რიჩარდ ნორლანდის წერილი ამერიკის ახალ ელჩს იან კელის
10-08-2015
მოგესალმებით, ბატონო იან! მე საქართველოდან მივდივარ... მე საქართველოდან მივდივარ...მე საქართველოდან მივდივარ...მაპატიეთ, ბატონო იან, ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ისე მიხარია, რომ ვერ შევძელი ბევრჯერ არ დამეწერა. მაგრამ როგორც აქ ერთ-ერთ რესტორანში ("უამრავში" ვიყავი) თამადამ მასწავლა, ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვისო", ამიტომაც მინდა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, ისე როგორც ჩემმა წინამორბედმა მირჩია.
მაშ, ასე:
1) უპირველესად წაიკითხე ქართული ანდაზები, იქ არის ერთი ანდაზა: ,,მულო, შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო". პრემიერ-მინისტრთან რომ მიხვალ რაიმე საქმეზე, მანდ გამოგადგება.
2) აუცილებლად დაუმეგობრდი ნოდარ ხადურს (ფინანსთა მინისტრია), ძალიან მაგარი ფინანსისტია, ისე იაფად იყიდის ცხვარს და ისეთ ჩაქაფულს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტ.
3) აქ ერთი დეპუტატია, სოსო ჯაჭვლიანი, საელჩოში, რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე თუ დაპატიჟებ, კარგად აუხსენი რა ღონისძიებაა, თორემ შეიძლება საელჩოს გოგონებს 100 დოლარი შესთავაზოს საათში.
4) აქაურ ტელევიზიებს თუ უყურებ, შეიძლება სიმართლე ვერ გაიგო, რადგან ერთი ერთს ამბობს, მეორე სხვას, ამიტომ იცოდე, ერთადერთი სიმართლის მთქმელი ტელევიზია არის "ხონითV". ვინც მართლა მოკვდება, იმის ნეკროლოგს აცხადებენ.
5) ერთი კარგი რაღაც დავამუღამე და მინდა შენც გასწავლო: თუ რაიმე შეცდომა მოგივიდა და ობამამ საყვედური გითხრა, ,,ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალე. მაინც ყველაფერი მაგათ ბრალდებათ.
6) მინდა ერთი თხოვნა შემისრულო: აქაურ დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და გუგული მაღრაძეს რომ შეხვდები, ინგლისური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვებით ელაპარაკე, რაც მე მტანჯეს, მინდა სამაგიერო გადავუხადო.
7) 2012 წელს რომ მოვედი, "ქართული ოცნება" დამპირდა, საელჩოს ირგვლივ ლამაზ ღობეს გაგიკეთებთო, იმის თქმა მინდა, რომ მე მივდივარ და შენ შეახსენე...
8) ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები რომ მოვლენ შეხვედრაზე, გირჩევ, ფანჯრიდან იყურე და ისე უსმინე, თორემ გეგონება, აპოკალიფსი დაიწყო.
9) აქაურ პრეზიდენტს რომ შეხვდები და გეტყვის, მე საქართველოს პირველი პირი ვარო, კი-თქო, უთხარი, ცოდვაა ბიჭი, კარგი გული აქვს.
10) კაბინეტში, დიდი მაგიდის მარცხენა უჯრაში, დისკები დევს, ლეიბორისტული პარტიის მიტინგები და მანიფესტაცებია ჩაწერილი, წინა ელჩმა დამიტოვა, მე შენ გიტოვებ, ცუდ ხასიათზე როცა იქნები, ჩართე და უყურე, გაერთობი. რომ წამოხვალ, მომდევნოს დაუტოვე და ა.შ.
აბა კარგად, იან, მე ამერიკაში ვბრუნდები, ჯონ ბასი უნდა ვნახო, იმ ფსიქოლოგის მისამართს გამოვართმევ, ჯონ ტეფტმა რომ ურჩია და მას რომ უმკურნალა.
P.S. ხო, მართლა, საელჩოსთან რომ მიხვალ, ნელა შედი, მარჯვნივ გზაზე დიდი ,,იამკაა" და არ ჩაარტყა, დისკებს გაგიფუჭებს.
////////
ბასის წერილი ნორლანდს
13 აგვისტო 2015 03:08
"მოგესალმებით, ბატონო რიჩარდ!
წერილს ერთი ქართული აფორიზმით დავიწყებ: "ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა, ვით ქვითკირსა!" ალბათ, გაგიკვირდებათ, ეს აფორიზმი რა შუაშიაო, მაგრამ მუშაობას რომ დაიწყებთ, მიხვდებით.
სანამ სათქმელს გეტყოდეთ, მინდა რამდენიმე სიტყვით ჩემი ამბავი მოგითხროთ: რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა ბუშმა ამაყად განაცხადა, საქართველო დემოკრატიის შუქურააო, ჰოდა, როგორც კი შემომთავაზეს ამ ქვეყანაში ელჩობა, მაშინვე დავთანხმდი. ოდესღაც ცხონებული ბაბუაჩემი მეუბნებოდა, არასოდეს დაუჯერო რესპუბლიკელებსო, მართალი ყოფილა. ახლა, ამ წერილს რომ გწერთ, საქართველოში დიდი ამბები ხდება, - პრემიერ-მინისტრი საინვესტიციო ფონდის დირექტორად გადაიყვანეს, შინაგან საქმეთა მინისტრი - პრემიერ-მინისტრად, თავდაცვის მინისტრი კი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს, განათლების მინისტრი - თავდაცვის მინისტრად... ვერაფერი გაიგეთ, ხომ? ერთი ქართული ფილმის არ იყოს, "უკუღმაა ეს, ასინეთა, უკუღმა, მარა სულერთია". თუმცა, სანამ ეს წერილი თქვენამდე მოვა, შეიძლება კიდევ მოხდეს გადაადგილებები...
მართლა უცნაური ქვეყანაა, ახლახან დასაქმების სამინისტრო შექმნეს, ესეც ვერ გაიგეთ, ხომ? წარმოიდგინეთ, ჩვენთან რომ საიტია, jobs.com, ის რომ სამინისტროდ გადააკეთო, დაახლოებით ის ფუნქცია ექნება. 20 წელია, დიპლომატი ვარ, ჩემო რიჩარდ, და აქ რომ აღშფოთებები გამოვთქვი, მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე (უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი) არ გამომითქვამს. ყველაზე მეტად კი ერთმა ფაქტმა აღმაშფოთა.
ამას წინათ მთავრობის ქმედებაზე ჩვეულებრივ 101-ე აღშფოთება გამოვთქვი და ხელისუფლების მხარდამჭერმა იცით, რა მიწოდა? აბა, თუ გამოიცნობთ? გგონია, არადიპლომატიურად მოლაპარაკე? - არა. საშინაო საქმეებში უხეშად ჩამრევი? - არა! გაგიკვირდებათ და, რუსეთის აგენტი!
ყოველივე აქედან გამომდინარე, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
1.აუცილებლად ისწავლეთ ქართული ენა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქაურ ჟურნალისტებს ქართულად ელაპარაკოთ, თორემ თქვენს ნათქვამს ისე თარგმნის "რუსთავი 2", "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გეგონებათ თავი. მე არ ვისწავლე და ჩემი კომენტარი პრეზიდენტის სიტყვებს ემთხვეოდა, ამიტომაც ჩემს ინტერვიუებს ქვევით ტიტრებს ვაყოლებდი. რა მექნა, აბა, ხომ გაგიგონიათ, "გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო".
2. ხელისუფლება მთლიანად ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ კაკო ბობოხიძეს ერიდეთ მაინც.
3. ყაზახეთში ელჩი რომ იყავით, იქ თუ სადმე ვინმე რუსს შეხვდით და ამის ვიდეომასალა არსებობს, სასწრაფოდ გაანადგურეთ, თორემ ისე მიდის აქ საქმე, შეიძლება დაგიჭირონ.
4. აქ არის ერთი კაცი, სახელად მიშა თავხელიძე, მას დაუმეგობრდით, საჭირო კაცია. ერთხელ ერთ ქართველ ლამაზმანს ქათინაური ვუთხარი, ეს ჩემმა ცოლმა გაიგო და გაბრაზდა. ძალიან დავიბენი, ამ დროს მიშველა თავხელიძემ, ისე მაგრად "გააპრავა" ჩემი ქმედება, სახლში რომ მივედი, ცოლმა ბოდიში მომიხადა.
5. ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ შეხვდებით, არ მოუწოდოთ დემოკრატიული ნაბიჯებისკენ, თორემ, მარტო რომ დარჩებიან, დაგცინებენ.
6. აქ სანამ იტყვით რაიმეზე, არაკონსტიტუციურიაო, ათი წუთით ადრე წაიკითხეთ ამათი კონსტიტუცია, იქნებ შეცვალეს და უკვე კონსტიტუციურია.
7. მე ვიცი თქვენი გატაცების შესახებ, მთელ მსოფლიოში უცნაურ კანონებს რომ ეძებთ და აგროვებთ, აქ რომ ჩამოხვალთ, სასწრაფოდ იპოვეთ პალიკო კუბლაშვილი, იმან იცის, თუ იცის.
8. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, - მე მალე დამაწინაურებენ. დიდ საქმეს ვუკეთებ ობამას. ხომ იცით, ტრამპი რომაა, მილიარდერი, სულ რომ გვაკრიტიკებს და ვერაფერს ვუშვრებით, აქაური
ხელისუფლებისგან იმდენი რამ ვისწავლე, ეს გამოცდილება რომ გამოვიყენო, ტრამპი მალე ამერიკის მოქალაქეობას დაკარგავს. თქვენც გირჩევთ, თუ დაწინაურება გინდათ, ამ მიმართულებით დააგროვეთ გამოცდილება.
9. აქაური დეპუტატია ერთი, შოთა მალაშხია, ხშირად შეგხვდებათ და როცა გკითხავთ, რუსეთი ხომ დაიშლებაო, კი-თქო, უთხარით, ცოდვაა ბიჭი, კარგი გული აქვს.
10. გართობა თუ მოგინდათ, ნუ წახვალთ კინოსა და თეატრში, კაბინეტში, დიდი მაგიდის მეორე უჯრაში დისკი დევს, ლეიბორისტული პარტიის ბრიფინგები და მანიფესტაციებია ჩაწერილი, უყურეთ, მაგრად გაერთობით.
პ.ს. აბა, კარგად, რიჩარდ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, თუ გინდათ, ჩემსავით არ დაგემართოთ. ახლა ამერიკაში რომ ჩავალ, ჯონ ტეფტს უნდა დავურეკო, რომ იმ ფსიქოლოგს დამაკავშიროს, მას რომ უმკურნალა."
ასე, რომ ნაცების ორგაზმი ცოტა გადაჭარბებულია!

კვირის პალიტრა
This post has been edited by kvacaraxa on 15 Apr 2016, 09:43
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...