ბიბლიის მიხედვით, ეს ტრაგიკული პიროვნება, ონანი (ძვ. ებრ. אוֹנָן),იუდას მეორე ვაჟიშვილი და პატრიარქ იაკობის შვილიშვილი გახლდათ. უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ღვთის უზენაესი ნებისა და ურყევი ტრადიციის თანახმად, ონანს დაქვრივებული რძლისთვის ქმრობა უნდა გაეწია და ძმის ოჯახის წევრად, მისი გამრავლება-გაძლიერების წყაროდ უნდა ქცეულიყო.
ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ თავისუფლების მოყვარე ონანმა უარი თქვა ძმის ოჯახის გამრავლებაზე, თესლი რძლის (თამარის) საშოს ნაცვლად დემონსტრაციულად „მიწაზე დაათხია“ და ეს რამდენჯერმე გაიმეორა. ამისთვის სასტიკად ზღო კიდეც - განრისხებულმა ღმერთმა ურჩი შვილი სიკვდილით დასაჯა.
იმ შორეული ბიბლიური ეპოქიდან მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისამდე ონანი სამართლიანად იყო მიჩნეული მეამბოხედ და არა მასტურბაციის ფუძემდებლად. თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელ საეკლესიო მოღვაწეთა შორის არსებობდა შეხედულება, რომლის თანახმადაც, „კორინთელთა მიმართ“ წიგნში წინასწარმეტყველი პავლეს მიერ მოხსენიებული სიტყვა „მალაქია“ სწორედაც ხელცქვიტობას (მასტურბაცია, рукоблудие, ჩუკენობა) გულისხმობდა. თუმცა, ვიმეორებ, ბიბლიაში საუბარია ხელოვნურად შეწყვეტილ სქესობრივ აქტზე, ხოლო ცოდვად მიჩნეულია შეუსრულებლობა იმ ღვთიური კანონისა, რომლის ძალითაც მაზლს დაქვრივებული რძლის ქმრობა, მისი შვილების მამობა ევალებოდა.
სხვათა შორის, შესაძლოა, ამ ღვთიურ კანონს ეხმიანებოდეს ბრწყინვალე ქართული ხალხური ლექსიც „შემომეყარა ყივჩაღი“. კერძოდ, ლექსის ბოლო სტრიქონი - „...აქეთ მე ვკვდები, იქით ის, ქალი წავიდა სხვისასა“: იმ ეპოქაში, როცა მამაკაცების არაბუნებრივი სიკვდილის რისკი ძალიან მაღალი იყო, ღვთიური კანონის შესრულება გახლდათ ერთადერთი გზა გამრავლებისა და ოჯახის მორალური სახის, შესაბამისად - სახელმწიფოებრიობის - შესანარჩუნებლად.
1716 წელს ლონდონში გამოვიდა ანონიმი ავტორის ბროშურა სათაურით „Onania“, სადაც საუბარი იყო „თვითწაბილწვის“ მომაკვდინებელ ცოდვებზე, მის კავშირზე იმპოტენციასთან, ეპილეფსიასა და ვენერიულ დაავადებებთან. მოგვიანებით კი შვეიცარიაში, ლოზანაში გამოცემულმა ექიმ ტუსოს ნაშრომმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი კამათს ონანიზმისა და მასტურბაციის იგივეობასა და ადამიანის ორგანიზმზე მის მომაკვდინებელ გავლენაზე. ალბათ საკმარისია აღინიშნოს, რომ ექიმ ტუსოს აზრს იზიარებდნენ კაცობრიობის ისეთი აზრთა მპყრობელები, როგორებიც გახლდნენ კანტი და ვოლტერი.
დღევანდელ მსოფლიოში და საქართველოშიც ონანიზმი და მასტურბაცია იდენტურ ცნებებად აღიქმება და სექსუალური მოთხოვნილებების (ვნებების) ხელოვნურად, ტრადიციული სექსუალური ურთიერთობების გვერდის ავლით დაკმაყოფილებას გულისხმობს. ალბათ იმის ხაზგასმა არც ღირს, რომ ონანიზმი არ არის დაკავშირებული შთამომავლობის შექმნასთან. აქედან გამომდინარე, ზოგადად, ონანიზმი ადამიანის უაზრო, უმიზნო და ამავე დროს ბილწი ქმედების, იმ ადამიანის ასოციაციებს იწვევს, ვისაც საკუთარი სიამოვნების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს.
საუბარი ამ თემაზე შეგვეძლო აქ დაგვემთავრებინა, რომ არა ისეთი საკმაოდ გავრცელებული მოვლენა, როგორიც გახლავთ... პოლიტიკური ონანიზმი. ეს ტერმინი გულისხმობს პოლიტიკური პარტიის თუ ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ისეთ ქმედებას, თვითონ პარტიას ან პოლიტიკურ პირს, ვისაც (ან რასაც) არავითარი პირდაპირი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, საერთოდ, საღ აზრთან და მხოლოდ სხვისი სახელის გატეხვის ხარჯზე სიამოვნების მიღებას ემსახურება. ამგვარი „პოლიტიკური მოღვაწეობის“ კლასიკური ნიმუშია, მაგალითად, „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“ შალვა ნათელაშვილის მეთაურობით - თვითონ ღირებულს არაფერს ქმნის, სამაგიეროდ, უხვად ქმნის სიცრუეზე და ჭორებზე დაფუძნებულ კომპრომატებს მოწინააღმდეგეზე.
რაც შეეხება კერძო პირებს, მოდი, ჯერ ყველასათვის კარგად ცნობილ პოეტს, მწერალს, მსახიობს, თამადასა და მოცეკვავეს მოვუსმინოთ:
„რატომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩანაწერებში ნაჩვენები ქალბატონების საქციელი ამორალურია?! არ მინახავს და არც მაინტერესებს, ვინ იყო იმ კადრებში, მაგრამ ამბობენ, ქმრები და შვილები ჰყავთ. ნუთუ ასეთი უზნეო საქციელი ეკადრებათ ქართველ ქალებს?“ - ამბობს ბატონი გივი სიხარულიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ნამდვილად ხელი-ხელ საგოგმანები განცხადებაა, მაგრამ თვითონ ბატონი გივი რომ ორმოც წელიწადზე მეტია შინ და გარეთ იმას ტრაბახობს, მაპატიეთ, მოკრძალებით აღნიშნავს, ჩემს ახლო-მახლო „მოუხვნელი“ ერთი ქალიც არ დამიტოვებიაო!? ის პატიოსანი ქალები რა, ციდან ჩამოფრინდნენ, გივის ლოგინში ჩაუწვნენ და მერე ისევ ცად ამაღლდნენ? თუ ვინც გივის მისცა, ზნეობის და მორალის განსახიერებაა, ვინც სხვას - უზნეო და ამორალურია და, საერთოდ, „ასეთი უზნეო საქციელი ქართველ ქალებს არ ეკადრებათ“. ეს გახლავთ სწორედ პოლიტიკური ონანიზმის ნიმუში, ოღონდ უბოროტო და გულუბრყვილო.
შედარებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ნაცმოძრაობის დაკრულზე მოგოგმანე ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი „ლიდერის“, ნინო ქაცარავას განცხადება: ,,ქართული ოცნება“ იშლება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იდეოლოგია, მათ არ აერთიანებთ საერთო იდეა, გარდა ბოღმისა და ნგრევისა, მათი მიზანია ფული და მხოლოდ ფული.... თუ შემეკამათებით, მაშინ ნათელ მაგალითს მოგიყვანთ: რატომ არ დაიშალა ,,ნაციონალური მოძრაობა"? რადგან ის ,,ქართული ოცნების" ანტიპოდია, მიუხედავად დაკავებისა, დაშინებისა, მუქარისა, გადაბირებისა და დარბევებისა არ შეშინდნენ და პირიქით გაძლიერდნენ კიდეც... რატომ? იმიტომ რომ ამ პარტიას აერთიანებს არა ფული, არამედ საქართველოს ინტერესები...“
ერთი მხრივ, ეს არის ყოვლად ჩვეულებრივი მაღალფარდოვანი სისულელე; მეორე მხრივ, ეს გახლავთ პოლიტიკური ონანიზმის კლასიკური ნიმუში, პათოლოგიური მასტურბაციის ტრადიციულ, ჯანსაღ სექსად გასაღების მცდელობა. თანაც, ეს არის არა ამ მართლაც მშვენიერი გოგონას ნააზრევი, არამედ ბაქრაძე-ბოკერია-ბობოხიძის და სხვათა უკვე მრავალჯერ გამეორებული სენტენციების ძალიან უნიჭო გადამღერება, ონანიზმის ნაცური ნაირსახეობა - მასტურბაცია სხვისი ხელით და სხვისი ეროტიკული „ზონების“ გამოყენებით.
ვინაიდან მშვენიერმა უვიცმა გოგონამ, შესაძლოა, ნაცმოძრაობის დღემდე არსებობის ნამდვილი მიზეზი მართლაც არ იცოდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, დღემდე არსებობს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის პოლიტიკიდან ანუ ხელისუფლებიდან სრული ჩამოშორების შემთხვევაში, მას ფიზიკური განადგურება ელის.
სწორედ ამ ყოვლისმომცველ შიშს უკავშირდება ნაცმოძრაობის „ლიდერთა“ ბაზაზე ახალი არაფრის მთქმელი და არაფრის მაქნისი პოლიტიკური სუბიექტის, „გირჩის“ გამოჩენა. მისი ერთადერთი მიზანი უბირი ქართველი მოქალაქეების ნაცმოძრაობის უკვდავებაში დარწმუნებაა.
ბილწი პოლიტიკური ონანიზმის ნიმუში გახლდათ შარშან წლის ბოლოს აგორებული სკანდალი ბიძინა ივანიშვილის მითიური „პირველი ცოლისა“ და ივანიშვილის ქონებიდან მის მიერ მისაღები წილების თაობაზე. იგი, დღევანდელი ხელისუფლების „უნიათობის“ მსგავსად, თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის და ეს მისმა შემოქმედებმაც კარგად იცოდნენ. ამიტომ საჭირო გახდა სასწრაფოდ ახალი სკანდალის აგორება და ისიც გამოჩნდა - ყოვლად უცოდველი ხე, რომელიც დაუნდობელმა ივანიშვილმა მშობლიურ ტყეს ბარბაროსულად მოწყვიტა და შეკვეთილის ელიტურ დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა! არავითარი მინიშნებაც კი ნარგავების მთელ ლეგიონებზე, რაშიც „ბუნების მტერმა“ ბიძინა ივანიშვილმა მილიონები გადაიხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოიტანა და იმავე დენდროლოგიურ პარკში მიუჩინა ბინა.
ხვალ ეს სკანდალიც უსახელოდ ჩაინავლება, მაგრამ გამოჩნდება პარლამენტში განსახილველი რომელიმე კანონპროექტი, რომელიმე თანამდებობის პირის მენიუ, ვიღაცის ფუნჯი ვიღაცის როიალში, ვიღაცის ჭრელი საცვლები...
სწორედ ამისთვის არსებობს პოლიტიკური ბრძოლების ბილწი მეთოდი - პოლიტიკური ონანიზმი.
https://www.facebook.com/koridzet/posts/693...459965015675434