მცირე ამონარიდი ანევრიზმებთან დაკავშირებით...
ანევრიზმა არის სისხლძარღვის სანათურის ადგილობრივ გაგანიერება ან მისი კედლის გამობერილობა.ანევრიზმა შეიძლება იყოს ნამდვილი და ცრუ, ანუ ტრავმული, აგრეთვე-არტერიული, ან არტერიულ-ვენური.
ნამდვილი ანევრიზმის დროს (არატრავმული) სისხლძარღვის კედლის ყველა შრეა გამობერილი, ანევრიზმის კედელში არტერიის ყველა შრე მონაწილეობს. იგი ვითარდება ათერომატოზის, სიფილისის, კვანძოვანი პერიარტერიტის, სეფსისური, ეროზიული ან ირგვლივ ქსოვილებში ტუბერკულოზური პროცესის შედეგად და სხვ. აგრეთვე შეიძლება იყოს თანდაყოლილი.
თანდაყოლილი ანევრიზმა არის არტერიასა და ვენას შორის მომცრო ერთეული ან მრავლობითი ხვრელმილი, რომელიც ჩნდება ემბრიოგენეზში (ემბრიოგენეზის მოშლისას შეიძლება არტერიულ და ვენურ სისტემებს შორის პათოლოგიური კავშირი განვითარდეს, როგორც არტერიოლებსა და ვენულებს, ისე არტერიებსა და ვენებს შორის და ჩამოყალიბდეს თანდაყოლილი ანევრიზმა).
თანდაყოლილი ანევრიზმები უმეტესად ცალმხრივია. ისინი გვხვდება თავზე ექსტრა- და ინტრაკრანიალურად, სახეზე, კიდურებზე, აგრეთვე შინაგან ორგანოებში (ნაწლავებში, ფილტვებში, კმელებში და ა.შ.) უფრო ხშირად კიდურების დისტალურ ნაწილებში.
კლინიკა დამოკიდებულია არტერიულ-ვენურ ხვრელმილთა რაოდენობასა და ოდენობაზე, მათ გავრცელებასა და სისხლძარღვთა კალიბრზე
ადგილობრივი ნიშნებიდან აღსანიშნავია კანქვეშა ვენების გაგანიერება, ზოგჯერ მკვეთრად. ვენის კედელი ძლიერ გასქელებულია, სისხლის წნევა მასში მომატებულია (არტერიული სისხლის მიმოქცევის გამო), ზეწოლით ვენა ძნელად იჭყლიტება, კიდურის მაღლა აწევისას არ ქრება. ზოგჯერ ვენაზე ისინჯება (და თვალითაც ჩანს) პულსაცია, შეხებით კატის კრუტუნი აღინიშნება (თუ ხვრელმილი ძლიერ მცირე არ არის). ასეთ ვენაზე მოსმენით ისმის დამახასიატებელი სისტოლურ-დიასტოლური ხმა, რომელიც ფონოგრაფიით კარგად ისახება ფონოგრამაზე, რაც ანევრიზმის პათოგნომიური ნიშანია.
თანდაყოლილი ანევრიზმის დროს, ერთი მხრივ აღინიშნება ვენის არტერიალიზაცია და კანქვეშა ვენა არტერიას ემსგავსება, მეორე მხრივ კი ვითარდება ანევრიზმის პროქსიმალურად მდებარე არტერიის გაგანიერება, იგი თხელდება, გრძელდება და მის კედელში ცვლილებების შედეგად ვენას ემსგავსება.
რეგიონული ნიშნებიდან აღსანიშნავია დაავადებულ მხარეზე კიდურის ჰიპერტროფია, დაგრძელება რამდენიმე სანტიმეტრით (გაძლიერებული ვასკულარიზაციის შედეგად), უფრო ქვედა კიდურზე, კანის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატება (განსაკუთრებით ხვრელმილთან ახლოს), ტროფიკული მოშლილობები (ჰიპერტრიქოზი, წყლულები, იშვიათად განგრენაც), კანის ფერის შეცვლა (წითელი ან ყავისფერი დიდი ზომის ლაქები ხალების მსგავსად).
ზოგადი ნიშნებიდან აღსანიშნავია გულის ცვლილებები (დასაწყისში კომპენსაციური ჰიპერტოფია, შემდეგ გულის გაგანიერება) სისხლის მიმოქცევის გაუკურმართების გამო, რადგან გულს უხდება დამატებითი მუშაობა.
გულის მხრივ ცვლილებები დამოკიდებულია დაავადებიდან გასულ დროსა და ანევრიზმის ოდენობაზე. მცირე, იზოლირებული ანევრიზმის დროს გულის მხრივ მოვლენეთქმის არ არის (მძიმე შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ, როცა არტერიასა და ვენას შორის თანდაყოლილი შუნტი ისპობა, გულის მხრივ მოვლენები გამოსწორდება). დამახასიათებელია აგრეთვე პულსის გაიშვიათება
ტრავმული ანევრიზმა შემაერთებელქსოვილოვანი პარკია, რომელიც არტერიასთანაა დაკავშირებული. მის შექმნაში არტერიის კედელი არ მონაწილეობს, იგი ნაწიბუროვანი ქსოვილითაა წარმოდგენილი, ამიტომ ყალბ ანევრიზმასაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს არტერიული ან არტერიულ-ვენური.
განვითარების მექანიზმი: ტრავმული, ანუ ყალბი ანევრიზმა ვითარდება მოპულსირე ჰემატომისგან. სისხლძარღვის (ხშირად ტყვიით, ნაღმის ნამსხვრევით, საფანტით, დანით ან სხვ.) დაზიანების შემთხვევაში, როცა არტერიაში სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, ირგვლივ ქსოვილების ზეწოლა კი ჰემატომაზე კარგად არის და ავადმყოფი გადარჩება. ჯერ ვითარდება მოპულსირე ჰემატომა, შემდეგ კი ანევრიზმული პარკი. ამისთვის დაახლოებით ორ თვემდე დროა საჭირო. მოპულსირე ჰემატომაში არტერიასთან დამაკავშირებელი ხვრელით სისხლი მუდმივ მოძრაობს და არ დედდება. ჰემატომის ირგვლივ ქსოვილებიდან რეაქტიული ანთების შედეგად ფიბროზული კაფსულა ვითარდება, ჩაღვრილი სისხლი გაიწოვება და ანევრიზმული პარკი ჩამოყალიბდება.
არტერიისა და ვენის ერთდროული დაზიანების შემთხვევაშიც ჯერ მოპულსირე ჰემატომა ვითარდება, შემდეგ-ანევრიზმული პარკი, რომელიც არტერიული ანევრიზმისგან განსხვავებით დაკავშირებულია როგორც არტერიის, ისე ვენის სანათურთან.
სიმპტომები: ავადმყოფის ჩივილი სხვადასხვანაირია, დამოკიდებულია დაჭრიდან გასულ დროზე, ანევრიზმის პარკის ადგილზე, ნერვის დაზიანებაზე.
ნაადრევ პერიოდში, ჯერ კიდევ ჰემატომის არსებობის პერიოდში აღინიშნება ტკივილი და კიდურის მოძრაობის გაძნელება. მოგვიანებით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ-კიდურების გაბუჟების, გაცივების და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება.
ანევრიზმული პარკის ჩამოყალიბების შემდეგ მწვავე მოვლენები ქრება, ავადმყოფი კიდურს ხმარობს დაზოგვით. არტერიული ანევრიზმის მიმდინარეობა მის ოდენობაზე, მის ლოკალიზაციასა და ირგვლივ ქსოვილების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მცირე ანევრიზმა შეუმჩნეველია და შემთხვევით აღმოაჩენენ, საშუალო და დიდი კი ადვილად შეიმჩნევა.
ანევრიზმის დამახასიათებელი ნიშნებია: არტერიის პროექციაზე ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნე შეუცვლელი კანით, გულის სისტოლასთან სინქრონული პულსაცია, მოსმენით სისტოლური შუილი. ანევრიზმის ცენტრალურად არტერიაზე ზეწოლით სიმსივნე მცირდება, პულსაცია და შუილი ქრება (ხელის აღებისთანავე პირვანდელი სურათი ვითარდება). ანევრიზმის დისტალურად, თრომბოზის ან საზმის გამო, საღ კიდურთან შედარებით პულსაცია შესუსტებული ან გამქრალია.
ანევრიზმული პარკის ზეწოლის შედეგად დაავადებული კიდურის ფუნქცია დაქვეითებულია. ზოგჯერ აღინიშნება ნევრალგია, პარესთეზია, ართრიტი, ტროფიკული მოშლილობა, კიდურების შესივება ვენური ან ლიმფური სტაზის შედეგად და ა.შ.
არტერიულ-ვენური ანევრიზმა არტერიისა და ვენის ერთდროულად დაზიანების და მათ შორის კავშირის შედეგია. მას გაცილებით მძიმე მოვლენები ახასიათებს. ამ დროს არტერიული სისხლი ვანაში გადადის და სისხლის მიმოქცევა უკუღმართდება, რაც ქსოვილთა კვებაზე და, განსაკუთრებით, გულის მუშაობაზე მოქმედებს. აღინიშნება პულსის გახშირება, პარკუჭთა ჰიპერტროფია, სისტოლური შუილი.
არტერიულ-ვენური ანევრიზმა ორგვარია: პირდაპირი (როცა არტერიასა და ვენას შორის უშუალო კავშირია) და არაპირდაპირი (როცა ერთმანეთს უკავშირდებიან შემაერთებელქსოვილოვანი ანევრიზმული პარკით, რომელიც ყოველთვის ნაკლები ოდენობისაა, ვიდრე არტერიული ანევრიზმის დროს).
ხშირად არტერია და ვენა ხვრელმილით პარკის გარეშე მჭიდროს ეკვრის ერთმენეთს. ზოგჯერ ამასთან ერთად ვითარდება პარკი არტერიის ან ვენის მხარეზე ან მათ შორის.
ანევრიზმის გართულებებია: გასკდომა და ძლიერი სისხლის დენა (რომელსაც დაუყოვნებლივ თუ არ შეაჩერებენ, ავადმყოფი დაიღუპება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამზადებული უნდა ჰქონდეთ ლახტი), ანევრიზმული პარკის ქსოვილებზე ზეწოლა, ირგვლივ ქსოვილების (და არა ანევრიზმის) დაჩირქება და ფლეგმონიის განვითარება, ემბოლია, თრომბოზი, გულის ჰიპერტროფია და მუშაობის მკვეთრი გაუარესება (არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს), იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანევრიზმის პეტრიფიკაცია.
მკურნალობა ქირურგიულია
***
რავიცი, თუ ვინმეს დააინტერესებს, წაიკითხოს...
This post has been edited by mtvareuli on 10 Oct 2007, 01:25