„პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო სომხეთისათვის „მეგობრული მტრის“ როლს ასრულებს. მართალია, ქართულ დროშაზე ქრისტიანული ჯვარია გამოსახული, მაგრამ საქართველოს მთავრობისათვის სარწმუნეობრივ, ქრისტიანულ ძმობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არადა, ისლამური ქვეყნების გარემოცვის ოკეანეში მდებარე ორი მეზობლის ერთმანეთთან სოლიდარობა ორივესთვის სიკეთის მომტანი და გამართლებული იქნებოდა“ – ამის შესახებ ამერიკაში გამომავალ სომხურ გაზეთ «The Armenian Mirror-Spectator»-შინ გამოქვეყნებულ სტატიასია ნათქვამი.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საბჭოთა პერიოდში ეთნიკურ დაპირისპირებები ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლის მიერ იყო მიყუჩებული. საქართველოსა და სომხეთს ერთმანეთთან მაინცდამაინც დიდი სიყვარული არ ჰქონდათ, რადგან, სანამ ორივე საბჭოთა იმპერიაში გაერთიანებოდნენ, მათ შორის ომიც მოხდა და ამ ომის შედეგად ჯავახეთი საქართველომ მიისაკუთრა. იმპერიის დაშლის შემდეგ კი ორივე მეზობელი სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მქონე ბანაკში მოხვდნენ და ერთმანეთთან ანტაგონისტური გრძნობებიც გაღვივდა. ისტორული გარემოებების გამო სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე გახდა და თავის ტერიტორიაზე მოსკოვს სამხედრო ბაზის განლაგების ნება მისცა, საქართველომ კი იმედის მზერა დასავლეთს მიაპყრო და ნატოში გაწევრიანება მოისურვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა თავისი პროდასავლური ორიენტაციის (მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული უჭკუო პოლიტიკის) გამო, მომდევნო ხელისუფლებამ – „ქართული ოცნების“ მთავრობამ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი მაინც არ შეცვალა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 12 თებერვალის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ჩვენს მეზობლებთან – საქართველოსთან და ირანთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვსო“, მაგრამ გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტკორექტული გამოთქმა იმ მიზნით, რომ მათთან, განსაკუთრებით კი თბილისთან სიტუაცია არ გაემწვავებინა.
სინამდვილეში ცხადია, რომ სომხეთს ირანთან და საქართველოსთან სხვადასხვა დონისა და ფუნდამენტის მქონე ურთიერთობა აქვს. ირანს ზოგჯერ შეუძლია სომხეთის ინტერესების იგნორირება მოახდინოს, მაგრამ ამას ისე აკეთებს, რომ მეზობელს დიდი ზიანი არ მიაყენოს. ქართველები კი თავიანთი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით სომხების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამით სომხებს ტკივილს აყენებენ. ქართველები სხვა ეთნოსების მიმართ უკიდურეს ქსენოფობიას ამჟღავნებენ და სურთ, რომ ეროვნული უმცირესობის ასიმილირება მოახდინონ. ეს განსაკუთრებით ჯავახკში მცხოვრებ სომხებს ეხება. გამოდის, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაკარგვით საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სომხეთს ვირტუალური მტრის სახეა აქვს. გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო გამომწვევად უჭერს მხარს თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციას, რითაც სომხეთს ზიანს აყენებს და ფეხქვეშ თელავს იმ „კეთილმეზობლურ სულისკვეთებას“, რომლის დაცვას სომხეთი უშედეგოდ ცდილობს.
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია და თავის უშიშროების განმტკიცებას ამ ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს, თუმცა მოსკოვის პოლიტიკა გაკვირვებას იწვევს: რუსეთი ჩუმადაა, როცა აზერბაიჯანი სომხური ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ რუსეთი ასევე ჩუმად აწვდის ბაქოს თანამედროვე შეირაღებას. ეს პრობლემები „ოდკბ“-ის გენერალურ მდივანს ნიკოლაი ბორდიუჟას მაინდამაინც არ აღელვებს. ამ პოლიტიკურ ფონზე კი საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ კავშირებს აღრმავებს, რითაც სომხეთს კისერზე ყულფს უჭერს.
ამას წინათ, 19 თებერვალს, თბილისში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საქარეო საქმეთა მინისტრების მიხეილ ჯანელიძის, მევლიუთ ჩავუშოღლუსა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მათ კარწახის რკინიგზის სასაზღვრო სადგური მოინახულეს. სამივე მინისტრმა ქება-დიდება უძღვნა ბაქო-თბილისი-ყარსის „ისტორიული“ რკინიგზის მშენებლობას და მის მნიშვნელობას, რომელიც „აბრეშუმის ახალი გზის“ პროექტის ჩარჩოებში სომხურენოვან ჯავახკის რეგიონში, ახალქალაქზეც გაივლის, სომხეთის გვერდის ავლით. აზერბაიჯანელმა ელმარ მამედიაროვმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი – „სომხეთი ბევრს წააგებს, ასეთ პროექტებში რომ არ მონაწილეობსო“.
მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ეკონომიკური განცხადებების გარდა, მინისტრების ტრიომ ხელი მოაწერა პოლიტიკურ დეკლარაციას, რომლის თანახმად, ისინი მხარს უჭერენს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით“. აშკარაა, ეს სიტყვები შენიღბულია და სინამდვილეში ალიევების დინასტიის ტერიტორიულ ამბიციებს ასახავს. [დეკლარაცია] ეწინააღმდეგება ჰელსინკის აქტს, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შეთავსებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებასთან.
საქართველო დაუფიქრებლად უჭერს მხარს აზერბაიჯანის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, სომხეთი კი იძულებულია თავი შეიკავოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებისაგან, რათა თავიდან აიცილოს თბილისთან კონფრონტაცია.
ირანის მიმართ სანქციების მოხსნამ კავკასიაში ბუნებრივი გაზის საკითხში პოზიციების შეჯახება გამოიწვია: აქ ერთმანეთთის კონკურენტები რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი არიან. გაისმა საუბარი იმაზე, რომ სომხეთი შეიძლება საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს ირანიდან გაზის მიღების საკითხშიო. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ თბილისმა გადაიფიქრა – ვაითუ ბაქო გაბრაზდესო: კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანულ ტრანზიტზეც უნდა ვიფიქროთ, ეს ვარიანტიც უნდა განვიხილოთო“.
თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობამ შლიუზები გაუხსნა თურქული კაპიტალის შეჭრას საქართველოში. ვააგნ ჩახალიანმა, ჯავახკის პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საპყრობილეში იჯდა, სომხების გასაგონად მიმართვა გამოაქვეყნა, რომლის დედააზრი ასეთია: „არა საქართველოს თურქიზაციას“. მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს დათესილი თურქული თესლი უკვე აღმოცენდა და საქართველოს თურქიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მატულობს, უკანდასახევი წერტილი უკვე გადაკვეთილია“. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ თურქები არა მარტო სომხების, არამედ ქრისტიანი ქართველების დისკრიმინაციასაც ახდენენ. სამწუხაროა, რომ მსაქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზების განლაგებასაც კი დათანხმდა, რაც საქართველოს თურქიზაციის დასასრული იქნება.
გასაგებია, რომ შეერთებული შტატები და ნატო ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მას „სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილ წვლილად“ მიიჩნევენ. თუმცა რუსეთისა და თურქეთის გამწვავებული ურთიერთობის პირობებში ეს ნაბიჯი უფრო მოსკოვის გაღიზიანებას ემსახურება და თურქული ბაზის განლაგების უპირველესი მსხვერპლი სწორედ სტაბილურობა იქნება. ისეთ მეგობარს რეგიონში, როგორიც საქართველოა სომხეთისათვის, მტერიც კი არ გვისურვებს.
http://www.newspress.ge/uckhouri-presa/801...-istsavles.html