საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა. საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას.
მედია საშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ. (იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №1; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №2; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №3; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №4; იხ.ზ.ქორიძის ჩვენება №1; იხ. ზ.ქორიძის ჩვენება №2).
http://kvira.ge/%E1%83%94-%E1%83%AC-%E1%83...83%AF%E1%83%90/