გაზის მოწოდების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი, ასევე ირანის ეკონომიკისთვის.
ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ, მათი აზრით, ორივე ქვეყნის ეკონომიკა მოიგებს. ამ თვალსაზრისს იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.
„ - დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. როდესაც ირანთან ურთიერთობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძვირი საბადოები აქვს. განვითარებადი ქვეყნების რიგში ირანს საპატიო ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ურთიერთობის აღდგენას ყველანაირად უნდა მივესალმოთ. გაზის მოწოდების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ირანის ეკონომიკისთვის, რადგან ირანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, #ჰიდროენერგეტიკაშიც“, – აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.
ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოს 200 მლნ კუბ.მ გაზს მოაწოდებს.
ანზორ ჭითანავას თქმით, 200 მილიონი კუბ.მ დიდი მოცულობა არ არის, რადგან საქართველო 2 მილიარ კუბ.მ-მდე გაზს მოიხმარს და ეს მისი საჭიროების მხოლოდ 10 პროცენტია.
„ - საბჭოთა პერიოდში საქართველოს 6-7 მილიარდი კუბ.მ გაზი სჭირდებოდა, ახლა ძლივს ავედით 2 მილიარდზე – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამორჩენილია, წარმოებები არ მუშაობს და უფრო ნაკლები ბუნებრივი აირი გვჭირდება, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? სასურველია უფრო მეტი გარანტია გვქონდეს იმისა, რომ ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოში ირანული გაზის წილი მოიმატებს. თანაც, ირანული გაზი თავისი კალორიულობით თუ სხვა მახასიათებლებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანული. რატომ სომხეთის გავლით და არა – აზერბაიჯანის?- თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთის გზა უმოკლესია, ეს ტრასა არსებობს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო აზერბაიჯანელები გაგვინაწყენდნენ, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენ სომხეთთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა. ახლა ჩვენ რომ გავჯიქდეთ და ვთქვათ, რომ სომხეთისკენ რუსულ გაზს არ გავატარებთ, ეს ხომ აბსურდი იქნება? მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურაა, ბიზნესსაქმიანობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. კარგია, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ტრასის არჩევა და სომხეთის ტერიტორიაზე გატარება ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია და ირანელებმაც ალბათ ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ანზორ ჭითანავა.
https://www.facebook.com/energyplatform/pho...?type=3&theater