1995 წელს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთი ღირშესანიშნავი და უჩვეულო ამბავი მოხდა: მარჯანიშვილის მოედანზე გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი „ბაბილონი“, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე ჩართული იყო პროფანულ ღონისძიებებში, მაგალითად, 1991 წელს ილია II-მ, იმ დროს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, გახსნა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში, სუპერმარკეტის კურთხევამ იმ დროს ჯერ კიდევ ცალსახად სეკულარულ საქართველოში უხერხული ასოციაციები აღძრა სახარებაწაკითხულ ადამიანებში, რომლებსაც იერუსალიმის ტაძრის ტერიტორიიდან ქრისტეს მიერ მოვაჭრეების გამორეკვა გაახსენდათ. რამდენიმე წელიწადში, სახელმწიფოსგან დაუბეგრავი და საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფი ეკლესია თავად იწყებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღაზიათა ქსელების აგებას. საპატრიარქო დროის უმოკლეს ვადაში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და კაპიტალისტი გახდა.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ კაპიტალიზმისა და მართლმადიდებლობის თანამედროვე ვერსიის დაბადება ერთდროულად მოხდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, როდესაც „პერესტროიკის“ პოლიტიკის სახელით სოციალისტური და ათესიტური სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ნებართვით, 1987 წელს, რელიგიური და საბაზრო-სავაჭრო თავისუფლების პირველი ნიშნები გამოჩნდა. შეიძლება არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ამ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყველაზე ცნობილი ქართველი ბანკირი – ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, თუმცა არა როგორც ბანკირი, არამედ როგორც პოეტი და ეროვნული მოღვაწე. საქართველო, რომელმაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვერ მოასწრო კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლა, ფეოდალიზმიდან პირდაპირ სოციალისტურ წყობილებაში აღმოჩნდა და ამ წყობილების ნგრევის ფაზაში შეუდგა ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის გამოგონებას. სწორედ ამ ახალი ეპოქის ჩასახვის მომენტში მოხდა მუტაცია: კაპიტალიზმი შეერწყა მართლმადიდებლობას, ხოლო მართლმადიდებლობა ეროვნულობასთან გაიგივდა და ეთნიკურობასთან, ანუ „გენეტიკურ“ ერთობასთან ერთად, ახალი ეროვნული თვითშეგნების მთავარ ფაქტორად იქცა.
ის, რაც მართლმადიდებლობის ფასადისა და ცერემონიების მიღმა იმალება – ესაა კაპიტალიზმი, რომელიც მართლმადიდებლობის და, შესაბამისად, ქართული ეროვნული თვითშეგნების ერთგვარი არაცნობიერია. ცნობიერი ნაწილი, ანუ რაც გარედან ჩანს, წმინდანების ხატებით და ეროვნული გმირების პორტრეტებითაა შემოსილი, პათეტიკური და ლამის ლიტურგიული რიტორიკაა, რომლის მეშვეობითაც, ეროვნულ-მართლმადიდებლური ცნობიერი საკუთარ თავს გამოსახავს. ის, რაც ამ „ამაღლებული“ სპექტაკლის კულისებში თამაშდება და რომლის გამოსახვას და დეკლარირებასაც ეროვნულ-მართლმადიდებლური ცნობიერი ერიდება და მალავს, არის კაპიტალიზმის ქართული ნაირსახეობა, თავისი ექსპლუატატორებითა და ექსპლუატირებულებით, მოგებითა და წაგებით, სიმდიდრითა და სიღატაკით და, რაც მთავარია, დაუოკებელი ჟინით გამდიდრებისა და მოხვეჭისაკენ, რომელიც არანაირ დაოკებას არ ექვემდებარება. კაპიტალიზმის ეს ქართული ვერსია, რომელიც, როგორც მისი დასავლური პროტოტიპი პროტესტანტული ეთიკიდან კი არ ამოიზარდა (როგორც ეს ვებერისგან მომავალ ტრადიციაშია), არამედ მისი უშუალო წინამორბედი საბჭოთა ყაიდის კორუფცია და კორუმპირებული მორალი იყო.
კორუფცია გვიანდელი (სტალინის შემდგომი) ხანის საბჭოთა საქართველოში არა თუ არ ყოფილა დასაძრახი და საზოგადოებრივ მორალთან შეუთავსებელი, არამედ პირიქით, რაც უფრო მეტად კორუმპირებული და, შესაბამისად, მდიდარი იყო ადამიანი, მით უფრო მაღალი და საპატიო ადგილი ეკავა საზოგადოებრივ იერარქიებში. სწორედ კორუმპირებული ადამიანები წარმოადგენდნენ საზოგადოების ელიტას, სოციალურადაც და მატერიალურადაც პრივილეგირებულ ფენას. „უბრალო“ ხალხი კი მათ სახელებს იცნობდა, მათ ბაძავდა, მათი მდგომარეობისაკენ ისწრაფოდა. არაკორუმპირებულობას და „პატიოსნებას“ დამაკნინებელი შინაარსები მიეცა: პატიოსანი, ე.ი. უუნარო, ბრიყვი, არაფრისმაქნისი… „მატერიალიზმმა“ – მატერიალურ ღირებულებათა პრიმატმა საბჭოთა კავშირში არა ტერორითა და იდეოლოგიური ზეწოლით, არამედ კორუფციით გაიმარჯვა. კორუფციამ საბჭოთა კავშირში იდეოლოგიური ფანატიზმი და მისი ტირანია შეცვალა. ხელისუფლების ყველა შტოს ტოტალური კორუმპირებულობით კორუფცია ძალაუფლებასთან და კეთილდღეობასთან გაიგივდა. ამან საბჭოთა საზოგადოება არა მხოლოდ მორალურად გადააგვარა, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძვლები დაუნგრია, რაც ბოლოს მთელი სისტემის კრახით დამთავრდა.
სტატიას სრულად აქ შეგიძლიათ გაეცნოთ:
http://emc.org.ge/2016/04/04/g-maisuradze-forumi/