დიდგულა – Sambucus nigra L., მიეკუთვნება ცხრატყავასებრთა – Caprifoliaceae ოჯახს. იგი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 7 მეტრამდეა. ბუჩქი ან პატარა ხეა 3-6 მ სიმაღლის. დიდგულას ვარჯი მომრგვალოა, ასაკოვანი ღეროების ქერქი მურა-ნაცრისფერია ღრმა ნაპრალებით, ფოთლები მოპირდაპირეა, კენტფრთიანი; ფოთოლი შედგება 5-7 კვერცხისებრად წამახვილებული ფოთოლაკისაგან, რომელსაც მახვილ კბილებიანი კიდე აქვს. ყვავილები ძალიან წვრილია 5-7 მმ დიამეტრის ზომის. ყვავილები შეკრებილია წვეროზე 15-20 სმ ზომის ფარისებურ ყვავილედად. განაპირა ყვავილები მჯდომარეა, დანარჩენი კი ყვავილის ყუნწია. ნაყოფები წვნიანია, შავი-იისფერი, 3 კურკიანია. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
დიდგულა გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ შვეციაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ციმბირში. საქართველოში იგი იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ტყეებში, სვანეთში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, კახეთში, თრიალეთში, მესხეთში. საქართველოში დიდგულას დიდი რესურსებია.
დიდგულას ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, ტრიტერპენებს, ეთერზეთს, გლიკოზიდ სამბუნიგრინს. ფოთლებში აღმოჩენილია ალკალოიდები, ფენოლური და ტრიტერპენული მჟავები, ამირინული რთული ეთერები, მწარეები; დიდგულას მწიფე ნაყოფები შეიცავს С და B ჯგუფის ვიტამინებს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანურ საღებავებს. ხალხური მედიცინა იყენებს დიდგულად ნაყოფებსაც.
დიდგულას ყვავილებს ამზადებენ ყვავილობისას, გვირგვინის დაცვენამდე. ეს შესაძლებელია ივნის-ივლისში. ყვავილებს აჭრიან დანით ან სეკატორით და ალაგებენ კალათებში. შეგროვებული ყვავილები დაუყოვნებლად გადააქვთ გასაშრობად; დაყოვნების შემთხვევაში ნედლეული ჩახურდება და გაშრობისას მუქად შეიფერება. ასევე ემართება (მუქდება) დაგვიანებით პერიოდში შეგროვებულ ყვავილებს. დიდგულას ყვავილების დამზადებისას უნდა მოვერიდოთ ტოტების დაზიანებას. ჩვეულებრივ დიდგულას ყვავილების შესაგროვებლად ხელსაყრელი პერიოდი 15-20 დღეა.
დიდგულას ყვავილებს ახასიათებს ოფლმდენი და შარდმდენი მოქმედება. ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია დიდგულას მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, რაც გამოწვეული უნდა იყოს მასში შემავალი გლიკოზიდით. დიდგულას ყვავილის გამოყენება ეფექტურია მცენარეულ ნაკრებებში, რომლებიც გამოიყენება გაცივების დროს. ნაჩვენებია ბრონქიტის, ბრონქოექტაზიის, ფილტვის ემფიზემის, ბრონქული ასთმის დროს. ვიტამინების შემცველობის წყალობით დიდგულას ნაყოფებსა და ფოთლებს გააჩნიათ საერთო გამაჯანსაღებელი თვისება. ხალხურ მედიცინაში დიდგულას პრეპარატები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების, ანგინისა და რინიტის დროს გამოსავლებლად. დიდგულას ქერქისგან მიღებული პრეპარატები კი გამოიყენება თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებებისას. საოჯახო პირობებში შესაძლებელია დიდგულას ყვავილებისგან წყლიანი გამონაწვლილის მიღება. ამისათვის 5-15გ გამშრალ ნედლეულს დაასხამენ 200გრამ მდუღარე წყალს, დააყენებენ 20 წუთი, გაწურავენ. რეკომენდებულია გამონაწვლილის მიღება 1/4 ჭიქით 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
სათაფლიის მიდამოებში ვაგროვებდით ხოლმე.