რატომ? ვის სჭირდებოდა ეს? - 24 წლის განმავლობაში პირველად დავუსვი ჩემს თავს ასეთი კითხვები ომზე"
ეკატერინე ბასილაია
(15.02.2016)
24 წლის აფხაზი ჟურნალისტი, რომელმაც ენგურს გამოღმა საქართველოში პირველად შემოდგა ფეხი, შთაბეჭდილებებით და ნანახით გაოცებული წერს, რომ თურმე ხალხი და ბუნება ისეთივეა, როგორც აფხაზეთში; ზუგდიდი ნამდვილი ქალაქია, უფრო თანამედროვე, ვიდრე სოხუმი; მოსაკლავად და სიძულვილით არავინ უყურებს; რესტორანშიც ეპატიჟებიან... თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მთელ ისტორიას იმ ემოციით ასრულებს, რომ ქართველები მტრები არიან - მადლობა უფროს თაობას, აფხაზეთი რომ გაათავისუფლა და მას საქართველოში აღარ უნდა.
აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობამ საქართველო და ქართველები არ იცის, ამაზე ენგურს გამოღმა საქართველოშიც ბევრს საუბრობენ და წუხან, რომ დანარჩენი საქართველო და ქართველები უმეტესობისთვის მტერია და ჩვენზე კარგის თქმა - ღალატი.
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დღეს ხდება იგივე, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა - საბჭოთა დროს იყო იდეოლოგია, რომ დასავლეთი მტერია, ხოლო დღეს აფხაზების იდეოლოგიურ სურათში მტერი საქართველოა, რომ ამით გაამართლონ ამდენი დაღვრილი სისხლი.
"მტრის ხატის შექმნა "სახელმწიფოს" სიმტკიცისთვის და კონსოლიდაციისთვის სჭირდებათ. ამ შემთხვევაში აფხაზებისთვის ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ახალგაზრდა თაობას შეიძლება სიმპათია გაუჩნდეს იმ ცხოვრების მიმართ, რაც ენგურის მიღმაა. მტრის ხატი კი აუცილებელია იმისათვის, რომ იდეოლოგიური კედელი აღმართონ.
"ჩანს, რომ ეს მუშაობს. თუკი აფხაზები მარტივად გადმოვლენ და ნახავენ, რომ ენგურს გაღმა საქართველო აფხაზეთზე მეტად ვითარდება, უკეთესად ცხოვრობენ და აი, "მაკდონალდსიც" აქვთ და ეს რომ აღიარონ, მაშინ ჩათვლიან, რომ 90-იან წლებში შეეშალათ, ტყუილად იბრძოლეს. ეს კი პრობლემაა. ამიტომ შველით მტრის ხატი.
"სხვა გამოსავალი არც აქვთ. ამიტომაც უსიამოვნება შეემთხვევა ქართველების მიმართ სიმპათიის ხმამაღლა გამოხატვას. სტატიაში ახალგაზრდა აფხაზმა ბოლო მისამღერი - მადლობა ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის თავი გასწირაო - ეგ ტყუილად კი არ დაწერა. მის "ქვეყანაში" ისაა მთავარი, რომ უაზრო არ აღმოჩნდეს 90-იანი წლების ომი. შეიძლება ეჭვებიც უჩნდებათ იმაზე, რომ ამ არჩევანში მართლები არ იყვნენ, მაგრამ ამის აღიარება ამხელა სისხლის ხარჯზე ცოტა ძნელია," - აცხადებს საყვარელიძე.
"არ მინდოდა, საქართველოში რამე მომწონებოდა"
სტატია, სათაურით "მე საქართველოში მეტად აღარ მინდა" რუსული გამოცემის, "სპუტნიკ აბხაზიას" ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ავტორი ახალგაზრდა ჟურნალისტი საიდ ბარგანჯიაა, რომელსაც ზუსტად ისეთივე სტერეოტიპული განწყობა აქვს საქართველოს და ქართველების მიმართ, როგორც აფხაზი ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, რომ "საქართველოში წასვლა" ღალატია, კარგის თქმაც - ასევე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთდღიანი მოგზაურობისას ქართველებს ვერანაირი ნაკლი ვერ აღმოუჩინა, მაინც დაასკვნა, რომ მათი ნახვა მეორედ აღარ სურს.
მისი მოგზაურობა სამშაბათს დილით 9 საათზე იწყება, როდესაც ჟურნალისტების ჯგუფი სოხუმიდან დაიძრა. მათი ინტერესი სოფელ ჯვარში არსებული ენგურჰესის კაშხლის ნახვა იყო, რადგან ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა.
წერს, რომ როდესაც ენგურის "საზღვართან" მივიდნენ, გულისცემა აუჩქარდა. იმიტომ არა, რომ ეშინოდა ტყვედ აიყვანდნენ, ხვდებოდა, რომ ისინი არავის არ სჭირდება, მაგრამ ეს იყო უცნაური შეგრძნება, "რომლის ახსნა მისთვის რთულია".
მეგობრებს მესიჯიც მისწერა, რომ "საზღვარი გადალახა", ერთმა ხუმრობით უპასუხა, "მოღალატე ხარ", თუმცა ამან მაინც დაძაბა.
მან ენგურს გამოღმა საქართველოში პირველად შემოდგა ფეხი. "მესაზღვრეებმა" მარტივად გაატარეს. მათ დელეგაციას მიკროავტობუსი ელოდებოდა და მან ყურადღება მიაქცია აფხაზურ ნომრებს და დროშას, რამაც ერთგვარად გაახარა კიდეც.
მისი პირველი შთაბეჭდილებები ბუნებას ეხება. ყველაფერი აფხაზეთს აგონებდა - ბუნებაც, სახლებიც, ადამიანებიც ეზოებში და პატარა ჯგუფებად მდგარი ახალგაზრდებიც.
"ვიჯექი ფანჯარასთან. დათოვლილი მთები, ულამაზესი პეიზაჟები რა თქმა უნდა ჩემს ყურადღებას იპყრობს, მაგრამ თითქოს განზრახ ვაიძულებდი თავს, რომ არ მომწონებოდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ბავშვობაა, მაგრამ რა დასამალია, იმას ვამბობ, რაც იყო. მე არ მინდოდა, რომ საქართველოში რამე მომწონებოდა, თუნდაც ბუნება," - წერს აფხაზი ჟურნალისტი.
მისი თქმით, 24 წლის განმავლობაში პირველად დაუსვა თავის თავს კითხვები ომზე: რატომ? ვის სჭირდებოდა ეს?
როცა დაბრუნდა, ყველა ეკითხებოდა როგორ დახვდნენ, ის კი მოკლედ პასუხობდა - "ძალიან კარგად".
ენგურჰესის კაშხალზე ქართველები კარგად დახვდნენ, ძველ ნაცნობ აფხაზებთან მოკითხვაც დააბარეს და შემდეგ სადილის გარეშეც არ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაძაბული იყო, ვერაფერი გააწყვეს და ზუგდიდის რესტორანში მაინც მოუწიათ წასვლა.
ის ქალაქმა ძალიან გააოცა - "ეს ნამდვილი ქალაქი იყო, სუპერმარკეტებით, კინოთეატრით, პარკი შადრევნით და გაოცების ბოლო დარტყმა იყო "მაკდონალდსი".
რესტორანში მაგიდა გაწყობილი დახვდა, სადაც ყველაფერი მათი, აფხაზური იყო: მწნილი, ყველი, ელარჯი, მოხარშული ხორცი.
"ჩვენთან ერთად 5 ქართველი იყო, ენგურჰესის თანამშრომლები. ვერ შევძელი თავისუფლად ყოფნა, დაჯდომა და წარმოუდგენლად გემრიელი საჭმლისგან სიამოვნების მიღება. არ მტოვებდა აზრი, რომ ეს არასწორია.
"ორი მიმტანი გვემსახურებოდა. პირადად მე ვერ ვიგრძენი განსაკუთრებულად ნეგატიური ან დადებითი დამოკიდებულება, ისე როგორც ნებისმიერ რესტორანში. ვისხედით მაგიდასთან, იგივე საუბრები, ხუმრობებიც კი ისეთივე როგორც ჩვენთან და ისეთივე მუსიკაც," - წერს ჟურნალისტი.
აფხაზეთში დაახლოებით საღამოს დაბრუნდა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გალში ყოფნისას თავს სახლში ვიგრძნობდი. სოხუმში ჩასვლისას ცოტა ხანს დავეხეტებოდი უკაცრიელ სანაპიროზე, ადამიანებისაგან დაცლილ სოხუმის ქუჩებში და ფიქრებში მადლობას ვეუბნებოდი მათ, ვინც თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიპოვეს აფხაზეთის თავისუფლება და შეგვინარჩუნეს სახლები ჩვენ. უდიდესი პატივისცემა თქვენ და მე საქართველოში მეტად აღარ მინდა," - შთაბეჭდილებებს ასე ასრულებს აფხაზი ჟურნალისტი.
ენგურს გამოღმა შეფასებები
ქართველები, რომლებსაც აფხაზებთან შეხება აქვთ, ამბობენ, რომ აფხაზები წინასწარ განწყობილნი არიან საქართველო და ქართველები არ მოეწონოთ. ისინი იშვიათად ჩამოდიან ენგურს გამოღმა საქართველოში და ამიტომაც გაუცხოება უფრო და უფრო ღრმავდება. მცირე ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებობს, თუმცა ამ დროსაც საუბარი უფრო ყოფით თემებს ეხება, პოლიტიკაზე თითქმის არ ლაპარაკობენ, აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" მათთვის ხელშეუხებელი მიღწევაა და მორჩა.
როგორც თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ამბობს, ენგურს გამოღმა საქართველოში მაინცდამაინც ბევრი აფხაზი არ დადის და საზოგადოებებს შორის კავშირი პრაქტიკულად არ არის.
"სხვადასხვანაირად ფიქრობენ. ზოგმა ქართველები ინტერნეტით გაიცნეს და ურთიერთობენ, ასევე უცხოეთში ფორუმებზე ხვდებიან და კონტაქტებიც არის. აინტერესებთ როგორ არიან ნაცნობი ქართველები. შეიძლება ვიღაცები თბილისშიც ჩამოვიდნენ კიდეც. ზოგი კი ყველანაირი ურთიერთობის წინააღმდეგია.
"თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკურად საქართველოში ყოფნა არ უნდათ. ზოგადად მაინც უფრო გაუცხოებაა. არის განწყობა, რომ ქართველები მტრები არიან და ასეთი განწყობა ჩვენთანაც არის. ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ფაქტობრივად ომის იდეოლოგია ისევ არსებობს. ხალხმა ახლობლები დაკარგა და ჯერ კიდევ ღია ჭრილობაა.
"აფხაზეთში გასულ წელს ორჯერ ვიყავი. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა უფრო მიდის გაუცხოება. ახალი თაობა გაიზარდა, რომელსაც ქართველებთან კონტაქტი არ ჰქონია და როდესაც არ იცნობ, გაუცხოებაც ხდება. თუკი საქმე ისე წავა, რომ პოლიტიკოსებმა იპოვეს შეხების წერტილი, ეს გაუცხოება გალღვება.
"ახლა ქართველებზეც და საქართველოზეც უფრო იშვიათად ლაპარაკობენ, იშვიათად მეკითხებიან, ვიდრე წლების წინ და გაუცხოებასაც ამას ვეძახი", - ამბობს ანჩაბაძე.
"აფხაზები ხმამაღლა ქართველებზე კარგს არასდროს ამბობენ. სოციალურ ქსელებშიც სულ მწარე რაღაცებს წერენ ხოლმე, მათთან ასეა მიღებული, ბავშვებსაც ასე ზრდიან," - ასე იწყებს საუბარს "მთელ კვირასთან" გალში მცხოვრები ნატალია.
ის ზუგდიდში ხშირად დადის და ამბობს, რომ აფხაზებს ენგურს გამოღმაც შეხვედრია.
"ახალი თაობა საერთოდ არ იცნობს ენგურს გამოღმა საქართველოს. მათთვის ჩვენ მტრები ვართ. ალბათ ერთეული ახალგაზრდა თუა ჩვენკენ ნამყოფი. ზუგდიდში უმეტესად 35-40-ს გადაცილებული აფხაზები ჩამოდიან, უმეტესად ქალები, სავაჭროდ, სამკურნალოდ. ურთიერთობაშიც ქალები უფრო გახსნილები არიან. ვინც უკვე ორჯერ მაინც ყოფილა, მათ იციან, რომ აქ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ იქ, თავისთან უნდა დამალონ ეს მიმოსვლა.
"პოლიტიკაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ, არც აღფრთოვანებას გამოხატავენ ხოლმე. მადლობას ამბობენ მკურნალობაზე, ყოფით რაღაცებზე ყვებიან, ნაცნობებს მოიკითხავენ და მორჩა. ზოგი იმასაც კი ამბობს - მერე რა, რომ ვიმკურნალე საქართველოში, მაინც მტრები არიანო. გალში ამაზე ბევრი ბრაზდება კიდეც - აფხაზებს მკურნალობა უფასოდ აქვთ, ამით გვიყენებენ და მაინც ვძულვართო.
"შერიგებაზე სიტყვას საერთოდ არ ძრავენ ხოლმე. მე გალელი ვარ, ზუგდიდშიც ხშირად ჩამოვდივარ და ვიცნობ აქ ჩამომსვლელ ერთი-ორ აფხაზსაც. არ მსმენია, რომ ზუგდიდში ვინმეს აფხაზისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
"იშვიათია, მაგრამ ვიღაცები მეგობრობენ ქართველებთან, კარგადაც არიან, თბილისში და ლილოშიც დადიან სავაჭროდ. ზაფხულში "ბარსელონას" თამაშზეც იყვნენ და მაშინ ის ხალხი მოღალატეებადაც შერაცხეს.
"იქიდან ჩამოსულები ჩუმად ამბობდნენ, რომ თბილისი თანამედროვე ქალაქია ლამაზი შენობებით, მათ აფხაზობის გამო არავინ გამოკიდებია. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ აფხაზეთშიც შენდება რაღაცები, კეთდება ქუჩები. რამდენიმე წელია სოხუმისკენ არ ვყოფილვარ და არ ვიცი მართლა ასეა თუ არა," - ამბობს ნატალია.
რამაზ საყვარელიძე იმედს გამოთქვამს, რომ დროს ყველაფერი მიაქვს და ამასაც წაიღებს - როდესაც აფხაზეთში კლიმატის შემქმნელი აღარ იქნება ის თაობა, რომელსაც სისხლის ფასად დაუჯდა 90-იანი წლები, ალბათ ის სტერეოტიპებიც, რომ საქართველოში მაინცდამაინც მტრები დაინახონ, მოიშლება.
"იქაური იდეოლოგიური მანქანა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მუქი ფერებით დახატონ ქართული სინამდვილე. ალბათ ეს იდეოლოგიური მანქანა დაიღლება, ახალგაზრდების მეტი წილი გადმოლახავს ენგურს, თვითონ იქაც განწყობილების განმსაზღვრელი აფხაზები თუკი დარჩნენ საერთოდ და რუსებში ასიმილაცია არ მოახდინეს, სხვა თაობა იქნება და ნელ-ნელა გასწორდება ეს საქმე.
"ერთი პოზიტივი აქვს ამ ახალგაზრდა აფხაზის მონათხრობს - ის, რომ ქართველები კარგად იქცევიან. იმის თქმა, რომ საქართველოში მეტჯერ არ უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მოეწონა. ის ახლობლებში ხომ უნდა დაბრუნდეს და როგორ დაბრუნდება, თუკი ქებას შეასხამს საქართველოს?!
"მე მის ნაწერში გაცილებით მეტი პოზიტივი დავინახე. ბოლო ფრაზა იქაური კონიუნქტურითაა გაკეთებული და ბოლო ფრაზით ნუ ვიმსჯელებთ იმაზე, აფხაზი ახალგაზრდა როგორ ფიქრობს. ყინული გალღვება, რაც უფრო ნახავს საქართველოს და თვითონ საქართველო რაც უფრო კარგი სანახავი იქნება," - დასძენს საყვარელიძე.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=28084ყველაზე ცუდი ის არის რომ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია ადამიანს და პროპაგანდის მსხვერპლი ხარ
This post has been edited by iase on 16 Feb 2016, 12:05