http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=33919გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ავტოგაზის ფასის 8-15 თეთრამდე შემცირებას ვარაუდობენ. ცვლილება ავტოგაზის ღირებულებაში მას შემდეგ აისახება, რაც „სოკარი“გაზგასამართი სადგურებისთვის გაზის საფასურს შეამცირებს.
ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ენერგოკომპანია ფასების დაწევას აპირებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაავრცელა.
„„სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, ამიტომ დაწეული ტარიფები ძალაში შესული არ არის. თუმცა გაზგასამაღი სადგურების წარმომადგენლებს გაზის გაიაფების მოლოდინები უკვე აქვთ. ისინი კონკრეტულ მაჩვენებლებსაც ასახელებენ, თუ რამდენი თეთრით დაიკლებს გაზის ღირებულება.
კომპანია „გამა გაზის“ ხელმძღვანელი თემურ გრიგოლია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაზის მოწოდება დაბალ ფასში არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაზის ფასზე აისახებოდა
თემურ გრიგოლია აცხადებს, რომ ცვლილებებს უფრო მომდევნო თვიდან ელოდებიან, რადგანაც ხელშეკრულება „სოკარსა“ და საქართველოს შორის 4 მარტს გაფორმდა და ახალი ტარიფები ძალაში შუა თვიდან ვერ შევიდოდა.
„ვვარაუდობთ, რომ 8-10 თეთრით დაიწიოს გასაყიდმა ფასმა. როგორც კი გაფორმდება ახალ ფასებზე კონტრაქტი, მაშინვე აისახება გაზგასამართ სადგურებზეც. ჩვენც ვართ ამით დაინტერესებული, რადგან ბენზინის ფასი დაბლა ჩამოვიდა და კლიენტები მოგვაკლდა“,- აცხადებს თემურ გრიგოლია.
„ველო გაზის“ ხელმძღვანელი ვრანგელ ცეცხლაძე კი „სოკარის“ მხრიდან ფასების კორექტირების შემდეგ გასაყიდი ფასის 15 თეთრამდე დაწევას ვარაუდობს.
მისი თქმით, კომპანია გაზს „ყაზტრანსგაზის“ გავლით „სოკარიგან“ იღებს და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია ტარიფის დაკლებაზე არ მიუღიათ. მისივე განცხადებით, როგორც კი „ყაზტრანსგაზი“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს „ველო გაზის“ სამომხმარებლო ფასზეც მაშინვე აისახება.