"სკამზე მაბამდნენ, მერე თითზე დენს გვიერთებდნენ და ჰაერში მაგდებდა სკამიანად"
გასულ კვირას, საქართველოს ციხიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქე გათავისუფლდა. მათგან სამი: გიგო ვალიშვილი, გიორგი ზასეევი და იოსებ კოჩიევი, ტერორიზმში იყვნენ დადანაშაულებულნი. ისინი 2005 წელს მომხდარ გორის ტერაქტში ამხილეს და სამივეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. შედარებით მსუბუქი ბრალდება ჰქონდა ბორის ტურაშვილს. წლებია, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ადრე ქართულ მხარესა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, 10 თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება პატიმართა გაცვლაზე მოლაპარაკებებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აწარმოებდა. აფხაზებიც ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ, სწორედ იმ ოსი ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეთანხმება შედგა და 10 მარტს ენგურის ხიდზე ქართველებმა ოსი პატიმრები აფხაზებს გადასცეს, მათ სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გათავისუფლდა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული მალხაზ რურუას ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ყოფილი ინტერნატის შენობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახს ძალიან უჭირს. უკვე სამი თვეა, ელექტროენერგიის საფასური ვერ გადაიხადეს და ამიტომ არც შუქი აქვთ და არც - წყალი. მალხაზ რურუა 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად დაუბრუნდა ოჯახს. მას სახლში მეუღლე და 3 შვილი ელოდა. იგი ჯერ ემოციების ქვეშაა და სოციალურ მდგომარეობაზე აქცენტს არ აკეთებს, მისთვის მთავარი ოჯახის გვერდით ყოფნაა. იმედია, ხელისუფლება ამ ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში ან კეთილი ადამიანები დაუდგებიან გვერდით და სანამ ბატონი მალხაზი სამუშაოს მოძებნის, მის შვილებს სიბნელეში ცხოვრება არ მოუწევთ.
მალხაზ რურუა:
- გალში დაბადებული და გაზრდილი ვარ. განახლებაში ვცხოვრობდი. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით, სოფელ ინგირში, ერთ-ერთ შენობას შევაფარეთ თავი და მას მერე იქ ვცხოვრობთ. ომის დროს გალში ჩემი სახლი მთლიანად დაიწვა, იქ აღარაფერი დამრჩა, მაგრამ პერიოდულად გალში მაინც გადავდიოდი, მიწას ვამუშავებდი, ვთესავდი სიმინდს, ლობიოს და ჩემს მიწაზე მოყვანილი პროდუქტები ზუგდიდში გადმომქონდა, შვილებისთვის საჭმელი რომ მომეტანა. გვიჭირდა, ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა? მაშინაც გალში მოსავლის ასაღებად წავედი. სახლამდე ვერ მივაღწიე, გზაში შევნიშნე აფხაზები და ერთ მიტოვებულ შენობას შევაფარე თავი. დამინახეს და სროლა ამიტეხეს. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს მეც თან მქონდა იარაღი. ფეხში დამჭრეს. დაჭრილი წამათრიეს, საშინლად მექცეოდნენ. იმ მოტეხილ ფეხზე მირტყამდნენ ხელკეტებს, ფეხს მაბიჯებდნენ და ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი. ცემა-ტყეპას არ მაკლებდნენ. ასე წამებით გადამიყვანეს ჯერ პოლიციის შენობაში, მაგრამ რადგან დაჭრილი ვიყავი, აგუძერის საავადმყოფოში მომათავსეს. 23 დღე საავადმყოფოში გავატარე, ოპერაცია გამიკეთეს. ექიმებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გამოსაჯანმრთელებლად.
- რას გედავებოდნენ?
- მომაწერეს, თითქოს ვიღაცის მოსაკლავად ვიყავი საქართველოდან გაგზავნილი. თვითონ რაც აწყობდათ, იმ ბრალდებას მიყენებდნენ, ეს არ იყო მათთვის პრობლემა. მეუბნებოდნენ, - გალის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ბუავას მოსაკლავად იყავი შეგზავნილიო. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, ეს ტყუილი იყო, იქ გავიგე მისი ვინაობა. მე უკვე დაკავებული ვიყავი, დაჭრილი საავადმყოფოში ვიწექი და ამ დროს მოკლეს თვით აფხაზმა სეპარატისტებმა ბუავა. მერე მოიგონეს, თითქოს ქართველების ჩადენილი იყო მისი მკვლელობა. ბუავა ქართველი იყო, მაგრამ იმათთან მუშაობდა პოლიციაში. ალბათ ქართველი რომ იყო, ამიტომ მოიშორეს. მას პირადად არ ვიცნობდი.მე საქმე შემითითხნეს და მკვლელობაში დამდეს ბრალი. მოიყვანეს სეპარატისტებმა ჟურნალისტები და წამლით გაბრუებულს მათქმევინეს, თითქოს ვიღაცა მის მკვლელობაში მიხდიდა 50.000 დოლარს, აქედან 30.000 სხვას მივეცი და მე 20.000 დოლარი მრჩებოდა. არადა, ეს ყველაფერი სისულელე იყო. ჭკუიდან გადავდიოდი, მაგრამ რა მექნა, წამებით მათქმევინეს. `კაგებეს~ იზოლატორში საშინელი წამება გამოვიარე. ტერორიზმის ბრალდება მქონდა ფაქტობრივად წარდგენილი. სულ ცემა-ტყეპაში ვყავდი. მეუბნებოდნენ, - პარტიზანი იყავიო, ვიღაცების სურათებს მაჩვენებდნენ, - ესენი ამხილე, ვითომ გეხმარებოდნენო. ქართველების დასახელებას მთხოვდნენ, არადა, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი. იქ საშინელება ხდებოდა. მაშინ რომ 15-20 წლის იყვნენ აფხაზები, ქართველებს რომ კლავდნენ და ომობდნენ, ისინი დღეს 40-45 წლისები არიან, გაბოროტებულები და არავის ინდობენ. ვერ იტანენ ქართველებს, ეზიზღებათ. ჩემთან ერთად იჯდა გიორგი (ჟორა) ლუკავა, ის საშინელ დღეში ჰყავთ. მე იმას მაინც ვაღიარებ, რომ იარაღი მქონდა, მას არაფერი ჰქონია საერთოდ. გალელია, თავის სახლში იყო ჩასული, იქ ჟანგიანი ავტომატი დაუგდეს და ამ ბრალდებით დააკავეს. იქ ცხოვრობს ეს კაცი, სახლი იქ აქვს, სად წავიდეს? ყველას უჭირს დღეს, 9 შვილის მამაა და ალბათ რაღაც მოსავალი რომ მოეყვანა თავის ეზოში, იმიტომ იყო ისიც წასული თავის სახლში. გალის სოფელ ზემო ბარღებიდან არის და იქ დააკავეს. 5 წელი მიუსაჯეს, მათივე დაგდებული ჟანგიანი ავტომატის გამო. ამასაც არ დასჯერდნენ, ციხეშივე ახალი ბრალდება წაუყენეს. გუდაუთაში, რომელიღაც სოფელში მონახეს ვიღაც მოკლული და მისი მკვლელობა დააბრალეს. ვერ დაუმტკიცდა, სამხილი არ იყო, მაგრამ მაინც მიესაჯა 20 წელი, მერე 15 წლამდე ჩამოუყვანეს ეს სასჯელი. იქ საშინელ პირობებშია ეს ადამიანი. მას დახმარება სჭირდება ხელისუფლებისგან, ყველას ვთხოვ, გამოიყვანონ ის საცოდავი, მართლა საშინელ დღეში ჰყავთ. მიხედოს მთავრობამ და ნუ დატოვებენ იმ წამებაში.
- ლუკავას იქ დატოვებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მინისტრი ზაქარეიშვილი ამბობს, აფხაზებმა გადმომცეს მისი განცხადება, ლუკავა უარს ამბობს გათავისუფლებაზეო. თქვენ მის გვერდით იყავით და გეცოდინებათ მისი პოზიცია.
- ტყუილია. ის 4 წელზე მეტია, იქ არის გამოკეტილი, მისი მეუღლე ამ წლების მანძილზე არ ისვენებდა, ყველგან დახმარებას ითხოვდა. ჩვენი გათავისუფლებაც გარკვეულწილად მისმა ხმაურმა გამოიწვია. დრანდის ციხეში დარჩენა უნდოდა მხოლოდ ერთ პატიმარს - გერლიანს. ის ზემო კოდორიდან არის, სვანია, ამბობს, იქ მაქვს ოჯახი და სასჯელს რომ მოვიხდი, ჩემს სახლში დავბრუნდებიო. წარმოიდგინეთ, თითქმის 2 საათი ეხვეწებოდა მას ციხის უფროსი, საკნიდან გამოსულიყო, საზღვრამდე მიდი, იქ დაელაპარაკე ქართველებს, უარი თქვი მათთან და უკან დაგაბრუნებთო. ის მართლა ასე მოიქცა, საზღვარზე მოვიდა და უარი თქვა. ამ დროს გიორგი ლუკავას უნდოდა წამოსვლა, ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ გამოუშვებდნენ, ციხიდანაც გამოიყვანეს, მაგრამ მანქანაში არ ჩაუსვამთ, ისევ უკან მიაბრუნეს წამოსასვლელად გამზადებული კაცი. რომელიც უარს იძახდა, ის კი ჩასვეს მანქანაში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ლუკავა არ ჩაესვათ. მანქანის კარი მოგვიხურეს და მისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ლუკავას უთხრეს, - ქართველებს არ უნდათ შენი წაყვანაო. არ მგონია, ეს სიმართლე ყოფილიყო, იქ დარჩა საწყალი კაცი. ძალიან განვიცდი, ყველას ვთხოვ, დაეხმაროს ლუკავას.
- თქვენი სასამართლო პროცესი რომ გაიმართა, თქვენს წინააღმდეგ სამხილი ჰქონდათ?
- 12 წელი ისე მომისაჯეს, სამხილი არ არსებობდა, მაგრამ იქ რა აზრი ჰქონდა ბრძოლას? ბევრი რამე მომაკერეს. ვცდილობდი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ არავინ მისმენდა. ჩემი ადვოკატი ხმას არ იღებდა, ფორმალურად იჯდა პროცესზე. იქ რა ბრძანებაც არის, იმას ასრულებს მოსამართლეც. წამების საშინელი მეთოდები აქვთ. ჩემზე უარეს დღეში აგდებდნენ ლუკავას. სკამზე გვაბამდნენ, მერე თითზე დენს გვაერთებდნენ, რაც მეტრა-ნახევარზე მეტ მანძილზე ჰაერში მაგდებდა, სკამიანად. ვერ მოიძრობდი თითიდან იმ სადენს, რადგან დაბმული იყავი. რა უნდა გაგეკეთებინა დაბმულ კაცს? წარმოუდგენელია, ამის სიტყვებით გადმოცემა. ყოველ მეორე დღეს ელექტროშოკსაც იყენებდნენ. საავადმყოფოდან ახალ გამოსულს, რეზინის ხელკეტებსაც მირტყამდნენ ნაოპერაციებ ფეხზე. იმდენი ქნეს, ისევ დამიზიანდა ფეხი, მერე თავიდან დამადეს თაბაშირი. ფეხში ტყვია ახლაც ჩარჩენილი მაქვს. მუხლთან იყო ტყვიაა გაჩერებული და არ ამოუღიათ. იქ მხოლოდ ერთი ოპერაცია გამიკეთეს. ახლა ერთი ბიჭი ჩვენთან ერთად ყავარჯნებით გადმოვიდა, ისიც დაჭრილი იყო ჩემსავით. ვინ იცის, რა ტანჯვა გამოვიარეთ. ეს ყველაფერი ხდებოდა გასამართლებამდე, ციხეში ასე საშინლად არ გვექცეოდნენ. სამარტოო საკანში ვიყავი გამოკეტილი, ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული და მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. მქონდა ისეთი მომენტები, რომ გავიფიქრე, ასეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს, რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ გამოკეტილი, თავს მოვიკლავ-მეთქი, მცდელობაც მქონდა, მაგრამ სულ მითვალთვალებდნენ, თავი რომ არ მომეკლა. სიმართლე გითხრათ, ისე გამამწარეს, სიკვდილი ჯობდა.
- დაბრუნების იმედი როდის გაგიჩნდათ?
- ადამიანი ყოველთვის ებღაუჭება იმედს. ახალ წლამდე გვითხრეს, რომ მოხდებოდა პატიმრების გაცვლა და შეწყალების განცხადება დაგვაწერინა ციხის უფროსმა. ვის არ უნდა იქიდან თავის დაღწევა? ყველამ დავწერეთ. გვეუბნებოდნენ, ახალ წელს სახლში იქნებითო. მერე გვითხრეს, - თქვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა, თორემ ახალ წელს სახლში იქნებოდითო. 10 მარტს კი გაგვიყვანეს ყველანი, დაწერეთ ისევ შეწყალებაო.
- საზღვართან დაგხვდათ თქვენი ოჯახი? როგორი იყო მათთან შეხვედრა?
- ჩემმა ოჯახმა არაფერი იცოდა, ეს სიურპრიზი იყო. ენგურიდან რომ გადმოვედით, 15 წუთში უკვე სახლში ვიყავი, რა განცდა იყო ეს, ვერ გადმოგცემთ, თქვენი თვალით უნდა გენახათ. 57 წლის კაცი ვარ, სამი შვილის მამა. ორი გოგონა მყავს, ჩემი ცოლი მესამე შვილზე ფეხმძიმედ იყო, რომ დამიჭირეს. ახლა ჩემი ბიჭი უკვე 4 წლისაა, პირველად ვნახე შვილი, პირველად ავიყვანე ხელში და გულში ჩავიხუტე. თავი სიზმარში მგონია, კიდევ არ მჯერა, რომ ოჯახთან ვარ. საოცარი ემოციაა. მძიმე პირობებშია ოჯახი. შუქის ფულის გადახდაც ვერ მოუხერხებია თურმე ჩემს მეუღლეს და სამი თვეა, სიბნელეში სხედან. სამ ბავშვს ზრდიდა მეუღლე, ვეღარ იმუშავებდა, რა ექნა? არც წყალი გვაქვს, წლების წინ აქ რემონტი გაკეთდა, მაგრამ მილები სულ დამსკდარია და წყალი ყველგან ჟონავს, დალპა იატაკი... მეზობელთან ჩადის წყალი, ამიტომ წყალი გათიშული გვაქვს. ამ პრობლემების მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცოლთან და შვილებთან ვარ. მადლობა ხელისუფლებას, რომ თავი დაგვაღწევინა.
- ამ წლების მანძილზე ოჯახს უკავშირდებოდით?
- ვუკავშირდებოდი პერიოდულად. 2-3 სიტყვით ვიგებდით ერთმანეთის ამბავს, ეს იყო და ეს. ტელეფონები არის ციხეში, ხმას მაინც ვიგებდი.
- თქვენი აზრით, რამდენად არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების შანსი?
- ბავშვი რომ იბადება, იმასაც საქართველოს სიძულვილს უნერგავენ აფხაზი სეპარატისტები. მათ არ სჭირდებათ ქართველები. დიდებში არის საშინელი აგრესია. ამას ყველა ნაბიჯზე გრძნობ. ბევრი წვალება გამოვიარეთ.
- ციხიდან ქართველების გაქცევის მცდელობა თუ იყო?
- ორმა მოახერხა პოლიციის შენობიდან გაქცევა. კიდევ იყო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პატიმარი დრანდის ციხიდან გაიქცა, ხობელი ბიჭია, მაგრამ დაიჭირეს და უკან მიაბრუნეს. ალბათ სასჯელი დაემატება გაქცევის მცდელობისთვისაც. ბევრი სასოწარკვეთილია, ისეთ დღეში არიან, თავის მოკვლა ჯობია ზოგჯერ, მაგრამ ერთმანეთს ვეუბნებოდით, - გავმაგრდეთ, არ დავეცეთ, რაღაცას გვიშველის მთავრობა. ამ სიტყვებით ვამხნევებდით ერთმანეთს, მაინც აქეთ მოგიწევს გული და იმედს ებღაუჭები. იქ დარჩენილებს ჩვენი გამოსვლის შემდეგ უფრო მეტად გაუჩნდათ იმედი, რომ მათაც ეშველებათ. იქ უთხრეს ბიჭებს, კიდევ იქნება სხვა ეტაპი და თქვენც გაგცვლით სხვა პატიმრებშიო. ძალიან ძნელია, როცა მოდიხარ და იქ ტოვებ შენს თანამემამულეს, რომელიც იცი, რომ უკანონოდ არის დაკავებული.
- ბევრი ქართველია დრანდის ციხეში?
- ბევრია ქართული გვარით, აფხაზებზე მეტია, მაგრამ მათგან ბევრი აფხაზობს. ვინც გადმოვედით დრანდის ციხიდან, რვავე დევნილია, რომლებსაც იქ აქვთ სახლ-კარი დატოვებული, ცოლ-შვილს ლუკმა რომ აჭამოს, ამიტომ რისკავს იქ გადასვლას, თავის მიწაზე მოსავლის მოყვანას, მაგრამ ამასაც არ აცლიან. იჭერენ და ბრალდებებს უთითხნიან. მეც, სიმინდი რომ მომეტანა, იმიტომ წავედი და გავები მათ მახეში. აწი იქ არ წავალ. სახლში დაბრუნება იყო ჩემთვის მეორედ დაბადება. მადლობა ხელისუფლებას, რომ დამეხმარა ოჯახთან დაბრუნებაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, შეწყალებულთა გაცვლა ძალიან კარგი მაგალითია, აქ გამოჩნდა, თუ სად არის შესაძლებელი მხარეებს შორის პრაგმატული თანამშრომლობა. ერთ-ერთი გათავისუფლებული, ქართველი პატიმარი დიანა შედანია-ასეევაა, რომელიც სასჯელს სოხუმის ციხეში ტერორიზმის ბრალდებით იხდიდა.
- სოხუმის იზოლატორში 7 წელი და 6 თვე გავატარე. ტერორიზმის ბრალდება მქონდა. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი ჩამიდენია. ციხე ყველგან ციხეა, მით უფრო, იქ ყოფნა არ იყო ადვილი, მაგრამ ადმინისტრაციაზე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ცუდად მექცეოდნენ... სხვა მხრივ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ალბათ სხვა ციხეებში ხდება - ცოტა საკვები, ცოტა ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, ცოტა სუფთა ჰაერი... 10 მარტს აფხაზეთის ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები შემოვიდნენ და მითხრეს, - დღეს საქართველოში დაბრუნდებითო. ავიღე ჩემი ნივთები და ციხის თანამშრომელს გამოვყევი. გარეთ სხვებიც დამხვდნენ. არ მახსოვს, რამდენი ხანი მივდიოდით ენგურის ხიდამდე... შემდეგ იყო ენგურს იქით, შავი მანქანების ესკორტი და ნანატრი თავისუფლება... სოჭში ვცხოვრობ, შვილთან ერთად, რომელიც ახლა იქ მელოდება. ახლა მის გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობ და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემს ბედნიერებაში მცირედი წვლილი შეიტანა.
გელა ილურიძე:
- ახალგორში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მეუღლე და ორი შვილი მყავს... მშობლები ახალგორში ცხოვრობენ და იქ სახლიც მაქვს, სადაც ოჯახის სანახავად საკმაოდ ხშირად დავდიოდი. რა თქმა უნდა, საბუთსაც ვიღებდი, რადგან უსიამოვნებებსა და გართულებებს ვერიდებოდი. შარშან, მორიგი შესვლისას, სრულიად მოულოდნელად, სახლამდე მისვლაც არ მაცალეს, ქუჩაში ვიღაცები მომცვივდნენ და დამაკავეს. შემდეგ გავიგე, ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ყოფილან... დაკავების შემდეგ, შედგა, ე.წ. სასამართლო, ოთხი დახურული პროცესი ჩატარდა. ძირითადად, მოსამართლე და გამომძიებელი აქტიურობდნენ, - გამასამართლეს და 12 წელი მომისაჯეს.
- რა ბრალდებით დაგაკავეს?
- როგორც გავიგე, აგენტურასა და შპიონაჟში მდებდნენ ბრალს... თავიდან ადვოკატიც დამინიშნეს, დაკავების მეორე დღესვე, მაგრამ მალევე შევატყვე, რომ აზრი არ ჰქონდა მის ყოლას... შემდეგ, ჩემმა ახლობლებმა და ნათესავებმა ჩამომაკითხეს ახალგორიდან და ვითომ უკეთესი ადვოკატი ავიყვანეთ, ასევე ადგილობრივი, ცხინვალელი, მაგრამ წინასგან არაფრით განსხვავდებოდა. რასაკვირველია, ის ჩემთვის სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებდა. უბრალოდ, ჩემს საბუთებზე ხელს აწერდა.
- ციხეში რა პირობები დაგხვდათ?
- ათი თვე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე, მაგრამ ენა არ მომიბრუნდება იმის სათქმელად, რომ იქაური ადმინისტრაცია ცუდად მექცეოდა. ძალიან მიჭირდა, რადგან უდანაშაულოდ დაკავებულ ადამიანს 12 წელი მქონდა მისჯილი. 46 წლის ვარ, იქიდან ან გამოვიდოდი, ან - არა... ადმინისტრაცია ადამიანურად მექცეოდა, რასაც ვერ ვიტყვი გამომძიებლებზე.
- იზოლატორში სხვა ქართველებიც იყვნენ?
- დიახ, ჩემს იქ ყოფნაში სამი ქართველი შემოიყვანეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. ერთი გაასამართლეს და ციხეში გაგზავნეს, პატარა ბიჭი იყო, გვარი არ მახსოვს, და კიდევ ერთი, - საქართველოს მოქალაქე ოსი, იგორ ფუხაევი იყო. მას სამშობლოს ღალატს ედავებოდნენ და ის 10 მარტს ჩემთან ერთად გაათავისუფლეს... დანარჩენები, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს. პატიმრების უმეტესობა ოსები იყვნენ, ძირითადად, კრიმინალური ბრალდებით, ავტოსაგზაო შემთხვევის, მკვლელობის, ნარკოტიკების გამო დაკავებულები. ნაციონალური ნიშნით ზეწოლას ნამდვილად არ ვგრძნობდი, თუმცა, მაინც იმ თვალით მიყურებდნენ, რომ ქართველი ვიყავი... ადგილობრივი ტელევიზიით, დილიდან საღამომდე ფაშისტებს გვიწოდებდნენ და ხალხიც, რასაც ისმენდა, იმის სჯეროდა. ძირითადი დრო წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე და იქ საკვები მაინც გარედან შემოდიოდა, ყველას რაღაცას უგზავნიდნენ და ჩვენც, ქართველები და ოსები ამას ვიყოფდით. იზოლატორშიც ამზადებდნენ რაღაცებს, კვერცხი და პური მაინც იყო ყოველდღიურად. რაც შეეხება სითბოს, განათებასა და წყალს, მუდმივად იყო.
- გათავისუფლებას ელოდით?
- არა, მართლა არ ვიცოდი, თუ ასე მალე მეღირსებოდა თავისუფლება, რადგან ოსური ადმინისტრაცია მეუბნებოდა, - თქვენ აქედან კაი ხანს ვერ გახვალთო... ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე თბილისში ხშირად დადიოდა ამ საკითხზე და იმედი მქონდა, მაგრამ ასე სწრაფად მაინც არ ველოდი. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები პაატა ზაქარეიშვილის, გიორგი მარგველაშვილისა და საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების...
http://gza.ambebi.ge/life/sazogadoeba/3166...timrebthan.htmlმოკლედ, რეალობა იმაზე მძიმეა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია
მე არ ვიცი რა არის საშველი გარდა თვით აფხაზების თვითგამორკვევისა