„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა: ქართული უწყების წინასწარი ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი აზერბაიჯანი გახდა – ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2015 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში გატანილი იქნა 542 მილიონი დოლარი და შესაბამისად, ქართულ საინვესტიციო პორტფელში 40%-იანი მოცულობით, აზერბაიჯანმა პირველი ადგილი დაიკავა. წინა მონაცემებს თუ შევადარებთ (303 მილიონი დოლარი – 2014 წელს), ეს ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში დიდი რაოდენობით კაპიტალი გაედინება“, – წერს მკვლევარი აჰმედ ალილი აზერბაიჯანულ გამოცემა «Эхо»-ში. იგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი მეწარმეები და ბიზნესმენები ყოველთვის აქტიურად აბანდებდნენ კაპიტალსა და ინვესტიციებს მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებული კრიზისის ფონზე ეს ფენომენი საინტერესო ხდება და შესწავლას მოითხოვს“.
მკვლევარის ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ინტერვიუებიც კი ქვეყნდება იმის შესახებ, თუ რატომ წყვეტენ ისინი ბიზნესსაქმიანობას აზერბაიჯანში და რატომ იწყებენ საქართველოში მაშინ, როცა თვით აზერბაიჯანი ფინანსური კაპიტალისა და რესურსების ნაკლებობას განიცდის.
რით შეიძლება აიხსნას ინვესტიციების გადინება აზერბაიჯანიდან საქართველოში?
ავტორი აანალიზებს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას ფინანსების მიზიდვისა და კაპიტალის დაბანდება-ინვესტირების სფეროში აშშ-ის მაგალითზე: დელავერის შტატის ხელისუფლებამ ბევრი კანონი მიიღო ბიზნესის წარმოების სფეროში – გაამარტივა კანონმდებლობა, მოახდინა ბიზნესის დერეგულირება, შეამცირა გადასახადები სხვა შტატებიდან ბიზნესმენების მიზიდვის მიზნით. ეკონომიკურ წრეებში ეს მოქმედება ცნობილია ტერმინით „დელავერის ეფექტი“, რომელიც ერთგვარ კონკურენციას ასახავს შტატებს შორის – ვინ უფრო მეტ უკეთეს პირობებს შეუქმნის ბიზნესს და შესაბამისად, ვინ მიიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციებს.
რადგანაც საქართველო და აზერბაიჯანი ორივე ერთ რეგიონში მდებარეობს, ისინი ერთმანეთისათვის ბუნებრივ კონკურენტებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, აჰმედ ალილი ასკვნის, რომ ბიზნესისათვის საქართველოში უფრო კარგი პირობებია შექმნილი, კონკურენციის პროცესი იქ უფრო აქტიურად და სამართლებრივად მიმდინარეობს. „აშკარაა, რომ ამ „ორთაბრძოლაში“ საქართველო იგებს. მაგრამ უფრო საწყენია ის ფაქტი, რომ ჩვენი მეზობელი ინვესტიციებს არამარტო კავკასიის რეგიონის ფარგლებს გარედან იზიდავს, არამედ თვით აზერბაიჯანიდან, სადაც მანათის მკვეთრი დევალვაცია მოხდა, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცა და საერთოდ, ქვეყანა ნაკლებმიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის“, – აღნიშნავს მკვლევარი.
ავტორი პუბლიკაციაში ეხება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასაც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
http://qartuliarkhi.ge/%D1%8D%D1%85%D0%BE-...83%90%E1%83%91/