"თავდაცვის სამინისტროში მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც წინასწარ არჩევდნენ კონდიდენტებს და მათი გადმობირებით, მათთვის სასურველ ტერიტორიაზე იტყუებდნენ, სადაც ჩამწერი აპარატურა წინასწარ იყო დამონტაჟებული"
ინტერნეტში ფარული ჩანაწერების განთავსების სერია გრძელდება, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია - ამ ქვეყნის დამანგრეველი კამპანიის წამომწყები პირები მომავალში პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებითაც იმუქრებიან. ვინ გაიტანა ასლები საცავიდან და რა მიზნით იყენებენ ჩანაწერებს დღემდე? – რატომ არ გასცა ამ კითხვებზე პასუხი ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურამ საზოგადოებას, kvirispalitra.ge-ს თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი ესაუბრება:
- ვინ შეიძლება იდგეს კადრების გავრცელების უკან, ან რა მიზნით ასაჯაროებენ ჩანაწერებს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ და არა მგონია, ჩემი პირადი მოსაზრებები საზოგადოებისთვისაც საინტერესო იყოს. მთავარი ამ შემთხვევაში სულ სხვაა - პროკურატურა ვალდებული იყო 26 ათასი ფაილის საქმე თავიდანვე გამოეძიებინა და დღეს კონკრეტული ბრალეული პირები გვეყოლებოდა, ვინ ხელყოფდა უკანონოდ სხვების პირად ცხოვრებას. ამის ნაცვლად წარმოუდგენელი რამ მოხდა - სახელმწიფო სტრუქტურებმა დანაშაული არ გამოძიეს, რის შედეგსაც დღეს ვხედავთ.
- თქვენ დაახლოებით ერთი წელი მუშაობდით პროკურატურაში. დააკონკრეტეთ, ვინ ბლოკავდა ამ საქმის გამოძიებას უწყებაში?
- თბილისის პროკურატურამ მსგავსი კატეგორიის ერთი საქმე გამოიძია. ლაპარაკია სამხედრო პოლიციის მიერ ფარული ჩანაწერების ორგანიზებულად მოპოვებაზე - თავდაცვის სამინისტროში მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც წინასწარ არჩევდნენ კონდიდენტებს და მათი გადმობირებით, მათთვის სასურველ ტერიტორიაზე იტყუებდნენ, სადაც ჩამწერი აპარატურა წინასწარ იყო დამონტაჟებული.
ეს საქმე სასამართლოშიც გადაიგზავნა და კონკრეტული დამნაშავეებიც პასუხისგებაში მიეცნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. თანაც ამ კონკრეტულ საქმეს განვითარება სჭირდებოდა და დამნაშავეები ზედა რგოლშიც უნდა გამოვლენილიყვნენ, მაგრამ რატომღაც მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ბუნებრივია, უწყებაში არაერთხელ დავაფიქსირე სურვილი, რომ უკანონო ჩანაწერების დიდი საქმე გამოეძიებინათ, მაგრამ ჯერ ფაილები შსს-ს ჰქონდა, გახსოვთ, ალბათ, ჟურნალისტებთან შეხვედრაც და ა.შ.
- ისევ იმ ჯგუფზე გკითხავთ, ვინც ამ საქმის გამოძიებას შესაძლოა პროკურატურაში აფერხებდა. ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის მითითებით არაერთი საქმის გამოძიება "იბლოკებოდა"...
- ლოგიკურად მივყვეთ - ვთქვათ, ლაშა ნაცვლიშვილი ბლოკავდა, მაგრამ ის პროკურატურაში უკვე სამი წელია აღარ მუშაობს და ახლა სახლიდან მართავს უწყებას? 2012 წლის შემდეგ, დღეს მეოთხე მთავარი პროკურორი მართავს უწყებას და თუ გვეტყვიან, ამ ხნის განმავლობაში რა გამოიძიეს, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება. როგორც ვიცი, ამ საქმის გამოძიება დიდი ხანია არ მიმდინარეობს. არადა, ამ ჩანაწერებს ხომ ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა? ახლა კი, პოსტფაქტუმ ერთეულ შემთხვევებზე რეაგირება, ყურადღების სხვაგან გადატანის მცდელობას ჰგავს. ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, ერთ დღესაც რომ გვითხრან, აიპი მისამართი გამოვავლინეთ და ეს იქნება პასუხი წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზეო. ყველანი ვსაუბრობთ, ვინ განათავსა ჩანაწერები, მაგრამ არ ვიცი, რა კატეგორიის ადამიანები ქმნიდნენ ამ ასლებს, სად შეიძლება ვეძებოთ ასლები, რა მიზნით იყენებენ მათ დღემდე და ა.შ.
- ის ხალხი, ვინც ამ თვალთვალს გეგმავდა და ახორციელებდა, თანამდებობებზე დღემდე მუშაობენ?
- ვერ გეტყვით, რადგან სამართლებრივად არავის დაუდგენია ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში. ამ ფონზე კი, არავინ იცის როდემდე გაგრძელდება კადრების გავრცელება. განსაკუთრებით, პოლიტიკოსების განწყობა არ მომწონს, რომლებიც აცხადებენ, მსგავსი საქმეების გამოძიება რთულიაო. თითქოს უნდათ, რომ ამ ყველაფერს შეგვაჩვიონ. საერთოდ, პოლიტიკოსმა რა იცის, გამოძიება მარტივია თუ რთული? ეს მათი სამსჯელო თემა ნამდვილად არ გახლავთ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/28858-...-prokurori.html