25 თებერვალი 1921 წელი
თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს,
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა
ეფინებოდა გმირების გვამებს
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე
თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით,სად წინად ელავდნენ ხმლები
და სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად,გმირთა სისხლით ნაპოხიერი
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი.
წითელი დროშით, მოღერილ ყელით
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
კოლაუ ნადირაძე
ხსოვნა იყოს ნამდვილი ქართველების