http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=2856725-27 მარტს ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების "რუსთავისა" და "ბანის" კონცერტებია დაგეგმილი. "მტერი ქართველების" მიერ კონცერტების გამართვამ ცხინვალში დიდი პროტესტი და ჩრდილოელ ოსებთან დაპირისპირებაც კი გამოიწვია. ცხინვალელები ვლადიკავკაზელებს "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში იმდენად დიდი მღელვარებაა ცხინვალში, რომ, შესაძლოა, კონცერტები საერთოდ ჩაიშალოს კიდეც.
"ცხინვალში ყველას პოზიციაა, რომ ხალხი, რომლებმაც ძმები, მამები დაგვიხოცა, ჩრდილოეთ ოსეთში რატომ უნდა მართავდნენ კონცერტს. თუკი შემოქმედებითი ტურნე აქვთ ქართულ ანსამბლებს, ჩაატარონ ყველგან, მაგრამ არა ჩრდილოეთ ოსეთში!" - ცხინვალელების პოზიციაზე საუბრობს "რეზონანსის" წყარო სამხრეთ ოსეთში.
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს კონცერტების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. კონცერტები ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და აფიშები ისევ გამოკრულია. ბილეთის ფასი 1,5-2 ათასი რუბლია (50-67 ლარი).
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების პოზიციაა, რომ კონცერტებს პოლიტიკასთან საერთო არ აქვს და ეს მხოლოდ კომერციული ღონისძიებაა. თუმცა იმდენად დიდია ცხინვალში მღელვარება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს ხედავს, რაც "ხელისუფლებას" ძალიან აღელვებს.
სამხრეთ ოსეთის "სახალხო პარტიის" მიერ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობისათვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ ანსამბლმა "რუსთავმა" 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისის ცენტრში კონცერტი გამართა და შესაბამისად, ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა სრულიად მიუღებელია.
განცხადებაში ასევე წერია, რომ "რუსთავი" ოდითგანვე ოსურ ცეკვებს "სიმდსა" და "ხონგას" ქართულ ნაციონალურ ცეკვებად ასაღებს.
მეორე ოპოზიციური პარტიის, "ფიდანის" მიერ მიწერილ წერილში კი აღნიშნულია, რომ "მართალია, ჩრდილოეთ ოსეთი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაშია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ ოსები უფლებამოსილები არიან მინიმუმ გარეგნულად მაინც დაიცვან წესიერება თავისი სამხრეთელი ოსი ძმების მიმართ. თუკი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენი მტრებისაგან კულტურული ღონისძიებების გამართვა გარდაუვალია, ყოველთვის არის შესაძლებლობა მსგავსი ღონისძიებები რომელიმე ქართული დიასპორის კულტურულ ცენტრში ჩატარდეს და არა საჯარო დაწესებულებაში.
ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო "სპუტნიკ-ოსეტიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქართული კოლექტივები მის უწყებას არ მიუწვევია და ღონისძიებას წმინდა კომერციული ხასიათი აქვს.
"კულტურის სამინისტრო ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების საკონცერტოდ მოწვევაში ჩართული არ ყოფილა. სავარაუდოდ, ეს კერძო მოწვევით ტარდება. კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის დარბაზში, რასთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. იქ ყოველთვის ტარდება რაღაც კომერციული კონცერტები," - აცხადებს "სპუტნიკთან" საუბრისას კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი
ცხინვალში იმასაც არ გამორიცხავენ, რომ კონცერტების ჩატარების შემთხვევაში ვლადიკავკაზში პროვოკაციებიც კი მოეწყოს.
დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "ქართველი არტისტების დემარშისთვის" ოსეთში საზოგადოება ჯერ მოუმზადებელია და ხალხს მოუწოდებს, ემოციებს არ აჰყვნენ.
"მსგავსი პროვოკაციები არ ემსახურება ოსი ხალხის მთლიანობასა და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ხალხით მანიპულირება, ძმების დაპირისპირება. საქართველო სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის რთული მეზობელია. სწორედ საქართველომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რომელმაც მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ხუთ დღეში ასეულობით ადამიანი შეიწირა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეების მხრიდან ბოდიში არავის მოუხდია. "ქართული თემა" სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარეა," - აცხადებს თიბილოვი.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "რეზონანსის" წყარო ამბობს, რომ ამ კონცერტების გამო ცხინვალში დიდი ამბავია ატეხილი და ცხინვალელებს დიდი იმედი აქვთ, რომ კონცერტი ჩაიშლება.
ყველაზე მეტად ის აბრაზებთ, რომ კონცერტი რუსეთის სხვა ქალაქებშიც ტარდება და ტურნე ვლადიკავკაზით იწყება.
მისი თქმით, ცხინვალში ყველას პოზიცია ისაა, რომ ხალხი, რომლებმაც ძმები, მამები დაგვიხოცა, ჩრდილოეთ ოსეთში რატომ უნდა მართავდნენ კონცერტსო. თუკი შემოქმედებითი ტურნე აქვთ ქართულ ანსამბლებს, ჩაატარონ ყველგან, მაგრამ არა ჩრდილოეთ ოსეთში. ცხინვალელები ჩრდილოეთ ოსებს ერთგვარი განრისხებით ახსენებენ, როცა დაგჭირდით ინგუშებთან ბრძოლაში, მხარში ამოგიდექით, უჩვენოდ ვერც ვერაფერი გააკეთეთ და ახლა ჩვენს მტრებს კონცერტის ჩატარების ნებას რატომ აძლევთო?
ჩრდილოელების პასუხია, რომ კონცერტი კულტურის ნაწილია და არა პოლიტიკის და ამიტომ სამარცხვინო არ არის.
გასულ კვირას ცხინვალში ვლადიკავკაზელი ცნობილი და გავლენიანი მსახიობი ვადიმ ცალატი იყო ჩამოსული და იქაურ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ "მართლები ხართ სამხრეთელები", არ უნდა გაიმართოს ჩრდილოეთში ქართველების კონცერტიო და ცხინვალელებს დაჰპირდა, ყველანაირად ვეცდები, კონცერტი არ ჩატარდესო.
როგორც ამბობენ, ცალატი გავლენიანი პირია ვლადიკავკაზში და ცხინვალში მისი დიდი იმედი აქვთ.
როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ცხინვალში "ბანის" კონცერტზე მეტად "რუსთავის" ჩამოსვლაზე აქვთ განსაკუთრებულად აგრესია. აცხადებენ, რომ ქართველებმა ოსურ ცეკვებს ეთნიკური ქორეოგრაფიული ნიშნები სულ დაუკარგეს და გააქართულეს, ხანდახან კი ურცხვად ქართულად ასაღებენ "სიმდს" და "ხონგას".
"აქაურები ამბობენ, ანსამბლი "რუსთავი" მაშინ, როცა ქართველები ოსებს ხოცავდნენ, თბილისში იქაური ხელისუფლების დაკვეთით კონცერტს მართავდა და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონცერტი ჩაიშალოსო," - ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.
"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხრეთელი ოსები ვლადიკავკაზში ქართველების ჩასვლასა და ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ.
გიორგი კანაშვილი: "როდესაც ვლადიკავკაზში ქართველები ჩადიან და რამე ხდება, სამხრეთელი ოსები ამას ყოველთვის აპროტესტებენ. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩრდილოელი ოსების მხრიდან მათი ღალატია. ღალატს არ არქმევენ ხოლმე ხმამაღლა, მაგრამ ამბობენ, რომ ქართველებთან ჩვენ ცუდი ურთიერთობები გვაქვს, ომის პირობებში ვართ, მათ ჩვენ გენოციდი მოგვიწყვეს და თქვენ მათთან ურთიერთობთ - სვამთ, ჭამთ, ქეიფობთ და მათ კონცერტებზე დადიხართო. ეს არის ზოგადი დისკურსი. ცდილობენ რაღაც წნეხი მოახდინონ, მაგრამ მეორე მხრივ ჩრდილოელი ოსები პასუხობენ: კი ბატონო თქვენ პრობლემები გაქვთ, როდესაც ეს პრობლემები ომში გადაიზრდება ხოლმე, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინეტერესები გვაქვს საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ა.შ და თქვენი პრობლემების გამო ჩვენი ინტერესების უგულველყოფას არ ვაპირებთ. მთლიანობაში გვერდით გიდგევართ, მაგრამ ასეთი სიტუაციის დროს ჩვენი ინტერესებიც გვაქვსო."
კანაშვილი ამბობს, რომ ქართველების კონცერტი ვლადიკავკაზში ადრეც ყოფილა.
"ზაფხულში ვიყავი ვლადიკავკაზში, ცენტრალურ ქუჩაზე "ბორჯომის" და "ნატახტარის" რეკლამებია. ამ ყველაფერზე არის ცხინვალში უკმაყოფილება. საქართველოს გარეთ ისტორიულად პირველი ქართული სკოლა ვლადიკავკაზშია, ის დღემდე ფუნქციობს. ამ ქალაქში 10 ათასი ქართველი ცხოვრობს და ჩრდილოეთ ოსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია.
"ახლა რაც ხდება, არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირებაა, უბრალოდ, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ. თიბილოვი ბევრ სისულელეს ამბობს-ხოლმე ზოგადად და ყველაფერზე კომენტარი სერიოზული არ არის. ადრე რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც ვლადიკავკაზში ქართულ სკოლასთან მივიდნენ ცხინვალელი ოსები და რაღაცები ესროლეს, კედლები შეღებეს, თუმცა ახლა არ მგონია, რომ ეს პროტესტი რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზარდოს. შეიძლება რაღაც პროვოკაციას შეეცადონ, მაგრამ თუ ჩრდილოელი ოსები პასუხისმგებლობას აიღებენ, სამხრეთელებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ," - ამბობს კანაშვილი და იმასაც დასძენს, რომ ამ პროტესტის პროვოცირებას იქაური დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ახდენენ და ერთი მხრივ, ხმამაღლა ქართველების კონცერტებს რომ აპროტესტებენ, იმავე დროს მალულად გადმოდიან საოკუპაციო ზოლზე თბილისში სამკურნალოდ თუ სავაჭროდ. თვით იქაური დე ფაქტო უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი.