკითხვას ნაწილობრივ პასუხობს ეს სტატია.
ფანატიზმისაკენ მიდრეკილებას, რომელიმე დოქტრინის კრიტიკული ანალიზის გარეშე ერთგულებას ბევრი სოციალური და კულტურული ფაქტორი განაპიროებებს. ჯოელ ჰერბერტი ნეირომეცნიერია, ამიტომ მისთვის, როგორც მკვლევარისთვის საინტერესოა, აქვს თუ არა იდეისადმი ან ამ იდეის მატარებელი ჯგუფისადმი ფანატიკურ მორჩილებას ბიოლოგიური საფუძველი. და თუ ასეთი საფუძველი არსებობს, ადამიანების რომელი ჯგუფი უფრო მოწყვლადია ამ დამანგრეველი ფენომენის მიმართ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, რომ ფანატიზმისადმი მიდრეკილება ძალიან მაღალია ახალგაზრდა (25-26 წლამდე ასაკის) მამაკაცებში და მის ხელშემწყობ მექანიზმს შემდეგნაირად ხსნის:
თავის ტვინის ერთ ერთი ნაწილი - ლიმბური სისტემა (limbic system) მამაკაცის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ორჯერ "იბომბება" ტესტოსტერონით: პირველად - ჩანასახის ჩამოყალიებების დროს და მეორედ - პუბერტატის (ეგრეთწოდებული გარდატეხის) პერიოდში. ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს ფიზიკური შეხების შემცველი თამაშების მოსაწონობას, აგრესიული ქცევის განხორციელებას, რისკის შემცველი მოქმედებისადმი მიდრეკილებას.
ადამიანის თავის ტვნს აქვს შედარებით გვიან შეძენილი ნაწილი - შუბლის წილი. ეს უკანასკნელი ადამიანში სოციალურ ინტერაქციას, ნებისყოფასა და თვით-კონტროლს განაგებს. შუბლის წილი ადამიანში ეთიკური განზომილების ცენტრია. სხვადასხვა ენაში შემონახულია შუბლის წილის როლის აღმნიშვნელი სახალხო ფრაზა, გამოთქმა. ქართულში ალბათ გაგვიგია "ამ ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილიო."
საქმე ის არის, რომ შუბლის წილი ქალებში გაცილებით ადრეულ ასაკში ყალიბდება, ვიდრე მამაკაცებში. ახალგაზრდა კაცებს 25-26 წლამდე თავის ტვინის ეს წილი ჯერ კიდევ ზრდადაუსრულებელი აქვთ.
ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ რაღა თქმა უნდა, თავის ტვინის მოწყობა ავტონომიურად არ აყალიბებს ტერორისტს, ფანატიკოსსა და ჯგუფურ მოძალადეს. ამისთვის სოციალური, კულტურული და ბიოგრაფიული ფაქტორებიც მონაწილეობს. მაგრამ, თუკი ფანატიზმისადმი მოწყვლადობას, როგორც ფენომენს ცალკე გამოვყოფთ, კარგი იქნება, გავითვალისწინოთ რომელი სქესისა და ასაკის ჯგუფს შეიძლება ის მეტად ახასიათებდეს.
ავტორის აზრით, ხალხში გავრცელებულ გამოცდილებასა და ხალხურ ცოდნას (folk knowledge) ამ ფენომენის შესახებ ისტორიულად იყენებდნენ ტოტალიტარული რეჟიმები, პატრიარქალური ინსტიტუტები, რელიგიური ინსტიტუტები, იდეოლოგიური დაჯგუფებები. მათმა ლიდერებმა იცოდნენ, თუ საზოგადოების რომელი ნაწილისთვის უნდა მიემართათ ირაციონალური, არგუმენტებით გაუმყარებელი მასობრივი ქმედებისკენ მოწოდების დროს.
ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ მხოლოდ უახლესი ისტორიაც კი ამ ფენომენის ფესვგამდგარობის მაგალითს მრავლად გვაძლევს:
1. გავიხსენოთ ბალკანეთის ეგრეთწოდებული "გაუპატიურების ბანაკები," რომელთა ნაწილს ახალგაზრდა, ხშირად თინეიჯერი ბიჭები მართავდენენ. ეს საკონცენტრაციო ბანაკები თავისი აღვირახსნილობითა და სისასტიკით სხვა საკონცენტრაციო ბანაკების ფონზეც კი გამოირჩეოდა.
2. კრიმინოლოგიაში ბანდის ქცევა (gang behavior) განსაკუთრებით არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება, თუ ბანდა ახალგაზრდა მამაკაცებისგან შედგება ან ახალგაზრდა ხელმძღვანელობა ყავს.
3. ქუჩის არეულობები და ვანდალიზმი: დააწყებული ჩვენებური 17 მაისიდან (საინტერესოა, ასაკობრივი ანალიზი თუ გააკეთა ვინმემ, თორემ გენდერულად დამარბევლების შემადგენლობა ისედაც ცხადი იყო) და დამთავრებული გერმანიის ქალაქებში ამასწინათ მომხდარი ემიგრანტების ნაწილის თარეშით.
ავტორის აზრით, კარგი იქნება, საზოგადოება ამ ნევროლოგიურ ფენომენს სოციალურად თუ მოთარგმნის და გაითვალისწინებს, ისევე როგორც კრიმინალური/ტერორისტული/რელიგიური და დავამატებდი - ზოგადად პატრიარქალური ინსტიტუტები უკვე საუკუნეებია არა მხოლოდ ითვალისწინებენ, არამედ საჭიროებისამებრ იყენებენ კიდევაც.